რა უნდა იცოდეს არჩევნებზე მისულმა ამომრჩეველმა? | Allnews.Ge

რა უნდა იცოდეს არჩევნებზე მისულმა ამომრჩეველმა?

21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს სამი სახის ბიულეტენი დახვდება. ერთი ბიულეტენი განკუთვნილია საკრებულოს პროპორციული არჩევნებისთვის და მისი მეშვეობით ამომრჩეველი პარტიას, ან ბლოკს აირჩევს. მეორე ბიულეტენი განკუთვნილია საკრებულოს მაჟორიტარული არჩევნებისთვის და ამომრჩეველი მაჟორიტარ კანდიდატს აირჩევს, რაც შეეხება მესამე ბიულეტენს, ის განკუთვნილია მერის არჩევნებისთვის და მისი მეშვეობით, ამომრჩეველი თვითმმართველი ქალაქის, ან თვითმმართველი თემის მერს აირჩევს.

რა უნდა იცოდეს არჩევნებზე მისულმა ამომრჩეველმა და რა პროცედურების გავლა მოუწევს მას ხმის მისაცემად? Allnews.ge-ს ცესკო-ს სპიკერს ანა მიქელაძეს ესაუბრა.

ანა მიქელაძე:

- მნიშნელოვანია აღინიშნოს, რომ საარჩევნო უბნები იხსნება 08:00 საათიდან და მუშაობს 20:00 საათამდე. ამომრჩეველს შეუძლია ნებისმიერ დროს მივიდეს საარჩევნო უბანზე და გამოხატოს თავისი კონსტიტუციური ნება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა, შესაძლოა მას თან ჰქონდეს საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ხაზგაგსასმელია ის გარემოება, რომ სარჩევნო კანონმდებლობაში შესული ახალი ცვლილებებით, დევნილებს აღარ ესაჭიროებათ დევნილის მოწმობის წარდგენა.

პირველ რიგში, როდესაც ამომრჩველი კენჭისყრის შენობაში შევა, ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი მის პირადობის მოწმობას შეამოწმებს, ასევე ნახავს, გავლილი აქვს თუ არა პირს მარკირება, დაანათებს თითზე. იმ შემთხვევაში, თუკი აღმოჩნდება, რომ მას მარკირება გავლილი აქვს, ეს პიროვნება არჩევნებში მონაწილეობას ხელმოეორედ ვეღარ მიიღებს. მაგრამ, თუკი მას მარკირება გავლილი არ აქვს, ამომრჩეველი უშუალოდ საარჩევნო უბანში შედის. მარკირების შემოწმების პროცედურის გავლის შეამდეგ, ამომრჩეველი მივა სარეგისტრაციო მაგიდასთან და საკუთარი გვარის პირველი ასოს მიხედვით, რეგისტრატორს პირადობის მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს წარუდგენს.

იმ შემთხვევაში, თუ უარს განაცხადებს მარკირების გაკეთებაზე, მას აღარ მიეცემა კენჭისყრაში მონაწილეობის შესაძლებლობა. ამომრჩეველი გაიკეთებს მარკირებას, შემდეგ ამომრჩეველთა სიაში თავისი გვარის გასწვრივ გააკეთებს ხელმოწერას, რეგისტრატორისგან მიიღებს ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებულ საარჩევნო ბიულეტენს და კაბინაში შევა. აღსანიშნავია, რომ კაბინაში ფოტო და ვიდეო გადაღება აკრძალულია. ამომრჩეველი შემოხაზავს მისთვის სასურველ კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს და დატოვებს საარჩევნო კაბინას. მან ისე უნდა გამოიტანოს სამივე ბიულეტენი, რომ მისი არჩევანი არ ჩანდეს და დაცული იყოს ხმის ფარულობის პრინციპი. ამომრჩეველი ჩადებს ბიულეტენებს სპეციალურ კონვერტში და ჩააგდებს კონვერტს ამომრჩეველთა საარჩევნო ყუთში.

-რა უნდა იცოდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებმა, ან მათ, ვინც ფიქრობს, რომ ხმის მისაცემად სხვების დახმარება ესაჭიროებათ?

-შშმ პირებისათვის, რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაციამ სხვადასხვა ტიპის საქმიანობა განახორციელა. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ამომრჩევლებს, მიუხედავად მათი ფიზიკური მდგომარეობისა, ყოველთვის ჰქონდეთ უშუალოდ, საარჩევნო უბანზე მათი სურვილის შემთხვევაში არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ამისათვის თითოეულ უბანზე იქნება ორი ცალი გამადიდებელი შუშა, რომელიც ძალიან მარტივი გამოსაყენებელია არა მხოლოდ მცირე მხედველი ამომრჩევლებისათვის, ასევე იმ პირებისათვის, რომელთაც, შესაძლოა სახლში დარჩათ სათვალე.

გარდა ამისა, უსინათლო პირებისათვის უკვე მეორე წელიწადია, რაც ჩვენ გამოვიყენებთ, სპეციალურ ჩარჩო-ფორმას, რომელიც თავისი არსით უნივერსალურია, რადგან უსინათლო ამომრჩეველი სხვისი დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად შეძლებს საკუთარი არჩევანის დაფიქსირებას. გარდა ამისა, საარჩევნო უბანზე გამოკრული იქნება სპეციალური პოსტერი ყრუ და სმენადაქვეითებული ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ამ პოსტერის საშუალებით შეძლებენ დეტალურად იხილონ ხმის მიცემის პროცედურები და შემდეგ ეს პროცედურა თავად განახორციელონ. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ არჩევნებისთვის ადაპტირებულია 1153 საარჩევნო უბანი და ამ ადაპტირებულ უბნებში განთავსებული იქნება სპეციალური ხმის მიცემის კაბინეტი.

-არის შემთხვევები, როდესაც საარჩევო უბნის დატოვებისას, ამომრჩეველს გარკვეული პირები ეკითხებიან, თუ ვის მისცა მან ხმა. რა უნდა იცოდნენ ამომრჩევლებმა, თუ საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ, მათი არჩევანით დაინტერესდნენ?

-ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ მისი ხმა არის დაცული. შესაბამისად, თუკი მას სურვილი აქვს, რომ რაიმე ტიპის კვლევაში, მაგალითად, ეგზითპოლებში მიიღოს მონაწილეობა, ეს მხოლოდ მისი ნების გამოვლინებაა. თუკი ეწინააღმდეგება მათ ნებას და სურვილს, რა თქმა უნდა, მათ აქვთ კანონიერი უფლება, უარი განაცხადონ კვლევაში მონაწილეობისგან. ამ ტიპის კვლევებს საარჩევნო ადმინისტრაცია არ ატარებს.

მსგავს კვლევებს ატარებენ შესაბამისი ორგანიზაციები. რამდენადაც მე ვფლობ ინფორმაციას, ორი ორგანიზაცია ატარებს ეგზითპოლს კონკრეტულ რეგიონებში, ისინი, სავარაუდოდ წარუდგენენ ამომრჩეველს საკუთარ თავს, გააცნობენ მათი ორგანიზაციის მეთოდოლოგიას, ექნებათ შესაბამისი დამადასტურებელი საბუთები, რომ ნამდვილად წარმოადგენენ ამა თუ იმ ორგანიზაციას, რომელიც ატარებს საზოგადოებრივი აზრის კვლევას. მხოლოდ და მხოლოდ ამომრჩევლის ნებაზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა ის მონაწილეობას ამ ტიპის კვლევებში.

21 ოქტომბერს, საქართველოში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის, თვითმმართველი თემის მერის არჩევნები გაიმართება. ამომრჩევლები საერთო ჯამში აირჩევენ 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს. მერობის კანდიდატად რეგისტრირებულია 369 კანდიდატი, მათ შორის, 13 თბილისში. მაჟორიტარი კანდიდატების რაოდენობა კი, 4727-ია. პარტიული სიების მიხედვით, საკრებულოს წევრობის კანდიდატების რაოდენობა დაახლოებით 13 000-ია. შექმნილია 3634 საარჩევნო უბანი და მას ემატება 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი. საქართველოში 3 440 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ანა მარშანია

 

myquiz