საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან - ადგილზე მობილიზებულია პოლიცია | Allnews.Ge

საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან - ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

თბილისის მერიასთან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები. ისინი ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიისთვის თაბორის მთაზე ტერიტორიის გადაცემას აპროტესტებენ. მერიასთან უკვე იმყოფება "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი. როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, აქციის მონაწილეები არ დაუშვებენ, რომ ტერიტორია ყოფილ პრემიერ-მინისტრს გადაეცეს.

"ჩვენ არ დაველოდებით არჩევნებს და არ მივცემთ მერიას უფლებას, რომ საბოლოოდ დაუდასტუროს საკრებულოს ტერიტორიის გადაცემა ივანიშვილისთვის. რა თქმა უნდა, არჩევნების შემდეგ ეს ყველაფერი შეიცვლება, თუმცა ტერიტორიის გადაცემის საშუალებას არც არჩევნებამდე მივცემთ. თუ ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდება, რა თქმა უნდა, ეს აქცია ერთჯერადი იქნება, მაგრამ თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, აქციები პერმანენტული იქნება", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, თუ დავით ნარმანია არ მოდის ხალხთან, ხალხი მივა დავით ნარმანიასთან. უდუმაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ნარმანიასთვის მიცემული ნახევარსაათიანი ვადა უკვე ამოიწურა, თუმცა ნარმანია არ გამოსულა და არ დაუფიქსირებია პოზიცია პუშკინის სკვერსა და თაბორის მთასთან დაკავშირებით.

უდუმაშვილის თქმით, ახლა უკვე საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები ეცდებიან შეხვდნენ მერიაში დავით ნარმანიას და მაღალჩინოსნებს, რათა მიიღონ პასუხები იმაზე, აპირებენ თუ არა არჩევნებამდე ამ საკითხის შეჩერებას.

ამ დროისთვის შარტავას ქუჩა აქციის მონაწილეებს კვლავ გადაკეტილი აქვთ.

თბილისის მერიასთან მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცველებს მერიის შესასვლელთან კორდონი აქვთ გაკეთებული.

myquiz