"აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით გამოძახებები აღმოსავლეთ საქართველოშიც იყო" | Allnews.Ge

"აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით გამოძახებები აღმოსავლეთ საქართველოშიც იყო"

აღმოსავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანა არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ზურაბ ლიპარტიამ განუცხადა.

მისივე თქმით, აზიური ფაროსანას ძირითადი გავრცელების არეალი დასავლეთ საქართველოშია, სადაც სურსათის ეროვნული სააგენტო დღესაც ახორციელებს ღონისძიებებს.

"ძირითადი გავრცელების არეალი დასავლეთ საქართველოშია, სადაც სურსათის ეროვნული სააგენტო ღონისძიებებს ახორციელებს. დღესაც მიმდინარეობს ეს ღონისძიებები, თუმცა კლიმატური ცვლილებების შედეგად, მათმა ნაწილმა სახლებში გადაინაცვლა, რაც გარეთ დარჩა, ბუნებრივი სიკვდილით დაიხოცება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ვაგრძელებთ მონიტორინგს”, - განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.

მისივე თქმით, აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით გამოძახებები აღმოსავლეთ საქართველოდანაც იყო, თუმცა ლიპარტიას ინფორმაციით, არც ერთ გამოძახებაზე აზიური ფაროსანა არ დაფიქსირებულა, ისინი ადგილობრივი ენდემური სახეობები იყვნენ.

"იყო ზარები აღმოსავლეთ საქართველოში სიღნაღიდან, გურჯაანიდან, დედოფლისწყაროდან, თბილისიდან. ეს არ არის აზიური ფაროსანა, ესენია ენდემური სახეობა. ასეთი 24 სახეობაა საქართველოში. მხოლოდ და მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია გაარჩიოს არის თუ არა ეს აზიური ფაროსანა. აღმოსავლეთ საქართველოში ჯერჯერობით არცერთ გამოძახებაზე აზიური ფაროსანა დაფიქსირებული არაა. დაფიქსირებულია ფაროსნების ადგილობრივი სახეობები, რომელიც საქართველოში ოდითგანვე იყო. მათ ჰყავთ ბუნებრივი მტრები და მათი რიცხოვნობა კონტროლირდება ბუნებრივი მტრების მეშვეობით. მაგრამ ჩინურ სახეობას, რომელიც შემოსულია ამერიკის კონტინენტიდან, ჯერჯერობით ბუნებრივი მტერი არ ჰყავს, ამიტომ ჩვენ ვებრძვით, როგორც მექანიკური, ისე ქიმიური საშუალებებით", - განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.

მისივე თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მოსახლეობისთვის გადაცემული პრეპარატის სახლის პირობებში გამოყენება არ შეიძლება. ზურაბ ლიპარტიას ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს საიტზე დევს დეტალური ინფორმაცია იმ მექანიკურ საშუალებებთან დაკავშირებით, რომლითაც სახლში შეიძლება აზიური ფაროსანას დაჭერა და განადგურება.

"სურსათის ეროვნული სააგენტოს საიტზე დევს დეტალური ინფორმაცია თუ როგორ უნდა მოხდეს სახლებში ღონისძიებების გატარება. კატეგორიულად აკრძალულია პესტიციდების გამოყენება საცხოვრებელ სახლებში, ეს უნდა გამოიყენონ გარეთ. სახლებში არის მექანიკური საშუალებებები, დაახლოებით 10-მდე ხერხი არსებობს, თუ როგორ უნდა იქნეს დაჭერილი და განადგურებული", - განაცხადა ლიპარტიამ.

myquiz