რა მოხდა ნუცუბიძის პლატოზე? - შსს განცხადებას ავრცელებს | Allnews.Ge

რა მოხდა ნუცუბიძის პლატოზე? - შსს განცხადებას ავრცელებს

ნუცუბიძის პლატოზე, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.

"მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, საღამოს, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, მოქალაქეებმა მეზობლური კონფლიქტის ფაქტზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

შემთხვევის ადგილზე მისულმა პატრულ-ინსპექტორებმა კონფლიქტი განმუხტეს და კანონით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება დაიწყეს, რა დროსაც მათთან, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა. იგი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მოქალაქეს, რომელმაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ასევე, გარშემო მყოფ პირებს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.

პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცს არაერთგზის მოუწოდეს წესრიგისა და კანონის დაცვისკენ, თუმცა იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და კიდევ უფრო აგრესიული გახდა. აღნიშნული პირის, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, იგი უეცრად შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება", - ნათქვამია განცხადებაში.

თვითმხილველები მომხდარზე საუბრობენ.

მათი ინფორმაციით, ნუცუბიძის პლატოზე გარდაცვლილმა პირმა რამდენჯერმე თქვა, რომ ცუდად იყო, თუმცა პოლიციელები მაინც აკავებდნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შემთხვევის თვითმხილველმა გურამ ცაავამ განუცხადა.

"აკავებდნენ ამ ადამიანს, ნასვამი იყო. სამჯერ თქვა, ცუდად ვარ გამიშვით ხელიო. მაინც არ მოეშვნენ. ამოუგრიხეს ხელი, წელზე მუხლი დაადგეს და შემდეგ ხელბორკილები დაადეს. მეთქი, გაუშვით, ცუდადაა, კაცი მოწყდა, მუხლებში ჩაიკეცა და გარდაიცვალა", - აღნიშნა ცაავამ.

კიდევ ერთი თვითმხილველი ქეთევან თოდრია კი ამბობს, რომ პატრულს ეხვეწებოდნენ, დაკავებულისთვის თავი დაენებებინათ, რადგან ცუდად იყო.

"პატრული მიათრევდა, ბიჭები ეხვეწებოდნენ, ცუდად არის, დაანებეთ თავი, ერთი წუთიო. ჩაიკეცა ეს ბიჭი. ზევიდან ვუყვიროდით ჩვენ, რატომ მიათრევთ, სასწრაფო გამოვიძახოთ, ცუდად არის, ხომ ხედავთ-თქო. ამ მომენტში არის გარდაცვლილი", - განაცხადა ქეთევან თოდრიამ.

ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით შესაძლო მოსპობას გულისხმობს.

myquiz