საქართველოში პირველად 4 წლის ბავშვს ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა | Allnews.Ge

საქართველოში პირველად 4 წლის ბავშვს ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა

საქართველოსა და ამიერკავკასიაში პირველად, ღვიძლის ცოცხალი დონორისგან გადანერგვის პედიატრიული ოპერაცია ჩატარდა.

4 წლის პაციენტს, რომელსაც ღვიძლის ბილიარული ციროზი ჰქონდა განვითარებული, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას ექიმების რამდენიმე ბრიგადა ქირურგ კობა შანავას ხელმძღვანელობით 6 საათის განმავლობაში უტარებდა. საბოლოოდ, პროცედურა წარმატებით დასრულდა, პაციენტი კი ამჟამად რეაბილიტაციის კურსს გადის.

"ავერსის" კლინიკის ჰეპატო-პანკრეატ-ბილიარული ქირურგიის და ტრანსპლანტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კობა შანავას ამბობს, რომ საქართველოში ეს ღვიძლის გადანერგვის პირველი შემთხვევა არ ყოფილა, თუმცა პირველად, წარმატებით ჩატარდა ღვიძლის გადანერგვის პედიატრიული ოპერაცია:

"ბავშვი დაიბადა სანაღვლე გზების ატრეზიით. აქედან გამომდინარე მას თავიდანვე ჩაუტარდა ოპერაცია, რომლის დროსაც ღვიძლს მიეკერა ნაწლავი, 4 წლის განმავლობაში ამ ოპერაციამ გაამართლა და ბავშვმა იცოცხლა, თუმცა საბოლოო ჯამში მას მაინც განუვითარდა ბილიარული ციროზი. ეს უმძიმესი დაავადებაა, რომლის ბოლო ეტაპზეც პაციენტი იღუპება. ღვიძლის ციროზს კიდევ თავისი გართულებები აქვს, აქედან გამომდინარე ბავშვს უკვე კრიტიკული ვითარება ჰქონდა, ოპერაციამდე რეანიმაციაში რამდენჯერმე სისხლდენით მოხვდა, ყველა შემთხვევაში გადარჩა. მას სასწრაფოდ სჭირდებოდა ღვიძლს გადანერგვა.

ამისთვის დაახლოებით 20 დღის განმავლობაში ვემზადებოდით, მოვძებნეთ დონორი, რომელიც ამ შემთხვევაში მამა აღმოჩნდა. დონორთან მიმართებაში, რომელიც აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანია, დაუშვებელია, მას რამე გართულება მოჰყვეს, ამიტომაც არის ეს ძალიან რთულად ჩასატარებელი ოპერაცია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გათვლილია, გართულების რისკი მაინც რჩება. სწორედ ამიტომ დავიწყეთ ყველაფრის შესწავლა და ღვიძლისა და სისხლძარღვების ანატომიიდან ყველა წერტილი შევისწავლეთ, შემდეგ მოხდა დონორისგან ღვიძლის პატარა წილის მოკვეთა და პაციენტისთვის გადანერგვა, რამაც წარმატებით ჩაიარა", - განმარტავს კობა შანავა.

როგორც ექიმი განმარტავს, პაციენტი ამჟამად რეაბილიტაციის კურსს გადის და თავს კარგად გრძნობს, მას უკვე ჯანმრთელი ღვიძლი აქვს:

"ანალიზები მოწმობს, რომ მას ჯანმრთელი, დაუზიანებელი ღვიძლი აქვს. ოპერაციის შემდეგ ყველა პარამეტრმა ნორმისკენ სვლა დაიწყო სვლა და ნელ-ნელა ყოველდღიურად უმჯობესდება. ამ ეტაპზე ბავშვი დაავადებული აღარ არის. გადანერგვის შემდეგ რეციპიენტის ორგანიზმი ყოველთვის იბრძვის, რომ უცხო სხეული მოიცილოს, ეს რომ არ მოხდეს, ჩვენ რეციპიენტის იმუნური სისტემის დათრგუნვას ხელოვნურად ვიწყებთ, აქედან გამომდინარე, გარკვეული გართულებები ამ პროცესს შეიძლება ახლდეს. მისთვის ნებისმიერი გრიპის ვირუსიც შეიძლება ძალიან პრობლემური იყოს, როცა ნებისმიერ ადამიანს შეიძლება გრიპმა ძალიან სწრაფად გაუაროს. მისი ორგანიზმი ძალიან სენსიტიურია, მოვლა და გარფთხილება სჭირდება, მას მთელი ცხოვრების განმავლობაში ექიმის კონტროლი ესაჭიროება, თუმცა ცოტა ხანში ფიზიკურ დატვირთვაზე მიეცემა ნება და შეუძლია, სპორტითაც დაკავდეს", - აღნიშნავს ექიმი Allnews.ge-სთან საუბარში.

ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას კობა შანავა კოლეგებთან ერთად უკვე წლებია გეგმავს, რისთვისაც მედიკოსებმა ტრენინგები სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილ ექიმებთან გაიარეს, - "ჩვენ რამდენიმე წელია, ტრენინგებს ევროპის სხვადსხვა ქვეყანაში, მაგალითად, საფრანგეთში გავდივართ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ღვიძლის ცოცხალი დონორისგან გადანერგვის ოპერაციები ყველაზე ხშორად სამხრეთ კორეაში ტარდება. ამ მიმართულებით ცოდნა სეულის საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიღეთ, შემდეგ დავბრუნდით საქართველოში და დავიწყეთ ღვიძლის გადანერგვის პროცედურების განხორციელება," - განმარტავს ექიმი.

როგორც კობა შანავა Allnews.ge-სთან საუბარში განმარტავს, ღვიძლის გადანერგვის მიმართულებით საქართველოში ახალგაზრდა ექიმების მომზადება დაწყებულია, რადგან ჩვენს ქვეყანაში ეს მიმართულება აქტიურად ვითარდება.

myquiz