მეზობლების ინფორმაციით, ბინა, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცზე იყო გაქირავებული | Allnews.Ge

მეზობლების ინფორმაციით, ბინა, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცზე იყო გაქირავებული

მეზობლების ინფორმაციით, ბინა, სადაც გუშინ სპეცოპერაცია ჩატარდა, რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცზე იყო გაქირავებული.

მათი თქმით, ამ ბიჭებთან მიმართებაში რაიმე საეჭვო არ შეუმჩნევიათ.

ასევე ისინი ამბობენ, რომ ამ ახალგაზრდა მამაკაცებთან ერთად მცირეწლოვანი ბავშვი ან ქალი არ უნახავთ. მეზობლების ინფორმაციით, სამართალდამცველები დაახლოებით ერთი კვირაა, რაც ამ საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ გამოჩნდნენ, თუმცა მათთვის უცნობი იყო რა მიზნით.

ასევე, მათთვის უცნობია, აღნიშნული მამაკაცების წარმომავლობაც და სასაუბრო ენაც.

მედიაში გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა შორის ერთ-ერთი შესაძლოა ახმედ ჩატაევი იყოს. თუმცა, მეზობლების თქმით, დაქირავებულ ბინაში მცხოვრებლები იყვნენ ახალგაზრდები, ატარებდნენ წვერს და "რაიმე ფიზიკური დაზიანებები, რითაც ახმედ ჩატაევისთვის შესაძლოა მიემსგავსებინათ, არ აღენიშნებოდათ".

მეზობლების თქმით, მათთვის უცნობია გუშინდელი სპეცოპერაციის შედეგად იმ პირების ლიკვიდაცია განხორციელდა, რომლებიც ბოლო პერიოდში აღნიშნულ ბინაში ცხოვრობდნენ, თუ დაღუპულები სხვები არიან.

გარდა ამისა, რამდენიმე ადგილობრივი იმაზეც საუბრობს, რომ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილები მამა და ორი შვილი არიან, თუმცა აღნიშნულის დადასტურება ოფიციალურ დონეზე ვერ ხერხდება.

იმ საცხოვრებელი კორპუსის მესამე სადარბაზო, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, მოსახლეობისგან ამ დრომდე ცარიელია. ამ სადარბაზოში მცხოვრებლები კორპუსის ეზოში იმყოფებიან და სამართალდამცველების ნებართვას ელოდებიან.

myquiz