საქართველოში მესამე და მეოთხე სტადიის სიმსივნის მკურნალობა უკვე შესაძლებელია | Allnews.Ge

საქართველოში მესამე და მეოთხე სტადიის სიმსივნის მკურნალობა უკვე შესაძლებელია

უახლესი თაობის რადიოქირურგიული სისტემა EDGE-ით მკურნალობა ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს უკვე საქართველოშიც შეუძლიათ. სისტემის მთავარი უპირატესობა კონკრეტულად დაავადებული ადგილის დასხივებასა და მიმდებარე ქსოვილების მაქსიმალურ დაცვაში მდგომარეობს.

კონკრეტულად, რა შესაძლებლობები აქვს აღნიშნულ აპარატს და კიდევ რა დამატებითი მეთოდებით მკურნალობენ ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ამის შესახებ Allnews.ge-ს კლინიკის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნატალია ჯანყარაშვილი ესაუბრა.

კონკრეტულად, როგორია ინსტიტუტში არსებული თანამედროვე სისტემებით მკურნალობის მეთოდი?

- ჩვენს დეპარტამენტში დამონტაჟებულია სამი წრფივი ამაჩქარებელი, რომლებიც განკუთვნილია იმისთვის, რომ ძირითადად, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს სხივური თერაპია ჩაუტარდეთ. არის გარკვეული შემთხვევები, როდესაც მათი მეშვეობით მკურნალობა კეთილთვისებიანი დაავადებების დროსაც რეკომენდებულია, თუმცა ხშირად ავთვისებიან დაავადებებს ვმკურნალობთ. აღნიშნული ტექნოლოგიების განვითარების მეშვეობით სიმსივნურ წარმონაქმნზე დამიზნება უფრო ზუსტად არის შესაძლებელი და ამავდროულად შესაძლებელია მაქსიმალური დაცვა სიმსივნური ქსოვილის ირგვლივ მდებარე ჯანმრთელი ორგანოებისა და ქსოვილების. ამ ყველაფერის საშუალებით შესაძლებელია, უშუალოდ სიმსივნურ წარმონაქმნზე სამკურნალო დოზის მაქსიმალური გაზრდა, რაც განაპირობებს გვერდითი მოვლენების რისკის და ხარისხის შემცირებას. აღნიშნულიდან გამომდინარე გვაქვს კარგი შედეგები და ნაკლები გვერდითი მოვლენა.

რამდენი ხანია, პაციენტებს აღნიშნული აპარატურით მკურნალობთ?

- რადიაცული ონკოლოგიის დეპარტამენტში VATIAN-ის ფირმის ასეთი ორი აპარატი (TRUEBEAM) 2014 წლიდან არის დამონტაჟებული, რაც შეეხება ბოლო აპარატს, კერძოდ, EDGE-ს, რაც უშუალოდ რადიოქირურგიისთვის არის განკუთვნილი, ეს არის ბოლო სიტყვა რადიოქირურგიაში. EDGE ჩვენ 2016 წელს შევიძინეთ და 2017 წლიდან უკვე აღნიშნული აპარატით მკურნალობას ვახორციელებთ. ყოველდღიურად, საშუალოდ, სამივე აპარატზე სხივურ თერაპიას დაახლოებით 150 პაციენტი იტარებს.

საქართველოში ყოველწლიურად სიმსივნის 10 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება

სხივური თერაპია სიმსივნური დაავადების მკურნალობის ერთ-ერთი წამყვანი მეთოდია. ის მკურნალობის სხვა მეთოდებს არ ანაცვლებს, მათ ავსებს საბოლოო კეთილსაიმედო მიზნის მისაღწევად. ონკოლოგიურ დაავადებებს ვმკურნალობთ ქირურგიით, ქიმიოთერაპიიით, სხივური თერაპიით, იმუნოთერაპიითა და სამიზნე თერაპიით. ეს არის ძირითადი კომპონენტები, რასაც ვიყენებთ. ყველაზე ხშირად პაციენტებში გვჭირდება თითქმის ყველა კომპონენტის კომბინაცია.

რა ძირითადი ფაქტორები იწვევს სიმსივნურ დაავადებებს

რამდენად შესაძლებელია, აღნიშნული აპარატურით მე-3 და მე-4 სტადიის სიმსივნური დაავადებების მკურნალობა?

- მე-4 სტადიის სიმსივნის განკურნებაზე არ არის საუბარი, აქ საქმე ეხება მკურნალობას. ჩვენ უკვე ვიცით, რომ მე-4 სტადიის სიმსივნის არსებობის შემთხვევაში დაავადება უკვე გავრცელებულია სისტემურად. ასეთ შემთხვევაში, ძველი სხივური თერაპიის შესაძლებლობებით გარკვეული შემთხვევებისთვის დახმარების გაწევა შეგვეძლო, ზოგიერთისთის კი ვერა, იმიტომ რომ მაშინდელ ტექნოლოგიებს ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა. თანამედროვე შესაძლებლობებით კი ახალი სხივური თერაპიის აპარატებით შეგვიძლია, თითქმის ყველა შემთხვევაში, მეოთხე სტადიის ავთვისებიანი დაავადების მკურნალობაში დიდი როლი შევიტანოთ. მაგალითად, ფილტვის კიბოს დროს, როდესაც თავის ტვინში მრავლობითი ერთი ან რამდენიმე მეტასტაზია, არა მთელი თავის ტვინის, არამედ რიგ შემთხვევებში რადიოქირურგიიs მეშვეობით, უშუალოდ მეტასტაზური წარმონაქმნის ერთჯერადი, მაღალი დოზით დასხივება და ამ დროს ტვინის დანარჩენი ქსოვილის დაცვაა შესაძლებელი.

ძველ შემთხვევაში, თავის ტვინში ერთი ან ორი მეტასტაზი იყო თუ მრავლობითი, როდესაც პაციენტს რადიოქირურგია სჭირდებოდა, შეიძლებოდა ეს პროცედურა ვერ გაგვეკეთებინა და მთელი თავის ტვინი დაგვესხივებინა, რაც თავის მხრივ ზოგიერთ შედარებით კეთილსაიმედო პროგნოზის მქონე პაციენტებში შესაძლოა, გამხდარიყო მეხსიერების მოშლის მიზეზი. ახლა უკვე შეგვიძლია, მხოლოდ მეტასტაზური წარმონაქმნი თავის ტვინში, ძვალში, თირკმელზედა ჯირკვალში ან სხვა ორგანოებში ჩვენების მიხედვით დავასხივოთ. რაც უფრო არ დააზიანებ ჯანმრთელ ქსოვილს, პაციენტის მდგომარეობა რაღაც გართულების გამო არ გაუარესდება და პირიქით, როდესაც კონკრეტულ უბანს უმკურნალებ და შემდეგ ის ალაგებას დაიწყებს დადებითი დინამიკისკენ წავა.

აღნიშნული ტექნოლოგიით ბოლო სტადიის სიმსივნური დაავადების მქონე პაციენტისთვის მკურნალობის შედეგები როგორია?

- 2017 წლიდან ჩვენ რადიოქირურგიით უკვე, ყველა ზომის მეტასტაზური დაზიანების მკურნალობა შეგვიძლია. რადიოქირურგიას მანამდეც ვაკეთებდით, თუმცა 2-3 მილიმეტრიან წარმონაქმნზე არ შეგვეძლო, ახლა კი ასეთ ზომებზე პროცედურებს EDGE-ს მეშვეობით ვანხორციელებთ.

რა თქმა უნდა, გვაქვს შედეგები. როგორც წესი, დასხივებული უბნის პროგრესირება არ მიმდინარეობს, გვაქვს დადებითი დინამიკა, რაც ყველაზე კარგ შემთხვევაში იმით გამოიხატება, რომ მეტასტაზური დაზიანება სრულად ქრება ან ზომაში გარკვეულწილად მცირდება, ჩერდება და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მზარდი არ არის. რაც შეეხება პროგრესირებას, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რადგან ეს დაავადება არის მეოთხე სტადიაში, მაგრამ პროგრესირება, ამ დროს ახალი უბნის გაჩენაში გამოიხატება, რაც სისტემურ პრობლემას წარმოადგენს და ასეთ პროგრესირებაზე პასუხისმგებელია სისტემური მკურნალობა. სხივური თერაპია ებრძვის კონკრეტულ უბანს ლოკალურად და სისტემური კონტროლისთვის უკვე საჭიროა ქიმიოთერაპია ანუ სისტემური მკურნალობა ან იმუნოთერაპია.

სიმსივნური დაავადების მკურნალობის თვალსაზრისით, რომელ წარმატებულ ქვეყნებში გამოიყენება თქვენს კლინიკაში არსებული აპარატურა?

- საქართველოში თანამედროვე სხივური თერაპია პირველად 2009 წელს დაიწყო. ამ დროს ჩვენს ქვეყანაში არ არსებობდა კადრი, ვინც ამას აკეთებდა. ამიტომ გუნდი, რომელმაც ეს საქმე დავიწყეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანასა და აშშ-ს საუნივერსიტეტო კლინიკებში ვიყავით მივლინებული, სადაც ვისწავლეთ, შესაბამისი სერტიფიცირება გავიარეთ და დავბრუნდით ჩვენს ქვეყანაში, რომ მიღებული ცოდნა აქ გამოგვეყენებინა.

რამდენად ხელმისაწვდომია პაციენტებისთვის ასეთი ტიპის თანამედროვე სხივური თერაპიის ჩატარება?

- ზოგადად, სხივური თერაპია მკურნალობის ძალიან ძვირადღირებული მეთოდია, რადგან გარდა იმისა, რომ აპარატურა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ამას ვახორციელებთ ძვირი ღირს, პარალელურად, ტერიტორიაზე, სადაც მისი გამოყენება ხდება, სპეციალური ბუნკერებია მოწყობილი. როგორც ვიცით, ეს რადიაციული მკურნალობის მეთოდია, ამიტომ მას სჭირდება სპეციალური ბუნკერების აშენება, რაც ასევე ძალიან ძვირი ჯდება. საჭიროა მომუშავე გუნდის მუდმივი გადამზადება უცხოურ კლინიკებში, რათა ისეთივე წარმატებით განვახორციელოთ თანამედროვე სხივური თერაპია საქართველოში, როგორც ეს ხდება მსოფლიოს სხვა წამყვან კლინიკებში. შესაბამისად, ამ ტიპის მკურნალობა, საბოლოო ჯამში დაბალი ღირებულების არ გამოდის, თუმცა მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში სხივური თერაპია გაცილებით იაფია და ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის მეშვეობით, მინიმალური პაკეტი, რაც პაციენტს უფინანსდება, არის მკურნალობის ღირებულების 70%, ბევრ მათგანს კი 80%, 90% და 100%-იც უფინანსდება. ბევრი პაციენტი მკურნალობის თანხას საერთოდ არ იხდის ან უხდება მინიმალურის დამატება.

იყენებთ თუ არა სხივური თერაპიით მკურნალობისთვის განკუთვნილ სხვა ტიპის აპარატურას?

- 2016 წლიდან ჩვენს კლინიკაში უკვე შეგვიძლია, პაციენტებს ჩავუტაროთ ბრაქითერაპია, რაც კონტაქტურ სხივური თერაპიას გულისხმობს. დღეისათვის ჩვენს დეპარტამენტში ეს პროცედურები კანისა და გინეკოლოგიური პაციენტების ავთვისებიანი დაავადებების შემთხვევაში გამოიყენება. ზოგადად, ბრაქითერაპია გამოიყენება სხვადასხვა ლოკალიზაციის შემთხვევაში, მაგალითად, ეს არის ბრონქის, სწორი ნაწლავის, თავ-კისრის, პროსტატის და სხვა ლოკალიზაციაბის შემთხვევებში. ეტაპობრივად ვგეგმავთ ბრაქითერაპიის შესაძლებლობების სრულ მოცვას. ძალიან მალე ვგეგმავთ პროსტატის ბრაქითერაპიის დაწყებას, რის გამოც ამჟამად ჩვენი განყოფილების 3 წევრი იმყოფება პოლონეთში. მათი დაბრუნების შემდგომ უკვე შესაძლებელი იქნება პროსტატის ჯირკვლის ავთვისებიანი დაავადების მაღალდოზირებული ბრაქითერაპიით მკურნალობა.

myquiz