უამინდობის გამო აბასთუმანში ერთი ტურისტია ჩარჩენილი | Allnews.Ge

უამინდობის გამო აბასთუმანში ერთი ტურისტია ჩარჩენილი

უამინდობით გამოწვეული პრობლემის გამო, აბასთუმანში 1 გერმანელი ტურისტია ჩარჩენილი. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, თავდაპირველად, გერმანელი და ქართველი ტურისტები საირმის მიმართულებით ერთად წავიდნენ, საირმიდან კი აბასთუმნის მიმართულებით გააგრძელეს გზა. როგორც სეთურიძემ განაცხადა, გერმანელი ტურისტი შეუძლოდ გახდა, რის გამოც "ქართველი ტურისტი გზიდან მობრუნდა იმისთვის, რომ შესაბამის უწყებასთან სატელეფონო კავშირზე გასულიყო". სეთურიძის თქმით, ამ დროისთვის ტურისტის გადასარჩენად სპეციალური სამუშაოები ტარდება.

"მივიღეთ ინფორმაცია, რომ ქართველი და გერმანელი ტურისტები გაემგზავრნენ საირმეში. საირმიდან კი აბასთუმნისკენ წასულან. გზა ჩაიხერგა და ვეღარ გააგრძელეს სვლა. ამის შემდეგ გზა ქართველმა ტურისტმა ფეხით გამოიარა და დარეკვა შეძლო. ჩვენი ტექნიკა უკვე წასულია და უახლოეს საათებში მივლენ ტერიტორიაზე. ასევე მიყავთ ექიმი იმისთვის, რომ უცხოელ ტურისტს ადგილზე აღმოუჩინონ დახმარება. როგორც ვიცი, შეუძლოდ გახდა. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს ადამიანი გამოვიყვანოთ", - განაცხადა გიორგი სეთურიძემ.

myquiz