ცოფით დაავადების შემთხვევები საქართველოში - სპეციალისტები მოსახლეობას მიმართავენ | Allnews.Ge

ცოფით დაავადების შემთხვევები საქართველოში - სპეციალისტები მოსახლეობას მიმართავენ

2015 წლიდან დღემდე, საქართველოში ადამიანის ცოფით დაავადების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მიერ კომპლექსურად გატარებული ღონისძიებების შედეგად, გარკვეული დადებითი შედეგები არსებობს. თუმცა მიუხედავად ამისა, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს, რომ ვინაიდან მედიცინა ცოფთან უძლურია, ცხოველის მიერ დაკბენის შემთხვეაში, სამედიცინო დაწესებულებას დაუყოვნებლივ მიმართონ.

"დაკბენილ ადამიანთა 80% მოდის ე.წ. პატრონიან ცხოველებზე, ამიტომ მივმართავ მოსახლეობას, კატა იქნება თუ ძაღლი, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ცხოველი დაგკბენთ, სამედიცინო დაწესებულებას დროულად მიმართეთ. ამ დროს შანსი ნაკლებია, რომ დაკბენის შემდეგ ადამიანი ცოფით დაავადდეს. ქვეყანაში საკმარისი მარაგი არსებობს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის. ცოფთან "თამაში" არ შეიძლება. ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის ისეთი დაავადება , რომლის განვითარების შემთხვევაში მედიცინა მის წინააღმდეგ უძლურია. ამიტომ, დაავადების თავიდან ასაცილებლად მიმართეთ ექიმს. არსებობს, ძალიან ეფექტური და თითქმის, 100%-იანი დაცვის საშუალება. დაკბენის შემთხევაში თუ ადამიანი აიცრება, მაშინ ეს არის იმის მყარი გარანტია რომ ცოფი არ განვითარდეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის დემნა ხელაიას განცხადებით, 2013 წლიდან ქვეყანაში ცოფის პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება, რომლის თანახმადაც სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით შინაური ცხოველების მასიურ ვაქცინაციას ატარებს, ძირითადად კი ძაღლების და კატების.

"მე მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ამ პროგრამით ისარგებლონ და ჩაუტარონ თავიან ცხოველებს პროფილაქტიკური ვაქცინაცია, რაც იმის გარანტიაა, რომ ცოფი ცხოველებში არ გავრცელდება. გარდა ამისა, ყოველწლიურად ვიძენთ იმ რაოდენობის ვაქცინას, რომელიც ცოფის პროფილაქტიკისთვის საკმარისია. ვაქცინაცია უფასოა, ვაქცინა კი ჩეხური წარმოებისაა. ყოველწლირად ვატარებთ მის გამოცდას. გარდა ამისა, ჩვენ წელს, საპილოტედ ავირჩიეთ მოსწავლე-ახალგაზრდობა, დავდივართ სკოლებში და მოსწავლეებს ვუხსნით, თუ როგორ უნდა მოუარონ შინაურ ცხოველბს და რა უნდა მოიმოქმედონ ცოფის თავიდან ასაცილებლად. მოვუწოდებ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სახლში შინაური ცხოველები ჰყავთ, უნდა მიმართონ სახელმწიფო ვეტერანულ სამსახურს და წელიწადში ერთხელ, ცხოველებს ვაქცინაცია უნდა ჩაუტარონ", - განაცხადა დემნა ხელაიამ.

myquiz