გიორგი გახარიამ აჰმედ ჩატაევის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა | Allnews.Ge

გიორგი გახარიამ აჰმედ ჩატაევის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა

საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას იმის შესახებ, საქართველოს გარდა, რომელ ქვეყნებში მიმდინარეობს გამოძიება გუშინ გამოვლენილ დანაშაულებრივ ჯგუფთან დაკავშირებით.

"იყო ნათქვამი და ნათქვამია, რომ გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ",- განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება იმას, შეგვიძლია თუ არა მომხდარს მივცეთ ტერორიზმის კვალიფიკაცია, შს მინისტრი აცხადებს, რომ "ეს იყო მცდელობა, კვალიფიკაციას დღეს ახორციელებს პროკურატურის შესაბამისი ორგანოები და უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას".

"ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს არის უკვე მშვიდად, წყნარად გამოძიებაზე მუშაობის დრო. არავის არ აქვს ინტერპრეტაციების გაკეთების უფლება დღეს. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვიმსჯელოთ ყველაფერზე, მაგრამ სანამ არ დასრულდება გამოძიება, სანამ არ დასრულდება ექსპერტიზების ის ეტაპები, რომელიც აუცილებელია, კონკრეტული მსჯელობისგან, ალბათ, სჯობს თავი შევიკავოთ. იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ შინაარსობრივად, უნდა დაველოდოთ გამოძიების და ექსპერტიზის დასრულებას",- განაცხადა გახარიამ.

კიდევ ერთხელ ვამბობ, უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და ექსპერტიზის დასრულებას, - ასე პასუხობს შს მინისტრი გიორგი გახარია კითხვას იმის შესახებ, გუშინდელი სპეცოპერაციისას დაღუპულთა შორის არის თუ არა აჰმედ ჩატაევი.

გახარიას თქმით, თავდაპირველად სპეცოპერაცია დაიწყო იქიდან გამომდინარე, რომ წინააღმდეგობა იყო გაწეული სამართალდამცველების მიმართ.

"შეიარაღებული წინააღმდეგობა იყო გაწეული და შესაბამისად, სამართალდამცველებმა დაიწყეს სპეცოპერაცია",- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მედიაში გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა შორის ერთ-ერთი შესაძლოა ახმედ ჩატაევი იყოს.

myquiz