მტკვრის მოულოდნელად ადიდების გამო მამაკაცი წყალში მანქანით აღმოჩნდა | Allnews.Ge

მტკვრის მოულოდნელად ადიდების გამო მამაკაცი წყალში მანქანით აღმოჩნდა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა სოფელ ზემო ხანდაკის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის ადიდების გამო, წყალში აღმოჩენილი 30 წლამდე მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-დან შევიდა, რომ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის მოულოდნელად ადიდების გამო მსუბუქ ავტომობილში მყოფი 30 წლამდე მამაკაცი, რომელიც ადგილზე სამშენებლო დანიშნულების ტრაქტორს დარაჯობდა, მდინარეში აღმოჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა და დახმარებას საჭიროებდა.

"შეტყობინების მიღებისთანავე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გორის სამაშველო განყოფილების მაშველთა ჯგუფი შემთხვევის ადგილზე მივიდა. შსს-ს მაშველები ადიდებულ მდინარეში, სწრაფი დინების მიუხედავად, ნავით შევიდნენ და განსაცდელში მყოფი მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

myquiz