სასამართლომ ექიმ-ანესთეზიოლოგს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა | Allnews.Ge

სასამართლომ ექიმ-ანესთეზიოლოგს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ექიმ-ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისათვის დამნაშავედ ცნო და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

საქმის მასალების თანახმად, 2015 წლის 4 თებერვალს, თბილისში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში, პაციენტს, ჰიდრონეფროზის დიაგნოზით, ჩაუტარდა ოპერაცია და პოსტოპერაციულ პალატაში იმყოფებოდა ანესთეზიოლოგ ვახტანგ ა.-ს დაკვირვების ქვეშ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ავადმყოფის მდგომარეობა დამძიმდა ჰიპოტენზი-არტერიული წნევის ვარდნის გამო, ბრალდებულმა ანესთეზიოლოგმა კი ვერ განახორციელა სუბმკლავის ჩადგმა, არ გადაამოწმა სისხლის უკუდენების შემოწმებით ვენა-კათეტერის სწორად დგომა და ისე განახორციელა ინფუზიური თერაპია.

"აღნიშნული მანიპულაციით, დაზიანდა მარჯვენა ლავიწქვეშა ვენისა და გულ-მკერდის არტერია, რამაც ინტრაპრევლარული სისხლდენა გამოიწვია და განვითარდა პოლიორგანული უკმარისობა, ხოლო ჰემორაგიული სითხე დაახლოებით 4 ლიტრის ოდენობით, ფილტვის პლევრაში ჩაიღვარა. ბრალდებული ექიმი უსაფუძვლოდ იმედოვნებდა მდგომარეობის გამოსწორებას, რის გამოც, 6 საათის განმავლობაში პაციენტი ყოველგვარი გამოკვლევების ჩატარების გარეშე ამყოფა. კლინიკის დირექტორის გადაწყვეტილებით, კატასტროფის ბრიგადამ პაციენტი სხვა ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა გაწეული დროული და ადეკვატური ღონისძიებების გატარების მიუხედავად, მისი სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხერხდა", - აცხადებენ სასამართლოში.

სასამართლომ, მოწმეთა და ბრალდებულის ჩვენებების, პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო ხარისხის შესწავლის შედეგებისა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით, ბრალდებული ვახტანგ ა. დამნაშავედ ცნო. სასამართლო დაეყრდნო კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმადაც პაციენტის სიკვდილის მიზეზი დაზიანებული სისხლ-ძარღვებიდან ინტრაპრევრალური სისხლდენის გამო განვითარებული პოლიორგანული უკმარისობა გახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს განცხადებით, კლინიკაში სწორი, დროული და ადეკვატური ღონისძიებების ჩატარების შემთხვევაში, სიკვდილის აცილება შესაძლებელი იყო. სასამართლოს განაჩენით, ბრალდებულს 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ასევე დამატებით, 2 წლის ვადით, ჩამოერთვა სამედიცინო საქმიანობის უფლება.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

myquiz