სტიქია დასავლეთ საქართველოში - ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია შენობები | Allnews.Ge

სტიქია დასავლეთ საქართველოში - ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია შენობები

უხვი ნალექის გამო, ქუთაისში, მდინარე ოღასკურა კალაპოტიდან გადმოვიდა. დატბორილია ბუხაიძის ქუჩა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.

ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, სადაც პარლამენტი მდებარეობს, ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, ადგილზე იმყოფება ქუთაისის მერი, შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელიც ადგილზე სამუშაოებს ჩაატარებს. ასევე მოხდება ზარალის დათვლა.

გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა ზესტაფონის მუნიციპალიტეტშიც. დატბორილია ზესტაფონის სადგურის მიმდებარე ტერიტორია და ცენტრალური ქუჩები. წვიმამ პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას.

ამ დროისთვის ქალაქში ტრანსპორტი შეფერხებით გადაადგილდება.

ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე მიწა-კლდის შვავი ჩამოვიდა, – ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 132 კმ–ზე მონაკვეთზე ჩამოვიდა მიწა-კლდის შვავი, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ დროისათვის, ადგილზე ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რათა საავტომობილო მიმოსვლა უახლოეს პერიოდში აღდგეს.

ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, ქობულეთის მუნიციპალიტეტიც დაზარალდა. კერძოდ, სოფლებში სამ საცხოვრებელ სახლს სახურავი დაუზიანდა.

სოფელ ჩაისუბანში კი კონცელიძების ოჯახი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ქობულეთის გამგეობაში განუცხადეს, კონცელიძეების სახლთან მეწყერი წუხელ ჩამოწვა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზარალებული ოჯახი თავს ნათესავებთან აფარებს.

გამგეობის ცნობით, სიტუაციას გეოლოგები შეისწავლიან, რადგან საცხოვრებელი სახლი დამეწყრილ ტერიტორიაზეა. კონცელიძეების ოჯახს კი ადგილობრივი გამგეობა დაეხმარება.

ძლიერი წვიმის შემდეგ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში 4 მეწყრული კერა დაფიქსირდა. როგორც ხელვაჩაურის გამგეობაში აცხადებენ, ზედა თხილნარში საჯარო სკოლასთან მიწის მასა ჩამოწვა და გზა ჩაიკეტა.

ამჟამად საგზაო დეპარტამენტის ტექნიკით გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, სოფელ წინსვლაში და აგარაში ცენტრალურ გზაზე განვითარდა მეწყრული პროცესები. ასევე სოფელ სარფში ჩანჩქერთან ჩამოცვივდა ქვები. ყველა ლოკაციაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი სტიქიასთან ბრძოლის მუდმივმოქმედი შტაბი საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობს.

 

myquiz