ძლიერ წვიმასა და ქარს აჭარაში სტიქია მოჰყვა | Allnews.Ge

ძლიერ წვიმასა და ქარს აჭარაში სტიქია მოჰყვა

ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენები განვითარდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის მთავრობიდან აცნობეს, ხულოში უხვი ნალექის შედეგად სოფლებში: დიაკონიძეებში, დანისპარაულში, რაქვთასა და იაკობიძეებში საცხოვრებელ სახლებთან მეწყერი ჩამოწვა. 7 ოჯახი უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი. გააქტიურებული მეწყერული პროცესების შედეგად სულ აჭარაში 18 ოჯახს შეექმნა საფრთხე, ყველა ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.

შუახევში მეწყრის შედეგად ადიდებულმა მდინარემ წყალსაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში 6 მ სიგრძის ბეტონის ხიდი დაშალა. ხიდი ასევე დაზიანდა ხიჭაური-ჭვანის გზაზე. მეწყერი ჩამოვიდა ცენტრალურ გზაზე, რომელიც ამჟამად, ჩაკეტილია და ტრანსპორტი შეფერხებით მოძრაობს. ჩაკეტილია გზები სოფელ წყაროთაში და სოფელ კობალთაში. ქარმა დააზიანა მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლები და დამხმარე ნაგებობები. მეწყრული პროცესები განვითარდა დაბა შუახევში. ელექტროხაზების დაზიანების გამო ამჟამად დენი არ მიეწოდება შუბნის ამდინისტრაციული ერთეულების სოფლებს. აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

"უამინდობამ პრობლემები ქობულეთშიც შექმნა. უხვი ნალექის შედეგად რიგ სოფლებში (ქაქუთი, ჩაისუბანი, ლეღვა) გზებია ჩაკეტილი. ზედა აჭყვაში ჩაიკეტა ცენტრალური გზა. დაბა ჩაქვში დამბაზე გადმოვიდა მდინარე ჩაქვისთავი, დაიტბორა ერთი ოჯახი. სოფლებში ლეღვა, ჩაისუბანი, წყავროკა, ციხისძირი, რამდენიმე მოქალაქის საცხოვრებელ სახლთან მეწყრული კერები განვითარდა", – აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

მათივე ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ორთაბათუმში, სამებასა და განთიადში რამოდენიმე მოქალაქის საცხოვრებელ სახლთან ჩამოწყვა მეწყერი. ყველა მიმართულებით გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

რაც შეეხება ქედას, აჭარის მთავრობის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად მეწყერი ჩამოწვა მოქალაქეების საცხოვრებელ სახლებთან შემდეგ სოფლებში: მეძიბნა, ზვარე, ძანაძეები, სირაბიძეები, ვარჯანისი, ჭინკაძეები, ცხემნა, ზენდითში და აგოთაში. სოფელ აბუქეთაში 9 ოჯახი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი. დაბა ქედაში შიდა სასოფლო გზები დაზიანდა.

აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ სასწავლო პროცესი მუნიციპალიტეტების ყველა სკოლაში შეუფერხებლად მიმდინარეობს. უამინდობამ შეფერხებები შექმნა ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით. ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება ქობულეთში 500-მდე აბონენტს, ზემო აჭარაში 300-მდე აბონენტს. ,,ენერგო-პრო ჯორჯია"-ს მობილური ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

სტიქიასთან ბრძოლის მუნიციპალური შტაბები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები და მობილური ჯგუფები. მეწყრულ კერებს გეოლოგები ამინდის დადგომისთანავე შეისწავლიან.

myquiz