როდის შეწყდება თოვა და მოსალოდნელია თუ არა ყინვა? - წაიკითხეთ სინოპტიკოსების პროგნოზი | Allnews.Ge

როდის შეწყდება თოვა და მოსალოდნელია თუ არა ყინვა? - წაიკითხეთ სინოპტიკოსების პროგნოზი

საქართველოში თოვა 8 დეკემბერს დღის ბოლომდე და ღამით შენარჩუნდება, - ამის შესახებ Allnews.ge-ს არემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.

სინოპტიკოსის ინფორმაციით, თოვლისა და თოვლჭყაპის ინტენსივობა 8 დეკემბერს საღამოს შესუსტდება, 9 დეკემბერს კი საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, - "ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 10-15 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი 5-10 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 9 დეკემბერს თბილისში უნალექო ამინდი იქნება და ჰაერი 7 გრადუსამდე გათბება"

10 დეკემბერს ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს.
სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 12-17 გრადუსამდე სითბოა მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამის საათებში მოსალოდნელია მცირე თოვლი, თუმცა დედაქალაქში უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ჰაერი კი 8 გრადუსამდე გათბება.

"რაც შეეხება 11 დეკემბერს, დღის საათებში დასავლეთ საქართველოს ყველა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ეს იქნება ამინდის ერთდღიანი, ხანმოკლე გაუარესება, რადგან 12 დეკემბრიდან ისევ გამოიდარებს, თუმცა აღმოსავლეთთან შედარებით, დასავლეთ საქართველოში უფრო დათბება, რადგან აღმოსავლეთში შედარებით ნისლიანი და ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი", - აღნიშნავს სვეტლანა ნიორაძე.

სინოპტიკოსის განმარტებით, მომდევნო დღეებში ძლიერი ყინვა მოსალოდნელი არ არის, დღეს ღამით კი ზოგან -3 გრადუსი ყინვა დაფიქსირდება, - "თბილისში შედარებით დადებითი ტემპერატურა იქნება და 3 გრადუსია მოსალოდნელი, 10 დეკემბერს 0 გრადუსი, 11 დეკემბერს კი დედაქალაქში -2 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა. მთასა და მაღალ მთაში ღამის საათებში, რა თქმა უნდა, ყინვაა მოსალოდნელი".

myquiz