უნდა იყიდებოდეს თუ არა "ხლაპუშკები" მცირეწლოვნებზე და რამდენად საშიშია იგი ბავშვებისთვის | Allnews.Ge

უნდა იყიდებოდეს თუ არა "ხლაპუშკები" მცირეწლოვნებზე და რამდენად საშიშია იგი ბავშვებისთვის

სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად შეხვდებით ბავშვებს, რომლებიც მცირე ზომის საახალწლო მაშხალებს აფეთქებენ. პიროტექნიკის რეალიზაცია მაღაზიებში უკვე აქტიურად მიმდინარეობს. მათი მყიდველები კი ძირითადად, დაწყებითი კლასის მოსწავლეები არიან. მცირეწლოვნებს თავისუფლად შეუძლიათ განუსაზღვრელი რაოდენობის მცირე ზომის საახალწლო მაშხალების შეძენა

რამდენად უსაფრთხოა საახალწლო პიროტექნიკა, რომლის რეალიზაციაც საქართველოში ხდება და არსებობს თუ არა მათგან მცირეწლოვნების დაცვის მექანიზმები?

მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია "ეტიკის" პრეზიდენტის, ამირან შენგელიას განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საახალწლო მაშხალები სუსტი ძალის მქონე ასაფეთქებელი მოწყობილობებია, მათი რეალიზაცია მაინც რეგულირებადი უნდა იყოს.

"რამდენჯერ გსმენიათ, რომ მისი გამოყენების გამო ვიღაცამ თითი ან თვალი დაკარგა ან თუნდაც სხეულის რომელიმე ნაწილი დაიზიანა? ასეთი შემთხვევები ახალი წლის პერიოდში განსაკუთრებით გავრცელებულია, რადგან უხარისხო პიროტექნიკის შემოტანა და ზოგადად, მისი რეალიზაციის საკითხი არ რეგულირდება. მნიშვნელოვანია, რომ საახალწლო მაშხალები მათზე დატანებული ვადების მიხედვით გამოიყენებოდეს, რადგან ხშირად, წინა წლებში შემორჩენილი პროდუქციის რეალიზაცია ხდება, რაც როგორც წესი, უსაფრთხო არ არის. გვინახავს, თუ მაშხალა არ გაისვრის, მასში იყურებიან ხოლმე, რასაც სხეულის დაზიანება და უბედური შემთხვევები მოსდევს. მაგალითად, ზოგიერთ მაშხალას გამოყენების ვადა 2022-2023 წელიც კი აწერია, რაც რა თქმა უნდა, არ უნდა დავიჯეროთ, რადგან ეს უსაფრთხო პროდუქტი არ არის და უმჯობესია, იმავე წელს გამოშვებული პიროტექნიკა გამოვიყენოთ", - განმარტავს ამირან შენგელია.

შსს მოუწოდებს მოქალაქეებს პიროტექნიკის გამოყენებისას დაიცვან უსაფრთხოების წესები

"ეტიკის" პრეზიდენტის განმარტებით, პიროტექნიკის მცირეწლოვან ბავშვებზე რეალიზაციის საკითხი უნდა რეგულირდებოდეს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ეს საახალწლო მაშხალები პირდაპირ სკოლებისა და საბავშვო ბაღების მიმდებარედ იყიდება, - "პიროტექნიკა უნდა იყიდებოდეს მშობლებზე და არა ბავშვებზე. როდესაც ქუჩაში მოულოდნელად მაშხალას გვიფეთქებენ, ცხადია, გვეშინია და არ ვიცით, ამას რა შედეგი მოჰყება, ამიტომ ეს ყველაფერი ნებადართული არ უნდა იყოს. რადგანაც ასაფეთქებელ მოწყობილობებს მისი გამოყენების პირობები გააჩნია და ამას მცირეწლოვნები არ ითვალისწინებენ, სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი უნდა იყოს" - აღნიშნავს ამირან შენგელია.

მისივე თქმით, საქართველოში პიროტექნიკის იმპორტი ძირითადად, ჩინური ბაზრიდან ხდება, თუმცა მის ხარისხს არავინ ამოწმებს.

"არ მახსენდება შემთხვევა, რომ მისი უსაფრთხოება ან შემცველობა ლაბორატორიულად შემოწმებულიყო. სწორედ ამ პირობებში, პიროტექნიკის შეძენისას აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ, რომ მას გამოყენების პირობებისა და ვადების შესახებ ქართულად ეწეროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უმჯობესია, არ შეიძინოთ", - დასძენს "ეტიკის" პრეზიდენტი.

ამირან შენგელია ასევე აღნიშნავს, რომ უცხოეთში პიროტექნიკის რეალიზაციის საკითხი რეგულირებადია და მისი მიყიდვა ბავშვებზე როგორც წესი, მშობლის გარეშე არ ხდება.
"რთული სათქმელია, ის მოზარდმა რა ასაკიდან უნდა შეიძინოს, თუმცა ფაქტია, რომ ამას კანონი არ არეგულირებს და როდესაც მაღაზიაში ბავშვები მაშხალებს ყიდულობენ მათ ასაკის გამო შეზღუდვები არ უწესდებათ".

საქართველოში პიროტექნიკის რეალიზაციასთან არსებული საკანონმდებლო რეგულაციები რომ არ არსებობს, ამას იურისტი ლევან ალაფიშვილიც ადასტურებს. მისი განმარტებით, პიროტექნიკის რეალიზაციის კანონით დარეგულირება მაგალითად, თამბაქოსა და ალკოჰოლზე დაწესებული შეზღუდვების მსავსი იქნება, თუმცა ამისთვის პრაქტიკული მექანიზმის განხორციელება რთულია.

"სკოლების მიმდებარედ პიროტექნიკის რეალიზაციასთან დაკავშირებით რეგულაციები არ გვაქვს, რადგან პირადად მეც მინახავს, მაგალითად, საბურთალოს რაიონში არსებული სკოლების გვერდით საახალწლო მაშხალები როგორ იყიდება", - აღნიშნავს იურისიტი.

მიუხედავად ამისა, ლევან ალაფიშვილი ამ საკითხის საკნონმდებლო რეგულაციებით კონტროლს ეწინააღმდეგება, - "მე ვარ მომხრე, საზოგადოებას გარკვეული საკითხების მოსაწესრიგებლად კონტროლი საკანონმდებლო ჰქონდეს, ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს თვითკონტროლს, რადგან აკრძალვისთვის კანონის მიღება ყველაზე უკიდურეს ფორმად მიმაჩნია. იგივე თუნდაც თუ ალკოჰოლის ან თამბაქოს შემთხვევებს გავითვალისწინებთ, გვაქვს კანონი, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არასრულწლოვნებზე თამბაქოს რეალიზაცია არ ხდება?

ამ საკითხის მიმართ ყველგან უნივერსალური მიდგომა არ არსებობს და სხვადასხვანაირად რეგულირდება. პიროტექნიკის ბავშვებზე რეალიზაცია არა აკრძალული, არამედ კანონით რეგულირებადია, მაგალითად, გეოგრაფიული მდებარეობების მიხედვით და ა.შ".

აღსანიშნავია, რომ პიროტექნიკის გამოყენებისას უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით მოსახლეობას შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველ წელს აფრთხილებს, თუმცა, როგორც წესი, მაშხალების გამოყენებას სხეულის დაზიანება, განსაკუთრებით ბავშვებში მაინც მოსდევს ხოლმე.

myquiz