რამდენით დაჯარიმდებით ავტომობილით ბავშვის გადაყვანის წესების დარღვევისთვის? | Allnews.Ge

რამდენით დაჯარიმდებით ავტომობილით ბავშვის გადაყვანის წესების დარღვევისთვის?

2017 წლის 1 ივლისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით ავტომობილით ბავშვთა გადაყვანის წესების დარღვევისთვის 752 საჯარიმო ქვითარი გამოიწერა, - ასეთია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ Allnews.ge-სთვის მოწოდებული სტატისტიკური ინფორმაცია.

წლების წინ ხშირად დავინახავდით მცირეწლოვანი ბავშვები უფროსების კალთაში საჭესთან როგორ ისხდნენ, ახლა ასეთი შემთხვევები შედარებით ნაკლებია, თუმცა, პრობლემა დღემდე აქტუალურია.

რამდენად საგანგაშოა მოცემული სტატისტიკური მონაცემები?

"საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის განმარტებით, პრობლემა როგორც კანონმდებლობაში, ისე საზოგადოების ცნობიერებაშია. მისივე თქმით, 752 დარღვევის უმეტესი ნაწილი 12 წლამდე ბავშვთა წინა სავარძლით გადაყვანაზე მოდის, - "სავარაუდოდ, აქ ძირითადად, ამ დარღვევაზეა საუბარი. აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ამ შემთხვევაში კანონი ხელს არ გვიწყობს, რადგან დღევანდელი კანონმდებლობით ნებადართულია უკანა სავარძელზე ბავშვი კალთაში ჩავისვათ, იმ შემთხვევაში, თუ უფროსს ღვედი ექნება შეკრული, თუმცა ეს არაფერს ცვლის, რადგან შეჯახების დროს ბავშვი მაინც განწირულია. ამ შემთხვევაში მხოლოდ ის ჯარიმები, რაც ასეთ დარღვევებზე გამოიწერა, საკმარისი არ არის, რადგან რეალურად, ჯარიმები უნდა გამოიწეროს იმის გამო, რომ ეს ბავშვები სავარძლებით არ სარგებლობენ", - აღნიშნავს ეკა ლალიაშვილი.

რა წესები უნდა დავიცვათ ბავშვის ავტომობილით გადაადგილებისას

სპეციალისტის თქმით, "საქართველოს ალიანსმა უსაფრთხო გზებისთვის" ჩაატარა კვლევა, რათა დაედგინა, რამდენი მშობელი იცავს ავტომობილით ბავშვის გადაყვანის წესებს:

"კვლევას ვატარებდით საბავშვო ბაღებთან დილით და საღამოს, სადაც 605 რესპონდენტს დავაკვირდით. აღმოჩნდა, რომ ბავშვის სავარძელს მხოლოდ მათი 6% იყენებს, მიუხედავად იმისა, რომ შეჯახებისას სავარძელი ზიანის მიყენებისა და სიკვდილის საფრთხეს 40-60 %-ით ამცირებს. სწორედ ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი ბავშვის გადაყვანისას სავარძლისა და სპეციალური სამაგრის გამოყენება",- განმარტავს ის და დასძენს, რომ ბავშვის ზომისა და წონის მიხედვით არსებობს 4 ტიპის სავარძელი, რომელთა გამოყენებაც რეკომენდებულია, - "ჩვენ ვაპირებთ, რომ სამშობიაროებში მივიდეთ და მშობლებს სავარძლები მივუტანოთ, რაც ცნობიერების ამაღლებაში დაგვეხმარება".

მოზარდების, დაახლოებით 12 წლის ბავშვების წინა სავარძლით გადაყვანის საკითხის გადაჭრა ბავშვის სიმაღლის მიხედვით ხდება.
ეკა ლალიაშვილის განმარტებით, თუ ბავშვის სიმაღლე აღწევს 140-150 სანტიმეტრს, მაშინ აუცილებელი არ არის, ის სპეციალური სამაგრი სისტემით გადავიყვანოთ, - "ეს არის სპეციალური ასამაღლებელი დასაჯდომი, რომელიც ბავშვს ეხმარება, გადაკრული ღვედი მხარზე სწორად ჰქონდეს მოჭერილი და არა ყელზე, როგორც ხდება ხოლმე" - განმარტავს ეკა ლალიაშვილი.

სპეციალისტის თქმით, "საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონში" ბავშვთა უსაფრთხოების საკითხი საკმარისად გათვალისწინებული არ არის, - "ამ კანონში ბავშვთა უსაფრთხოებაზე მცირე ყურადღება იყო გამახვილებული, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გავაპროტესტეთ, თუმცა, პარლამენტმა არ გაითვალისწინა. კანონის სისუსტეც აქ არის," - აღნიშნავს ეკა ლალიაშვილი.

10 ყველაზე ხშირი დარღვევა, რომელთა გამოც მძღოლებს მართვის მოწმობაზე ქულები აკლდებათ

შეგახსენებთ, საქართველოს საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის 26-ე მუხლის მიხედვით, მსუბუქი ავტომობილით 3 წლამდე ასაკის ბავშვის გადაყვანა ნებადართულია უკანა სავარძელზე მჯდომი არანაკლებ 16 წლის მგზავრის კალთაში. ასეთ შემთხვევაში მგზავრი ვალდებულია, უსაფრთხოების ღვედი გამოიყენოს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანის უსაფრთხოების წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.

myquiz