სტიქიის შედეგები დასავლეთ საქართველოში - დატბორილია ქუჩები | Allnews.Ge

სტიქიის შედეგები დასავლეთ საქართველოში - დატბორილია ქუჩები

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ადგილას მეწყერი ჩამოწვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ქობულეთის გამგებლის მოადგილემ, მალხაზ რომანაძემ განუცხადა, მეწყერი ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწვა, რის გამოც რამდენიმე წუთით მოძრაობა შეზღუდული იყო. მისივე ინფორმაციით, დაიმეწყრა ქობულეთის რამდენიმე სოფელიც.

"წუხელ, მეწყერი ქობულეთი-ოზურგეთის ცენტრალურ მაგისტრალზე ჩამოწვა. საგზაო დეპარტამენტი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა და ამ დროისათვის გზა გახსნილია. მეწყერული პროცესები სოფელ ქაქუთსა და გოგმაჩაურში დაფიქსირდა, დილიდან გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება. სოფელ ლეღვაში ჩამოწოლილი მეწყერის გამო, სალუქვაძის ოჯახი იძულებული გახდა, რომ მეზობელთან შეეფარებიათ თავი. ამასთან, სტიქიის გამო სოფელ წყავროკაში, გეოლოგები დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას შეისწავლიან. ამავე სოფელში დამაკავშირებელი ხიდი დაზიანდა. ძლიერი წვიმის გამო, ცეცხლაური-ჯიხანჯურის გზა ჩაიკეტა. წუხანდელი სტიქიის შედეგად ქობულეთში ექვსი ოჯახი დაზარალდა, თუმცა ნგრევა და მსხვერპლი არ ყოფილა",- აცხადებს მალხაზ რომანაძე.

პრობლემები შექმნა ძლიერმა წვიმამ ფოტშიც. დაიტბორა რამდენიმე ცენტრალური ქუჩა. გადაადგილების პრობლემა შეექმნათ როგორც მსუბუქ ავტომობილებს, ისე ქვეითად მოსიარულეებს.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ლევან ჩოჩიას ინფორმაციით, ქალაქში მოქმედი შვიდივე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს, თუმცა უხვი ნალექის გამო წყალს გადინება უჭირს.

ადგილობრივების თქმით, ძლიერი წვიმის დროს აღნიშნული პრობლემა მუდმივად არსებობს და სანიაღვრე არხები მოსაწესრიგებელია.

რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა წუხელ ურეკშიც. ოზურგეთის გამგეობის პრესსამსახურის ცნობით, უხვი ნალექის გამო, წერეთლის ქუჩაზე ორი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიტბორა, ხოლო მესხის ქუჩაზე - 4.

ადგილზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ყაზაიშვილი იმყოფებოდა. მობილიზებული იყო სასწრაფო და სამაშველო სამსახურები. ურეკს ელექტროენერგია მიეწოდებოდა უწყვეტ რეჟიმში. ძლიერ წვიმას სხვა სოფლებში პრობლემები არ შეუქმნია. ზარალი უმნიშვნელოა.

გურიაში ძლიერი წვიმა გუშინ საღამოს საათებში დაიწყო და რამდენიმე საათის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა. ამ დროისთვის რეგიონში აღარ წვიმს.

myquiz