რა შემთხვევაშია აუცილებელი ე.წ. გლანდების ოპერაციის გაკეთება და რა გართულებებს იწვევს იგი? | Allnews.Ge

რა შემთხვევაშია აუცილებელი ე.წ. გლანდების ოპერაციის გაკეთება და რა გართულებებს იწვევს იგი?

სასის ტონზილიტი იგივე "გლანდები" შეიძლება ითქვას, რომ ორგანიზმში ორ ფუნქციას ასრულებს, ერთი მხრივ იცავს მას, მეორე მხრივ კი თავად ხდება მავნებელი. "გლანდების" პრობლემა საკმაოდ ხშირია როგორც ბავშვებში, ასევე მოზარდებში. როდის არის აუცილებელი და რა ასაკში "გლანდების" ოპერაციის გაკეთება, ამის შესახებ Allnews.ge ოტორინოლარინგოლოგ ნატო ნაკუდაშვილს ესაუბრა.

-რა შემთხვევაშია აუცილებელი ე.წ. გლანდების ოპერაციის გაკეთება?

-როდესაც პაციენტს აქვს ქრონიკული ტონზილიტისთვის, იგივე გლანდებისთვის დამახასიათებელი ნიშნები. ადგილობრივი ნიშნებიდან აღსანიშნავია თავისუფალი ჩირქი სასის ტონზილებში, ტონზილების სპეციფიური აღნაგობა ანუ შენება, ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნებიდან დამახასიათებელია ადვილად დაღლა ან საერთო სისუტე, შეიძლება პაციენტს ჰქონდეს ხშირი ოფლიანობა, სახრების არეში ტკივილი, გულის არეში ჩივილები.

-რა ასაკში ჯობს ოპერაციის გაკეთება?

-როდესაც ინტოქსიკაციის სურათი უკვე გამოხატულია, მაშინ დამცველობითი ფუნქცია აქვს დაკარგული სასის ტონზილებს. მნიშვნელობა ასაკს კი არა, იმას აქვს, თუ ტონზილა იცავს ორგანიზმს, უკეთესია არ ამოიჭრას, ხოლო თუ ვერ იცავს და პირიქით წამლავს, მაშინ მის შენარჩუნებას აზრი არ აქვს.

-ხშირად გამიგია, "გლანდების" ოპერაციის გაკეთება პატარაობაში უკეთესიაო..

-ახლა სხვა კუთხით შევხედოთ იგივე საკითხს, ოპერაციის შემდეგ შეხორცების პროცესი რომელ ასაკში უფრო მარტივად მიმდინარეობს? ანუ ბავშვებს ემოციურ ასპექტში უფრო მსუბუქად გადააქვთ ოპერაცია, რადგან ვერ ხვდება რა გაუკეთეს, ამას გარდა, ქრონიკული პროცესი ცოტა ხანს გრძელდება.

-მაგრამ ოპერაციის გაკეთება სავალდებულოც არ არის ხომ?

-თუ ადამიანს არ აწუხებს, რატომ უნდა გაიკეთოს? სხვათაშორის, მას დამცველობითი ფუნქცია გააჩნია. ტონზილის ზედაპირზე ხდება სპეციალური უჯრედების ამოსვლა, რომელიც შემოჭრილი აგენტების ფორმულას იმახსოვრებენ, ბრუნდებიან უკან ჩვენს ორგანიზმში და ეუბნებიან რომელი სახის ლიმფოციტები უნდა გამოიმუშაოს ორგანიზმმა, გამომუშავდება შესაბამისი ლიმფოციტი და ორგანიზმი ებრძვის შემოჭრილ ინფექციას. თუ ადამიანს არ აწუხებს, უკეთესია სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნოს სასის ტონზილები.

-რა გართულებებს იწვევს "გლანდები"?

-როდესაც ინტოქსიკაცია უკვე დაწყებულია, შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერი პრობლემა, მაგალითად თირკმლის ანთება, ასევე რევმატოიდული დაავადებები, ხალხში ამას სახსრების ტკივილს ეძახიან. შეიძლება გულზე მანკიც კი გამოიწვიოს. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც შეინიშნება ნიშნები, საჭიროა ექიმთან დროულად მისვლა და დაავადების გამოვლენა.

myquiz