ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა - სტიქიის შედეგები ქობულეთში | Allnews.Ge

ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა - სტიქიის შედეგები ქობულეთში

ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა და ქობულეთში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დატბორა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ქობულეთის გამგეობაში განუცხადეს.

აღნიშნულის გამო წუხელ, გარკვეული დროის განმავლობაში ქობულეთში გადაადგილება შეზღუდული იყო რკინიგზის სადგურისა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე გელაურის დასახლებაში, ჯავახიშვილის, რუსთაველისა და გურამიშვილის ქუჩებზეც.

საგანგებო რეჟიმში მუშაობდა სტიქიის შტაბი, მობილიზებული იყო მობილური ჯგუფები და ინტენსიურად იწმინდებოდა სანიაღვრე სისტემები, რასაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე პირადად ხელმძღვანელობდა.

გამგეობაში ამბობენ, რომ უხვი ნალექის შედეგად პრობლემები შეიქმნა მუნიციპალიტეტის სოფლებში, დაიმეწყრა შიდა სასოფლო გზები და საცხოვრებელი სახლები. დაზარალებულების მდგომარეობას სტიქიის შემსწავლელი კომისია განიხილავს.

ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთში რამდენიმე ქუჩაზე საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. როგორც ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დილიდან ამოტუმბვითი სამუშაოები დაიწყება. მისივე თქმით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანსა და კვირიკეში, საცხოვრებელ სახლებთან მეწყერი დაფიქსირდა, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ქობულეთში გელაურის დასახლებაში კაიკაციშვილის ქუჩა, ასევე ჯავახიშვილისა და რუსთაველის ქუჩებზე საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ახლა მდინარის დონემ იკლო და დილიდან საგანგებო სამსახურთან ერთად ამოტუმბვით სამუშაოებს დავიწყებთ. სოფელ კვირიკესა და ჩაისუბანში საცხოვრებელ სახლებთან მეწყერი ჩამოწვა, დაშავებული არავინ არის. ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფლებთან მისასვლელ გზებზე პრობლემები არ ფიქსირდება",- განაცხადა სულხან ევგენიძემ.

myquiz