თანაკლასელების თანდასწრებით ბავშვის უარყოფითად შეფასება დაუშვებელია - სპეციალისტები ძალადობის შედეგებზე საუბრობენ | Allnews.Ge

თანაკლასელების თანდასწრებით ბავშვის უარყოფითად შეფასება დაუშვებელია - სპეციალისტები ძალადობის შედეგებზე საუბრობენ

ბავშვების უფლებები საერთაშორისო კონვენციებით და ადგილობრივი კანონმდებლობით სრულად დაცულია, თუმცა, მოზარდები აღმზრდელების ან მშობლის მიერ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი მაინც ხდებიან და ეს არ არის იშვიათი. მსგავს სავარაუდო შემთხვევაზე საზოგადოება გასულ კვირას ალაპარაკდა, როდესაც 67–ე სკოლის ქიმიის მასწავლებელს მშობელთა ნაწილმა ბავშვებზე ძალადობაში დასდო ბრალი, თუმცა ფაქტი ჯერჯერობით გამოძიებული არ არის.

არის თუ არა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა აღზრდის ერთ–ერთი ფორმა ჩვენს ქვეყანაში?– ბავშვთა საკითხზე მომუშავე ფსიქოლოგთა ნაწილი აღნიშნავს, რომ ზოგიერთი მშობელი ძალადობას სწორედ აღზრდის მეთოდად მიიჩნევს, რაც, მცირეწლოვანის ფსიქიკაზე მკვეთრად უარყოფითად აისახება.

ცუდი მშობლის 7 თვისება - ფრთხილად, ფრაზებთან, რომელსაც ბავშვს ეუბნებით

"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი, ანა არგანაშვილი მიიჩნევს, რომ ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის პრობლემა როგორც ოჯახებში, ისე სკოლებში ჯერ კიდევ არსებობს, ბავშვებს კი საშუალება არ ეძლევათ, საზოგადოებას თავიანთი ხმა მიაწვდინონ.

"ბავშვებზე ძალადობა მათი ფუნდამენტური უფლებების მრავალმხრივ დარღვევაა. ზოგიერთ შემთხვევაში ძალადობა შეიძლება იყოს ისეთი ინტენსივობის, რომ არასათანადო მოპყრობის კვალიფიკაციაც კი მიიღოს. შედეგები კი შემაშფოთებელია... მაგალითად, სტრასბურგის სასამართლოს მიერ შესწავლილ საქმეებსა და გადაწყვეტილებაში ვხვდებით ისეთ შემთხვევებს, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ბავშვზე ძალადობა არასათანადოდ იყო შეფასებული. ბავშვებს, რომლებიც ვერ ხედავენ, რომ მათი უფლებების დარღვევას ადეკვატური რეაგირება მოჰყვა, ეკარგებათ სამართლიანობის რწმენა და ეს მათ ცხოვრებაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს. ბავშვს უნდა სჯეროდეს სამართლიანობის და იმის, რომ მშობლები, მასწავლებლები და ზოგადად, სახელმწიფო მათ იცავს," - განმარტავს ანა არგანაშვილი.

ანა არგანაშვილი მიიჩნევს, რომ ბავშვებს ზრდასრულების მსგავს უფლებებს არ ვაძლევთ და პრობლემაც სწორედ ამაში მდგომარეობს, - "რეალურად, ჩვენი საზოგადოების პრობლემა იმის არ აღიარებაა, რომ ბავშვს აქვს ადვოკატის ყოლის, სასამართლოში თავისი უფლებების დაცვის ან გაპროტესტების უფლება. ამ უფლებებს არ ვაღიარებთ ბავშვის ასაკის გამო, ამიტომაც არასრულწლოვნებზე ძალადობის ფაქტები რეაგირების გარეშე რჩება. ზუსტად იგივე ტიპის ძალადობა უფროსზე რომ მოხდეს, არავის გაუჩნდებოდა შეკითხვა, უნდა გამოიძახოს თუ არა პოლიცია, მაგრამ რადგან ბავშვის შემთხვევაში ასე არ ხდება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მათ დისკრიმინაციას ასაკის ნიშნით ვახდენთ," - აღნიშნავს "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი.

ფრაზები, რომელიც ბავშვს ხშირად უნდა უთხრათ - ფსიქოლოგის რჩევები

საკმაოდ ხშირად საუბრობენ მასწავლებლის მხრიდან ბავშვზე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე. მსგავსი ფაქტები დაუშვებელია, რადგან არასწრულწლოვნები კარგავენ იმედს, რომ სახელმწიფო მათ დაიცავს, -"მასწავლებელს უნდა ჰქონდეს თავისი რწმენა, რომ ძალადობა არ შეიძლება, უნდა იცნობდეს კანონმდებლობას, ეთიკის კოდექსს. არ აქვს მნიშვნელობა, მშობელს რა ჰგონია, მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რომ ძალადობა არის დასჯადი. ამ პასუხისმგებლობას ვერ გადავიტან მშობელზე, თუმცა მშობლის როლი უკვე იქ იკვეთება, როდესაც ის ძალადობის შესახებ შეიტყობს და ამას უმნიშვნელოდ მიიჩნევს ან ბავშვის დასაცავად ბრძოლას არ იწყებს," - დასძენს ანა არგანაშვილი Allnews.ge-სთან საუბარში.

მისივე თქმით, პედაგოგი, რომელიც ბავშვზე ფიზიკურად ძალადობს არათუ სამსახურიდან უნდა გათავისუფლდეს, არამედ პასუხისგებაშიც უნდა მიეცეს.

ასევე, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი გამოსავალს ბავშვების დასაცავად კანონმდებლობის გაუმჯობესებაში ხედავს:

"ბავშვებს დამოუკიდებელი ადვოკატის აყვანა, სარჩელის დაწერაში დახმარების მიღება უნდა შეეძლოთ. მათ უნდა იცოდნენ, სად არის სასამართლო, სად შეუძლიათ გასაჩივრება. ჩვენთან სასამართლოსთვის მიმართვა 14 წლის ასაკიდანაა შესაძლებელი, მაგრამ დავითვალოთ, რამდენი ბავშვის იყენებს ამ უფლებას. სასამართლოს ვერ მიმართავ, თუ არ მოემზადე.... ელემენტარულად, სარჩელი უნდა დაწერო, მტკიცებულებები მოიპოვო, ადვოტაკი უნდა გყავდეს, ეს არის, მართლმსაჯულება, რაც ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი ნამდვილად არაა".

როგორ აისახება ბავშვის ფსიქიკასა და მომავალზე ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა?

ფსიქოთერაპევტი, ზაზა ვარდიაშვილი მიიჩნევს, რომ ძალადობა ნებისმიერ ასაკში ბავშვზე მძიმე კვალს ტოვებს და მომავალში, როგორც კარიერაში, ისე ზოგადად, ცხოვრების წარმართვაში პრობლემების გამოწვევა შეუძლია, - "თუ ადრეულ სასკოლო ასაკში ამან საერთოდ შეიძლება მოტივაციის მკვეთრი ცვლილება გამოიწვიოს, ბავშვში სასწავლო პროცესის მიმართ ინტერესი დაიკარგოს, შემდგომ ასაკში ამან უკვე შეიძლება, ორმაგი გავლენა მოახდინოს როგორც მოტივაციაზე, ასევე სოციალურ ურთიერთობებზე. შეიძლება, ბავშვს თანატოლებთან კომუნიკაციაში პრობლემები შეექმნას," - განმარტავს ფსიქოთერაპევტი.

ზაზა ვარდიაშვილის თქმით, ბავშვების განვითარება დინამიკური პროცესია, შესაბამისად, სასწავლო უნარების გამოვლენა როგორც 6 წლის, ისე 8 წლის ასაკშია შესაძლებელი, თუმცა თუ მისი უარყოფით შეფასება ხდება, არსებობს ვარაუდები, რომ ბავშვს შესაძლებლობების გამოყენება გაუჭირდება.

"არათუ ჩხუბი, თანაკლასელების თანდასწრებით ბავშვის არც უარყოფითად და არც დადებითად შეფასებაც კი არ უნდა მოხდეს, ყველაფერი უნდა იყოს ინდივიდუალურად. მასწავლებლის მხრიდან ბავშვთან ასეთი დამოკიდებულება თანაკლასელებმა შეიძლება გამოიყენონ მასზე ზეწოლის, დაცინვისა და ბულინგისათვის, რაც მომავალში მოტივაციის მხრივ ბავშვს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. ასეთი ფაქტები ხშირ შემთხვევაში იმის მიზეზი ხდება, რომ ბევრი ნიჭიერი ადამიანი საკუთარი თავის პრეზენტაციის უნარს კარგავს, დღევანდელ სამყაროში კი არავინ აღმოგვაჩენს თუ ჩვენ თვითონ არ შევქმენით იმიჯი, რაც მერე კარიერაში გვეხმარება," - განმარტავს ზაზა ვარდიაშვილი.

უარყოფით შედეგებს იწვევს როგორც მასწავლებლის, ისე მშობლის მიერ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.

ამის მაგალითად, ზაზა ვარდიაშვილს ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ალბერტ ბანდურას ცდა მოჰყავს: ბავშვი ოთახში იჯდა და ხატავდა. ამავე ოთახში იყო ზრდასრული ადამიანი და დიდი სათამაშო, რომელსაც ის პერიოდულად ურტყამდა და ემუქრებოდა. ბავშვმა, რომელმაც ეს ფაქტი დაინახა, სათამაშოსთან იგივეს გამეორება დაიწყო, ხოლო რომელ არასრულწლოვანსაც მსგავსი ფაქტი არ უნახავს, სათამაშოსთან მიმართებაში აგრესიული ქცევა არ გამოუვლენია.

ზაზა ვარდიაშვილის თქმით, ამ კვლევამ გამოკვეთა, რომ ფიზიკური ზემოქმედება არამხოლოდ მასწავლებლის, არამედ მშობლის მხრიდანაც დანაშულია, რადგან ბავშვები შემდეგ იგივეს იმეორებენ.

"იგივე ამერიკელი ფსიქოლოგის, მეინის კვლევით აღმოჩნდა, რომ ბავშვები, რომლებიც ფიზიკური ზემოქმედების ქვეშ არიან, აბსოლუტურად ინდეფერენტულები ხდებიან ცხოველების წამების, სხვა ადამიანების ტკივილისა და მსგავსი რაღაცების მიმართ. სწორედ ამიტომ არამარტო ოჯახის, არამედ სოციუმის მოვალეობაა, რომ სკოლასა და სახლში ბავშვზე ძალადობას დავუპირისპირდეთ", - გვირჩევს ფსიქოთერაპევტი.

ზაზა ვარდიაშვილის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევის თანახმად, მშობლების 97% ბავშვზე პერიოდულად ფიზიკურად ან ემოციურად ძალადობს. აღნიშნული პრობლემა ჩვენს ქვეყანაშიც დგას, რაც ფსიქოთერაპევტის თქმით, ჩვენივე მონდომებით, გამოსწორებადია.

myquiz