რა მოხდა ყიზილაჯლოში | Allnews.Ge

რა მოხდა ყიზილაჯლოში

სოფელ ყიზილაჯლოს მცხოვრებლების ინფორმაციით, "ქართული ოცნების" შტაბზე თავდასხმა, სავარაუდოდ, ორმა პირმა განახორციელა.

როგორც ისინი ყვებიან, არსებული ცნობით, თავდამსხმელები "კალაშნიკოვის" ტიპის იარაღით იყვნენ შეიარაღებულები.

რაც შეეხება ყიზილაჯლოში "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს, ის ამ დროისთვის დაკეტილია.

ადგილზე აღარ იმყოფებიან სამართალდამცველები, თუმცა ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული შტაბის გვერდით მდგარი კარავი, სადაც თავდასხმის დროს შტაბის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. კარავს ეტყობა ნატყვიარი.

მარნეულში, საავადმყოფოში რჩებიან წუხანდელი თავდასხმის შედეგად დაჭრილი 4 პირი. საავადმყოფოსთან იმყოფებიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები. როგორც პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ჭორის დონეზე ვიცით, რომ ყიზილაჯლოში ადგილი ჰქონდა შიდაპარტიულ დაპირისპირებას, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა აჰმედ იმამკულიევმა განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობამ მოისმინა შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადება და სხვა ინფორმაცია არ აქვს.

"ეს არის "ქართული ოცნების" სახე. დღეს საქართველოში მმართველი გუნდი არის "ქართული ოცნება" და სწორედ ახლა ხდება ასეთი ფაქტები. სამწუხაროდ, წინასწარ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. მოსახლეობას ინფორმაცია არ აქვს ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ჭორის დონეზე ვიცით, რომ შესაძლოა ეს იყოს შიდაპარტიული დაპირისპირება", - განაცხადა იმამკულიევმა.

მარნეულში მომხდარი საარჩევნო პროცესში ჩართული ადამიანების დაჭრა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, არის ხელისუფლების მიერ უკანონობისა და დაუსჯელობის წახალისების შედეგი, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს.

გოცირიძის ინფორმაციით, "გუშინდელი სისხლიანი გარჩევები "ქართული ოცნების" ადგილობრივი ხელისუფლების წევრებს შორის შიდა დაპირისპირების შედეგი იყო".

"მნიშვნელობა არა აქვს, ამას შიდაპოლიტიკური მიზეზი ჰქონდა თუ ფინანსური პრეტენზიები ედო სარჩულად. მარნეულში შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების ძალადობრივი ფორმით გაყალბებამ და "თავისიანი" კრიმინალური წრეების დაუსჯელობამ, რაიონში კრიმინალის გააქტიურების ნოყიერი ნიადაგი შექმნა.

"ოცნების" ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადება, რომ მომხდარი დაპირისპირება ოპოზიციურ პარტიებს გადააბრალონ, არის პოლიტიკური სიბეცე და უნამუსობა. მომხდარ ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

სოფელ ყიზილაჯლოში "ქართული ოცნების" ოფისთან თავდასხმა გუშინ საღამოს მოხდა, რა დროსაც რამდენიმე პირი დაიჭრა. დაჭრილებს შორის "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი არიან.

myquiz