როგორ გავანადგუროთ ფაროსანა სახლის პირობებში - ბიოლოგ ნინო ინასარიძის რჩევები | Allnews.Ge

როგორ გავანადგუროთ ფაროსანა სახლის პირობებში - ბიოლოგ ნინო ინასარიძის რჩევები

თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.

ინასარიძე მწერთან ბრძოლის მსოფლიო გამოცდილებაზე საუბრობს და განმარტავს, რომ ჯერ არსად დაფიქსირებულა შემთხვევა, რომ მწერს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანი მიეყენებინა.

"პირველ რიგში, უნდა გითხრათ, რომ ეს მწერი არ არის არც მკბენარი და არანაირ ალერგიას არ იწვევს, არ უშვებს სუნს თუ არა დაჭყლიტე. მასთან შეხება არ იწვევს არანაირ ალერგიულ რეაქციას. ჩემს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ ეყრდნობა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების და ჩემი, როგორც ბიოლოგის განცხადებებს, ეს არის საერთაშორისო გამოცდილების და პრაქტიკიდან აღებული ინფორმაცია. უკვე დიდი ხანია, მაგალითად, ამერიკასა და იტალიაში ებრძვიან აღნიშნულ მწერს და არსად დაფიქსირებულა, რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის რაიმე ზიანი გამოეწვია", - განაცხადა ნინო ინასარიძემ.

მისივე თქმით, ისტერია, რომელიც თბილისში მწერის გამოჩენას მოჰყვა, აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია.

ინასარიძემ რამდენიმე წლის წინ თბილისში კალიების შემოსევა გაიხსენა და აღნიშნა, რომ "მსგავსი ისტერია მაშინაც არ ყოფილა".

"ერთადერთი გზა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის არის, რომ შევამციროთ მისი რაოდენობა მექანიკური საშუალებებით და ეს შეიძლება იყოს ცოცხით კედლიდან ჩამოღება, მტვერსასრუტით შეგროვება და ა.შ. უნდა მოვაგროვოთ და აუცილებლად გავანადგუროთ. ის ადვილად არ ემორჩილება ასეთ შეტევებსაც კი, ამიტომ განადგურება აუცილებელია. თუ საქმე ეხება ფაროსანას დიდ რაოდენობას, რაც დაფიქსირებულია დასავლეთ საქართველოში, იქ უკვე შეგვიძლია ვიმოქმედოთ სახლის ხაფანგების მეთოდებით, რომლებიც ძალიან ადვილი დასამზადებელია. შესაძლოა, ეს იყოს ღამით დატოვებული ანთებული ფანარი რაიმე სახის ჭურჭელთან ერთად, რომელიც მწერს იზიდავს და ერთ ადგილას აგროვებს, ასევე შეიძლება იყოს ქაფიანი წყალი, რომელიც ჯამში მოთავსდება და დანათებული აქვს სანათი. ანუ ფაროსანას ბიოლოგია არის ის, რომ ის მიდის სინათლეზე. ანუ თუ ღამით დავტოვებთ სანათს ისე, რომ მივიდეს ნათურასთან, რომელიც იქნება ცხელი, ფაროსანა ჩამოვარდება და ჩავარდება ქაფიან წყალში, ის განადგურდება ავტომატურ რეჟიმში. გარდა ამისა, იქ, სადაც ეზოები აქვს მოსახლეობას, რეკომენდებულია მუყაოს ყუთების დადგმა, რომელსაც აქვს ხვრელები. მწერს ამ შემთხვევაში უჩნდება სახლის ასოციაცია და გროვდება ყუთში. ვფიქრობ, ეს მიდგომა ძალიან ეფექტურად იმუშავებს. ჩვენ არ ვართ პირველი ქვეყანა, რომელიც ებრძვის მწერს, ასე ებრძვის სახლის პირობებში ფაროსანას ამერიკაც, იტალიაც, ესპანეთიც და ა.შ", - აღნიშნა ბიოლოგიის დოქტორმა.

ინასარიძის განმარტებით, ზამთარში აზიური ფაროსანა ერთეული შემთხვევების გარდა არ დაფრინავს, იბუდებს და იძინებს.

"შესაძლოა, ფრენის ერთეული შემთხვევები იყოს, ვიდრე დაიძინებს ფაროსანა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მთელი მისი პოპულაცია ზამთარში შედის ძილის ფაზაში. სწორედ ამიტომ არის ახლა აქტიურად გამოფენილი, რომ დათბა და იმარაგებს საკვებს, ძლიერდება და ემზადება ძილისთვის. თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, რომ გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, რომელმაც შეიძლება შემდეგ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს მიაყენოს ზიანი”, - აღნიშნა ნინო ინასარიძემ.

რაც შეეხება სახელმწიფოს როლს მწერთან ბრძოლაში, ნინო ინასარიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს როლი ამ ყველაფერში დიდია, ძირითადად საინფორმაციო კამპანიის და სწავლების კუთხით.

"აზიური ფაროსანას თემა არის ისეთი საკითხი, რომელშიც რაც არ უნდა დიდი ძალისხმევა გამოიჩინოს სახელმწიფომ, შეუძლებელია დაამარცხოს მოსახლეობის აქტიური ჩარევის გარეშე. სახელმწიფო ყველა სახლში ვერ შევა და რომც შევიდეს, სახლებს ქიმიურად ვერ შეწამლავს. ეს უნდა გააკეთოს მოსახლემ, უბრალოდ მას სახელმწიფო უნდა მიეხმაროს და ასწავლოს, როგორ არის უმჯობესი. საუბარი არ არის პლანტაციებზე, სადაც სახელმწიფომ შეიძლება კეთილი ნება გამოიჩინოს და დაეხმაროს მოსახლეობას წამლის დარიგებით, ვინაიდან ამ ეტაპზე ის არ იყიდება. ასეთი ტიპის პრაქტიკული დახმარებები მნიშვნელოვანია, თუმცა ჩემი პირადი აზრით და მსოფლიო სპეციალისტების რჩევით, სახელმწიფოს ძირითადი როლი ის არის, რომ დროულად მიაწოდოს ინფორმაცია, გააკეთოს პრევენცია და მოსახლეობას ასწავლოს მწერთან ბრძოლის მეთოდები. დამერწმუნეთ, ის, რასაც აკეთებს ჩვენი სახელმწიფო, არის გაცილებით მეტი, ვიდრე შეიძლებოდა გაეკეთებინა ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის მთავრობას", - განაცხადა ნინო ინასარიძემ.

myquiz