გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციის გამო რამდენიმე კორპუსის შესასვლელი ბლოკირებულია - ბოლო დეტალები ადგილიდან | Allnews.Ge

გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციის გამო რამდენიმე კორპუსის შესასვლელი ბლოკირებულია - ბოლო დეტალები ადგილიდან

გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაცია დაახლოებით 13 საათია მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სამართალდამცველებს ბლოკირებული აქვთ რამდენიმე კორპუსის შესასვლელი.

არსებული ინფორმაციით, სპეცრაზმი ორი პირის აყვანას ცდილობს, რომლებიც ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში იმყოფებიან. ღამის 05:00 საათიდან მიმდინარეობდა შტურმი, რომელიც დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. შტურმის დროს ისმოდა ძლიერი აფეთქებებისა და სროლის ხმა. ამ დროისთვის უცნობია, თუ რა შედეგით დასრულდა შტურმი. შტურმამდე რამდენიმე წუთით ადრე კი კორპუსიდან, სადაც სუს-ი სპეცოპერაციას ატარებს, მოსახლეობა გამოიყვანეს.

სპეცოპერაციის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთი მანქანა შევიდა. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია სპეცდანიშნულების რაზმის ერთი წარმომადგენლის დაჭრის, ასევე ერთი პირის დაკავების შესახებ, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე ამ ეტაპზე არ დასტურდება.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას ატარებს. პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ამ დროისთვის ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებიან. სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" სუს-ში.

სპეცოპერაციის გამო, 97-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დღეს არ გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" განათლების სამინისტროში განუცხადეს, დღეს გაცდენილი საათები შაბათის ხარჯზე ანაზღაურდება.

myquiz