უახლოეს დღეებში ყინვაა მოსალოდნელი - წაიკითხეთ სინოპტიკოსების პროგნოზი | Allnews.Ge

უახლოეს დღეებში ყინვაა მოსალოდნელი - წაიკითხეთ სინოპტიკოსების პროგნოზი

არამდგრადი ამინდი საქართველოს მასშტაბით, უახლოეს დღეებშიც შენარჩუნდება. როგორც Allnews.ge-ს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, 25 ნოემბრამდე ტემპერატურა ნელ-ნელა დაიკლებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის, სვეტლანა ნიორაძის განმარტებით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში დღეიდან კიდევ უფრო აცივდება, - "ხვალ დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით მოსალოდნელია 3-8 გრადუსი, როცა გუშინ მაგალითად, ბათუმში დაფიქსირდა 26 გრადუსი სითბო, შესაბამისად, რამდენიმე დღის ტემპერატურაში ამხელა განსხვავებაა. მთაში დაფიქსირდება -1 და +4, მაღალ მთაში დღისით -5", - აღნიშნავს სვეტლანა ნიორაძე.

სინოპტიკოსის განმარტებით, დღეს და ხვალ აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ტემპერატურა დღისით 4-9 გრადუსი, მთაში -3 +2, მაღალ მთაში -6, -1 იქნება, რაც შეეხება დედაქალაქს, ღამით უნალექო ტემპერატურა შენარჩუნდება, ხოლო დღისით მოსალოდნელია წვიმა და ქარი. ამასთან, ხვალ ღამით თბილისში მოსალოდნელია 0 გრადუსი.

სვეტლანა ნიორაძის თქმით, ნარჩუნდება ქარიც, თუმცა დღევანდელთან შედარებით ქარი შესუსტდება.

"ნალექი ზეგაც შენარჩუნდება. კერძოდ, 24 ნოემბერს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ნალექია მოსალოდნელი, უმეტესად თოვლის სახით. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ზოგან წვიმა, თოვლჭყაპი და სავარაუდოდ, თოვლიც. თბილისში დღისით ტემპერატურა ალბათ 2-7 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო ღამით -1 გრადუსი. ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში 3-8 გრადუსი. სიცივე და ყინვა იქნება განსაკუთრებით შიდა ქართლში, გორისა და აგარას მიდამოებში", - დასძენს ის.

სვეტლანა ნიორაძის თქმით, 25 ნოემბერსაც დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი, მაგრამ ნალექის ინტენსივობა უკვე შემცირდება, - "ზოგან ნალექი უმეტესად თოვლის სახით იქნება, ღამის ტემპერატურები დაიკლებს, უკვე ყინვებია მოსალოდნელი, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობსა და ბარში, მაღალ მთაშიც თავისთავად დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი," - დასძენს ის.

როგორც სვეტლანა ნიორაძე განმარტავს, 26 ნოემბრიდან გამოიდარებ, - "დღის ტემპერატურა ნელ-ნელა მოიმატებს, მაგრამ ღამით ჯერჯერობით ყინვა შენარჩუნდება, მაგრამ ისეთს არაფერს არ ველოდებით, რაც ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისს არ შეეფერება, ნოემბერი თითქმის ზამთრის თვეა" - დასძენს ის.

myquiz