მართვის მოწმობა ბოლო ორ თვეში 13 000-მდე მძღოლმა შეცვალა - ვინ უნდა გამოცვალოს დოკუმენტი 1-ელ იანვრამდე? | Allnews.Ge

მართვის მოწმობა ბოლო ორ თვეში 13 000-მდე მძღოლმა შეცვალა - ვინ უნდა გამოცვალოს დოკუმენტი 1-ელ იანვრამდე?

2017 წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში, მართვის მოწმობა 12 903 მოქალაქემ შეცვალა - ამის შესახებ Allnews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

შეგახსენებთ, რომ 2006 წლის 1 აპრილამდე აღებულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2018 წლის 1-ელ იანვარს ეკარგება, შესაბამისად, მისმა მფლობელემა დოკუმენტი უნდა შეცვალონ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, თუ A, B, BE, T, S, A1 და B1 კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობა 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე აიღეთ, მას მოქმედების იურიდიული ძალა 2028 წლის 1 სექტემბრამდე შეუნარჩუნდება, შემდეგ კი განახლება მოგიწევთ.

ხოლო 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე გაცემულ C, CE, D, DE, C1,E D1 და D1E კატეგორიების , (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს ძალა 2018 წლის 1 სექტემბრამდე შეუნარჩუნდებათ.

2014 წლიდან დაბეჭდილ მართვის მოწმობებში კი მოქმედების კონკრეტული ვადა იწერება, რომლის ამოწურვის შემდეგ დოკუმენტი უნდა განაახლოთ.

მართვის მოწმობის განახლებისთვის გამოცდის ხელახლა ჩაბარება არ გესაჭიროებათ,ამისთვის მხოლოდ 15 ლარის გადახდა და ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოთ. 15 ლარს როგორც ავტომატური, ისე მექანიკური სიჩქარის გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მართვის უფლების განახლებისთვის იხდით.

მომსახურების სააგენტოში ასევე განმარტავენ, რომ მისი მოქმედების ვადის გასვლამდე მართვის მოწმობის შეცვლა სავალდებულო არ არის , ხოლო ახალი მოწმობის აღების ან/და შეცვლის შემთხვევაში დღეს არსებული ღირებულება უცვლელი დარჩება.

ფოტოს ავტორი: მევლუდ მელაძე

myquiz