თბილისის ყველაზე სუფთა და დაბინძურებული ქუჩები | Allnews.Ge

თბილისის ყველაზე სუფთა და დაბინძურებული ქუჩები

ქუჩების ნარჩენებისგან დაბინძურება წლების წინ თბილისელებს გადაუჭრელ პრობლემად მიაჩნდათ, თუმცა, დღეს ვითარება გაუმჯობესებულია. თუმცა, არსებობს ქუჩები და ადგილები დედაქალაქში, სადაც დაბინძურების პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. Allnews.ge დაინტერესდა თუ რომელი ქუჩებია თბილისში ყველაზე სუფთა და ყველაზე დაბინძურებული?

ქალაქის სისუფთავისთვის დედაქალქში "თბილსერვის ჯგუფი" მუშაობს, როგორც უწყების დირექტორის მოადგილე, დავით დოლიძე ამბობს, ნარჩენებისგან შედარებით თავისუფალ ქუჩებად, შეიძლება ის ტერიტორიები მოვიაზროთ, სადაც ხალხი ნაკლებად დადის.

ზუგდიდის ყველაზე ლამაზი ეზო, რომელსაც 46 წლის კაცი შვიდი წელია საკუთარი ხელით აშენებს - დაათვალიერეთ ფოტოები

"ყველა ქუჩა სტანდარტულად, ერთნაირად სუფთავდება, მაგალითად, მუხიანსა და რუსთაველის გამზირს ერთნაირად ასუფთავებენ. გამოყოფილად არ გვაქვს, რომ მაგალითად, სადღაც მთაწმინდაზე უფრო მეტი ხალხი გვყავდეს, იმიტომ რომ ცენტრია, რადგან ჩვენი თანამშრომლები ყველგან ერთნაირად მუშაობენ. მიუხედავად ამისა, სადაც ხალხმრავალი ადგილია, დღის განმავლობაში მაინც ძალიან ბინძურდება, მაგალითად, სადგურის მოედანი, ყოფილი დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, ისნის ბაზრის მონაკვეთი... ასევე ხალხმრავალი ადგილია რუსთაველის გამზირი, რომელიც რომ არ დაგავო ალბათ ერთ–ერთი ყველაზე ბინძური იქნება. რთულია, ყველაზ მეტად დასუფთავებული ქუჩა გამოვყოთ, რადგან ზოგიერთი ქუჩა, მაგალითად, ორ დღეში ერთხელ საჭიროებს დასუფთავებას ზოგი ყოველდღიურად და ეს მუშა პროცესია", – განმარტავს დავით დოლიძე.

მისივე თქმით, ქალაქის გარეუბნები წინა წლებთან შედარებით უფრო განვითარებულია, ხალხის რაოდენობაც იზრდება, შესაბამისად, დასუფთავებას უფრო მეტი ქუჩა საჭიროებს.

დავით დოლიძეს მიაჩნია, რომ დასუფთავების ინსპექციის შემოსვლასთან ერთად, ქალაქის ნარჩენებით დაბინძურების ტენდენცია შემცირდა, – "ამის გამო დაბინძურებამ პარკებშიც იკლო. მოქალაქეები ნარჩენების ძირს დაყრას უკვე ერიდებიან და მაგალითად, სიგარეტის ნამწვებს უკვე ურნაში ყრიან. ამ ტენდენციის პროცენტული დათვლა არ არსებობს, თუმცა იმ ინსპექტორებისგან, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ, ვიცით, რომ მოქალაქეები დანაგვიანებისგან შედარებით თავს იკავებენ. ძირითადი პრობლემა ქალაქში იყო სიგარეტის ნამწვები, ვისაც არ ეზარებოდა, ნამწვებს ყველა პირდაპირ ქუჩაში ყრიდა, მაგრამ ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი ფაქტების რაოდენობა ინსპექციის ჩართულობით შედარებით შემცირდა.

ჩვენი მიზანი ხალხისთვის ჯარიმის დაწერა და ამით ბიუჯეტის შევსება კი არა, ცნობიერების ამაღლების საკითხია",– დასძენს დავით დოლიძე.

თბილისის მცხოვრებლებს დანაგვიანების გარდა, ჰაერის გამონაბოლქვისგან დაბინძურებაც აწუხებთ, რის შესახებ კვლევებს გარემოს ეროვნული სააგენტო მუდმივად ატარებს.

"ჩვენ გვაქვს სტაციონარული სადგურები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში 4 ადგილზე, ყაზბეგზე, წერეთლის გამზირზე, ვარკეთილსა და ვაშლიჯვარში მუშაობენ. ბოლო ეტაპზე, სექტემბერში დედაქალაქის 18 წერტილი გადავამოწმეთ, შედეგები დიდი ბრიტანეთის ლაბორატორიაში გადავაგზავნეთ და საბოლოო მონაცემები ევროკავშირის ნორმატივებს შევადარეთ. შედეგად, აზოტის დიოქსიდის დაბინძურება ნორმის ფარლებში იყო გლდანის პირველ მიკრო რაიონში, ბენდელიანის ქუჩაზე და მზიურის პარკის ტერიტორიაზე. აზოტის დიოქსიდით ყველაზე მაღალი დაბინძურება დაფიქსირდა მელიქიშვილის ქუჩაზე, ავლაბრის მოედანზე, ტაშკენტის ქუჩასა და მეტროსადგურ "დელისთან", ასევე კინოსკოლის წინ.

ნორმაზე მეტი მაჩვენებელი ასევე მეტროსადგურ "ისანთან", თოფურიასა და ბეგიაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, ასევე აგლაძის ქუჩაზე, ავტოსადგურ "ოკრიბას" ტერიტორიაზე, მარჯანიშვილის მოედანზე, დიდ დიღომში პეტრიწის ქუჩაზე, არაყიშვილის ქუჩაზე, მუხიანში გობრონიძის ქუჩასა და დიღომში მიქელაძის ქუჩაზე დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ოზონისა და ბენზოლის მაჩვენებლის გადაჭარბება არსად არ ყოფილა, ნორმაზე გადაცდენა მხოლოდ აზოტის დიოქსიდის შემთხვევაში დაფიქსირდა, რაც რა თქმა უნდა, ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვთანაა დაკავშირებული", – განმარტავს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, მარინა არაბიძე.

მისივე განმარტებით, საშუალო წლიური მონაცემებით, ოზონის შემცველობა წერეთლის გამზირზე 1,4–ჯერ აღემატებოდა ნორმას, ხოლო 9–ჯერ ვარკეთილში, – "ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი არის არის გამონაბოლქვი, რომელსაც ავტოტრანსპორტი გამოყოფს. თბილისში ჰაერის დაბინძურების 90% ავტოტრანსპორტზე მოდის", – დასძენს სპეციალისტი.

აღსანიშნავია, რომ აზოტის დიოქსიდის მაღალ მაჩვენებელთან ერთად, ნარჩენებით დაბინძურება ჩვენს ჯანმრთელობას კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის, სწორედ ამიტომ, სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ეკოლოგიაზე ზრუნვა მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებს არ მივანდოთ და თავად, ყოველდღიურად დავიცვათ ქალაქში სისუფთავე.