ბოლო დეტალები სპეცოპერაციის ადგილიდან | Allnews.Ge

ბოლო დეტალები სპეცოპერაციის ადგილიდან

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე კვლავ სროლის ხმა ისმის. პერიმეტრზე სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზებაა. მათ შორის გაზრდილია სპეცრაზმელთა რაოდენობა. ადგილზე ასევე მოხდა სპეცტექნიკის შეყვანა.

ადგილობრივების ნაწილი აცხადებს, რომ სამართალდამცავებმა მცხოვრებლებს საცხოვრებელი კორპუსების დატოვებისკენ მოუწოდეს.

ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთი ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

უწყების ინფორმაციით, კონტრტერორისტული ოპერაცია სხვა პირების დასაკავებლად გრძელდება.

"წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და ისინი არიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრები.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რამდენიმე საათის განმავლობაში სპეცოპერაციის საწყის ეტაპზე აწარმოებდა მათთან მოლაპარაკებებს, ჩაბარების თაობაზე, რაზეც მათ უარი განაცხადეს. გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს. სროლის შედეგად უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი დაიჭრა", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

მისი თქმით, მიმდინარეობს აღნიშნული პირების იდენტიფიკაცია.

დაჭრილი სპეცრაზმელის მდგომარეობა კრიტიკულია, - ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ექიმ- რეანიმატოლოგმა კონსტანტინე მუმლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება.

"პაციენტი მოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემთხვევის ადგილიდან. შემოსვლისას მდგომარეობა იყო კრიტიკული, ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, ქალას სარქვლის ძვლების მრავლობითი მოტეხილობითა და დაზიანებით, სისხლდენით. პაციენტი შეყვანილი იქნა საოპერაციოში. ამჟამად მდგომარეობა კრიტიკული რჩება. მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება", - განაცხადა კონსტანტინე მუმლაძემ.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. მდგომარეობა რჩება მძიმე, კრიტიკული.

myquiz