უნდა იყოს თუ არა მშობელი ბავშვის გვერდით სამედიცინო მანიპულაციების დროს? | Allnews.Ge

უნდა იყოს თუ არა მშობელი ბავშვის გვერდით სამედიცინო მანიპულაციების დროს?

ირმა ერთ–ერთია იმ მშობელთა შორის, რომელსაც სამშობიაროში ბავშვისთვის სამედიცინო მანიპულაციების ჩატარების მიზეზით, რამდენიმე დღის განმავლობაში, შვილისგან განცალკევებით ყოფნა მოუწია, – "ჩემთვის ძალიან რთული იყო. ბავშვთან რეანიმაციაში ვერ შევდიოდი. თან არც ვიცოდი, როგორ იყო, როგორ ეძინა, კარგად ჭამდა თუ არა, მერჩივნა, რომ მასთან ერთად ვყოფილიყავი. მახსოვს, როგორც ბავშვის ავადმყოფობის, ისე მასთან დაშორების გამო მძიმე სტრესი გადავიტანე", – იხსენებს ირმა.

მსგავსი პრობლემის წინაშე დადგა 2 წლის ლუკას დედაც. ნატა ამბობს, რომ ექიმთან ვიზიტისას, როგორც წესი, სამედიცინო მანიპულაციების ჩატარების პროცესზე დასწრების უფლებას არ აძლევენ და დერეფანში შვილის ტირილის ხმა მისთვის საკმაოდ მძიმე მოსასმენია.

"მშობლისთვის ვფიქრობ რთულია კარს მიღმა ბავშვის განწირულ ტირილს უსმენდე. თან ამ დროს ფიქრობ, იქნებ რამეს არასწორად უკეთებენ ან ცუდად ექცევიან. მიმაჩნია, რომ ეს ბავშვისთვისაც მძიმე და სტრესულია, ვინაიდან მას მუდმივად სჭირდება მშობელი როგორც დამცველი, რომელიც ასეთ დროს გვერდით ეყოლება. კლინიკაში ორჯერ მოვხვდით და კათეტერის გაკეთების დროს არამარტო მე, არამედ სხვა ბავშვების მშობლებსაც ოთახიდან უშვებდნენ", – აღნიშნავს ნატა.

რამდენად სტრესულია ბავშვისთვის სამედიცინო მანიპულაციების ჩატარებისას ექიმებთან მარტო დარჩენა და უნდა იყოს თუ არა ამ დროს მშობელი შვილთან ერთად?

"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელის, ანა არგანაშვილის განმარტებით, ინტენსიური ზრუნვის პალატებსა და ზოგადად, ბავშვისთვის სამედიცინო მანიპულაციების ჩატარების დროს მშობლებისა და შვილების ერთმანეთისთვის დაშორება ბავშვებზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს.

"ბავშვისა და დედის ერთმანეთისგან დაშორების უარყოფითი შედეგები ძალიან მძიმეა, ჩემი მოსაზრებით, ბავშვები ხშირად მეორად სტრესს განიცდიან იმის გამო, რომ უცხო ადამიანებთან მარტო რჩებიან, მაშინ, როდესაც სამედიცინო შედეგიც უკეთესი დადგება, თუ ბავშვს გვერდით ახლობელი ეყოლება. როდესაც სამედიცინო მანიპულაციების დროს ბავშვი მარტო რჩება, ამ დროს მისი მეორადი ტრავმატიზაცია ხდება", – აღნიშნავს ანა არგანაშვილი.

მისი თქმით, მშობლისა და ბავშვის ასე დაშორება ბავშვთა უფლებებისთვის შეუსაბამოა, რადგან ბავშვს უფლება აქვს, დაცულ გარემოში იყოს, – "ბავშვს უფლება აქვს, არ აღმოჩნდეს ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ და მიიღოს მაღალი ხარისხის სამედიცინო ჩარევა," – დასძენს "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი.

ანა არგანაშვილის თქმით, ბავშვი რაც უფრო პატარაა, საფრთხის შეგრძნება უფრო გამძაფრებული აქვს, შესაბამისად, შესაძლოა, ასეთ დროს უფრო დიდი სტრესის ქვეშ აღმოჩნდეს, – "მაგალითად, როდესაც ჩემი ბავშვი აცრაზე მიმყავდა, ყოველთვის ითხოვდა, რომ სამედიცინო პროცედურის დროს მასთან ერთად ვყოფილიყავი, თუმცა, რამდენჯერმე იყო შემთხვევა, როცა მშობლებს ბავშვებთან არ უშვებდნენ. ბავშვები, როგორც წესი ამას ითხოვენ ხოლმე, შესაბამისად, მათი აზრი აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. ზოგადად, საქართველოში ეს არის პრობლემა, რომ ბავშვებს აზრს არ ვეკითხებით ან თუ ვეკითხებით, არ ვითვალისწინებთ.

არის კიდევ ერთი ფაქტორი. ზოგ სამედიცინო დაწესებულებაში მშობლებს უშვებენ, თუმცა ფორმალურად, რადგან იქ არ არის შესაბამისი პირობები, რომ ბავშვთან ერთად გაჩერდე, მაგალითად, არის მხოლოდ ერთი სკამი და თუ ბავშვს ინტენსიური ზრუნვის პალატაში დარჩენა ესაჭიროება, ღამის გათევა მშობელს ძალიან უჭირს. საავადმყოფოში არ არის პირობები, რომ მშობელი ბავშვთან ერთად გაჩერდეს. ეს მშობლისთვისაც და ბავშვისთვისაც ტანჯვას იწვევს. აქ უკვე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გადასაჭრელ საკითხთან მივდივართ. თუ ამ უწყებამ უნდა მოაგვაროს, რომ გვქონდეს ბავშვისთვის მეგობრული ჯანდაცვა, როგორც ევროპაში ეძახიან და ასეთი კომპონენტი ექიმების განათლებაშიც შეიტანონ, ასწავლონ, რომ ეს სამედიცინო პროცედურების გაუმჯობესებისთვისაც მნიშვნელოვანია", – განმარტავს ანა არგანაშვილი.

"როცა მშობელი ბავშვთან ერთად არაა, მას შეიძლება ჰქონდეს მიტოვებულობის განცდა, ექნება უცხო ადამიანებთან ყოფნის საფრთხე, გარდა ამისა, ბავშვს არ ეუბნებიან, რის შემდეგ რას აკეთებენ ხშირად ანუ მოულოდნელობის განცდა აქვს, კითხვის დასმას ვერ ახერხებს, ძალიან სტრესულია" – დასძენს "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, მიუხედავად საქართველოში დამკვიდრებული ასეთი პრაქტიკისა, არსებობს ძირითადად, სტომატოლოგიური კლინიკები, სადაც ექიმები მანიპულაციებს მშობლების თანდასწრებით ატარებენ, – "ამ შემთხვევაში ექიმი უფრო მეტ დროს დახარჯავს, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის კლინიკაში მისვლა არ იყოს შემდგომში ძალადობრივი ანუ დაძალება არ მოუწიოს მშობელს და სიხარულით მივიდეს," – აღნიშნავს სპეციალისტი.

ანა არგანაშვილი ამ პრობლემის გადაჭრის ყველაზე ძლიერ გზად მშობლების მიერ მანიპულაციებზე დასწრების უფლების მინიჭებასა და სტაციონარებში შესაბამისი პირობების მოწყობაში ხედავს.

myquiz