თიანეთის ყველა უბნის მონაცემებით არჩევნებში ვიმარჯვებდი - თამაზ მეჭიაური | Allnews.Ge

თიანეთის ყველა უბნის მონაცემებით არჩევნებში ვიმარჯვებდი - თამაზ მეჭიაური

თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ საოლქო კომისიამ რეალური მონაცემები შეცვალა და არჩევნების შედეგების გასაჩივრებას აპირებს.

როგორც მეჭიაურმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მას ხელთ აქვს თიანეთის ყველა უბნის მონაცემები, რომლითაც არჩევნებში იმარჯვებს, თუმცა საოლქო კომისიაში შემაჯამებელი ოქმი მისი კონკურენტის სასარგებლოდ შეიცვალა.

"ბოლო მონაცემით, საოლქო კომისიამ შეცვალა ერთი ოქმი, ამოიღო ბათილი ბიულეტენები და ჩემი მოწინააღმდეგის მომხრე ბიულეტენებში გადაიტანა, შედეგად გამოჰყავს ისე, რომ სამი ხმით ვაგებ თურმე", - განაცხადა მეჭიაურმა.

მეჭიაურის თმით, მისი წარმომადგენელი წუხელ საოლქო კომისიაში არ შეუშვეს.

"ჩვენ ხელთ გვაქვს ყველა ოქმი, რომლითაც მტკიცდება, რომ მოვიგეთ, მაგრამ შემდეგ საოლქო კომისიაში მოხდა სპეცრაზმის მობილიზება. ჩვენი წარმომადგენელი სამი საათი ალოდინეს და არ შეუშვეს კომისიაში ყველანაირი კანონის დარღვევით. ჯერ მე-20 უბანს არ ხურავდნენ, უნდოდათ ამით დაერეგულირებინათ საერთო შედეგი. მერე მე ავტეხე აურზაური, ტელევიზიებმა გაიგეს, თამარ ჟვანია ჩაერია 2-3 დარეკვის შემდეგ და დაახურინა უბანი. სამჯერ გადათვალეს იქ შედეგები და მერე დახურეს. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ზუსტად იქ, სადაც სამჯერ გადათვალეს მონაცემები, საოლქო კომისიას თითქოს უპოვია, რომ ბათილი ოქმები მოწინააღმდეგის იყო", - განაცხადა მეჭიაურმა.

აღსანიშნავია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერზე თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, თიანეთში მერის არჩევნებში მეჭიაური ლიდერობდა.

myquiz