11.10.2017 / 14:23
შრიფტის ზომა:

პაატა იმნაძე - აზიური ფაროსანა არ იკბინება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს და არ იკბინება. როგორც პაატა იმნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ადამიანი ალერგიული არ არის, ამ შემთხევაში მასთან შეხებისას არავითარი რეაქცია არ ხდება. ამასთან, იმნაძის განმარტებით, ფაროსანა არ განეკუთვნება იმ მწერების რიცხვს, რომლებსაც დაავადების გადატანა შეუძლიათ.

"ფაროსანა არ მიეკუთვნება იმ მწერების კატეგორიას, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემხებლობა აქვს. ასეთები გახლავთ, კოღოები, ტკიპები, რწყილები და ა.შ. ბუზმაც კი შესაძლოა მექანიკურად გადაიტანოს მიკრობები, მაგრამ ფ

აროსანა ასეთ მწერებს არ განეკუთვნება. ანუ ადამიანის ჯანმრთელობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ერთადერთი, რაც შეიძლება ფაროსანასთან იყოს დაკავშირებული ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა მწერთან და ნებისმიერ სხვა მცენარესთან, ეს არის ალერგია. ფაროსანას კბენა არ ახასიათებს. ფაროსანა ადამიანის დაავადებების მხრივ საშიში არ არის, საშიშია იმით, რომ დიდ ეკონომიურ ზარალს იწვევს და ანადგურებს მოსავალს", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე განმარტებით, მავნებელი მწერი ზამთარში თბილ ადგილებს ეძებს, ამიტომ სეზონის ამ დროს, რაც მეტი ფაროსანა განადგურდება, მით უფრო ნაკლებია რისკი გაზაფხულზე მისი გავრცელების.

შეგახსენებთ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გუშინ დაადასტურა, რომ თბილისში აღმოჩენილი მწერი აზიური ფაროსანაა.