რამდენად ხშირად სუფთავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და როგორ აფასებენ მათ მდგომარეობას მგზავრები | Allnews.Ge

რამდენად ხშირად სუფთავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და როგორ აფასებენ მათ მდგომარეობას მგზავრები

Allnews.ge დაინტერესდა თუ რამდენად ხშირად სუფთავდება თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი. თუმცა სანამ ოფიციალურ პასუხს მივიღებდით, მოქალაქების მოსაზრება მოვისმინეთ. გამოკითხულთა უმეტესობას მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი სისუფთავით ვერ დაიკვეხნის და გადაადგილება არც ისე კომფორტულია.

"ყოველდღე მიწევს მიკროავტობუსით მგზავრობა, სხვა პრობლემებს რომ თავი დავანებოთ, სისუფთავის მხრივ საშინელი მდგომარეობაა. დაბინძურებული დასაჯდომი, იატაკი და ზოგჯერ ფანჯრებიც კი".

"ლურჯი ავტობუსები ჯერ ახალია და სუფთა, თუმცა ყვითელი ავტობუსები ჯერ კიდევ ბევრი დადის, იქ ასვლა არ მოგინდება, მაგრამ როცა სხვა გზა არ არის, გვიწევს მგზავრობა. იგივე სიტუაციაა მიკროავტობუსებშიც", - ამბობენ ჩვენთან საუბარში თბილისის მაცხოვრებლები.

როგორც მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განაცხადეს, თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი - მეტრო და ავტობუსი ყოველდღე სუფთავდება.

"ავტობუსებს რაც შეეხება, ახალ ავტობაზაზე, სადაც ლურჯი და ყვითელი ავტობუსები ირეცხება, იქ სრულიად ახალი ტექნიკური შესაძლებლობების მქონე სამრეცხაოა დამონტაჟებული, გარდა იმისა, რომ ესენი გარედან სუფთავდება, შიდა სალონი ხელით იწმინდება. დღის განმავლობაში გაჭუჭყიანებული ტრანსპორტი საღამოს სუფთავდება ისე, რომ მომდევნო დღის დასაწყისში ავტობაზიდან, საიდანაც ავტობუსები დილის 5 საათზე გადიან, ყველა გავიდეს მწყობრში მყოფი.

რაც შეეხება მეტროს, დღის განმავლობაში მეტროებში სულ ტრიალებენ დამლაგებელი ქალები. იქაც ძირითადი გაწმენდითი სამუშაოები ღამის 12 საათის მერე იწყება, როდესაც მეტრო ამთავრებს მუშობას. ვაგონებიც ანალოგიურად, ყოველი სამუშაო დღის დასაწყისში უდნა იყვნენ მწყობრში, გასუფთავებული", - განაცხადეს კომპანიის პრესსამსახურში.

რაც შეეხება ე.წ. ყვითელ მიკროავტობუსებს, როგორც "თბილისის მიკროავტობუსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნათია მიქიაშვილმა განაცხადა, მიკროვტობუსები ყოველდღე სუფთავდება.

"მძღოლის ვალდებულებაა, რომ ყოველდღე გაასუფთაოს მიკროავტობუსი, ხოლო 6 თვეში ერთხელ უტარდება ქიმწმენდა. ყოველ საღამოს, როდესაც მიკროავტობუსი გარაჟში ბრუნდება, სუფთავდება გარედანაც და შიგნიდანაც, მაგრამ ხანდახან მგზავრების მიერ ისეა დაბინძურებული, რომ ჭუჭყის მოშორება შეუძლებელია, შესაბამისად, მძღოლს უწევს ქიმწმენდამდე ლოდინი", - ამბობს ნათია მიქიაშვილი.

myquiz