რამდენად საშიშია ნარკოზი? - გვერდით ეფექტებზე ანესთეზიოლოგი საუბრობს | Allnews.Ge

რამდენად საშიშია ნარკოზი? - გვერდით ეფექტებზე ანესთეზიოლოგი საუბრობს

წლების წინ ანესთეზია დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული, თუმცა მედიცინის განვითარებამ ეს რისკები მინიმუმამდე დაიყვანა. ანესთეზიოლოგებს, ოპერაციის დროს შეცდომის დაშვების უფლება არ აქვთ, რადგან პაციენტის სიცოცხლე, ფაქტობრივად, მათ ხელშია.

ანესთეზიოლოგ თამარ გოგიჩაიშვილის თქმით, ანესთეზია გაუტკივარებას ნიშნავს, რომელიც რამდენიმე სახისაა: ზოგადი, რეგიონული და ადგილობრივი.

"ზოგადი ანესთეზია გავრცელებული გამოთქმით – ნარკოზი, გაუტკივარების ის სახეა, რომლის დროსაც ტკივილის შეგრძნება ისპობა, პაციენტის ცნობიერება ითიშება და შესაბამისად, ის იძინებს. ნარკოზი ორი სახისაა, ინტრავენური და ინჰალაციური, თუმცა ეს ორი სახეობა უმეტესად, კომბინირებულად გამოიყენება. ინტრავენური ანესთეზიის დროს ვენაში შეგვყავს მედიკამენტები, რომლებიც გაუტკივარებას იწვევს. ასეთი ტიპის ანესთეზია მცირე და საშუალო მასშტაბის ოპერაციული ჩარევის დროს გამოიყენება. დიდი მასშტაბის ოპერაციული ჩარევის დროს კი საჭირო ხდება სხვა ტიპის ანესთეზიის გამოყენება, რომელიც ენდოტრაქეალურ ანესთეზიას გულისხმობს. ენდოტრაქეალურ ნარკოზს ჩვენ ვუწოდებთ სასუნთქი გზების პროტეზირებას სპეციალური, ე.წ ენდოტრაქეალური მილით, პაციენტის სუნთქვას სანარკოზე სასუნთქი აპარატი ანაცვლებს", - განმარტავს Allnews.ge-სთან საუბრისას ექიმი-ანესთეზიოლოგი.

მისივე თქმით, ზოგადი ანესთეზია მხოლოდ გაუტკივარებას არ გულისხმობს, ის მოიცავს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციის მონიტორინგსა და მის მართვას.

რაც შეეხება რეგიონულ ანესთეზიას, თამარ გოგიჩაიშვილის თქმით, ეს გაუტკივარების ერთ-ერთი სახეა, რომლის დროსაც მგრძნობელობა სხეულის გარკვეულ ნაწილში ითიშება, პაციენტის ცნობიერება კი დათრგუნული არ არის, - "რეგიონული გაუტკივარების ერთ-ერთი მეთოდი, წნულოვანი ანესთეზია პაციენტს ოპერაციის შემდგომ ტკივილის ხანგრძლივად გაყუჩების საშუალებას აძლევს. ერთი ჩხვლეტით შეყვანილი ნივთიერება საშუალებას იძლევა, დაახლოებით, 10 საათის განმავლობაში პაციენტი ტკივილმა არ შეაწუხოს. ეს მედიკამენტი ნერვის ირგვლივ მგრძნობელობას თიშავს და შესაბამისად, პაციენტი ხანგრძლივადაა კომფორტში" - განმარტავს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი.

თამარ გოგიჩაიშვილის თქმით, რეგიონული გაუტკივარების ერთ-ერთი გავრცელებული სახეა სპინალური და ეპიდორული ანესთეზია რომლის დროსაც ექიმებს ზურგის ტვინის არეში ხანგრძლივი მოქმედების საანესთეზიო საშუალებები შეჰყავთ, - "სპინალური გაუტკივარების დროს ტკივილის, შეხების შეგრძნებათა და ინექციის ადგილის ქვევით მოძრაობის დროებით გამოთიშვა ხდება. სპინალურ და ეპიდორული ანესთეზიას პაციენტის კომფორტისთვის ხშირად ვამატებთ ინტრავენურ ანესთეზიას, რა დროსაც პაციენტი იძინებს, ეს მისთვის უფრო კომფორტულია", - განმარტავს თამარ გოგიჩაიშვილი. მისივე თქმით, უკვე იშვიათად, ძალიან მცირე ჩარევების შემთხვევაში გამოიყენება ადგილობრივი ანესთეზია, რომელიც ტკივილს ლოკალურად კლავს.

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ანესთეზიას?

"ნარკოზის გართულებათა ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პაციენტს ნარკოზის უნდა შეეშინდეს. 

პროფესიონალმა ანესთეზიოლოგებმა ძალიან კარგად იციან, როგორ შეამცირონ მინიმუმამდე მათი რისკი. არ არსებობს ანესთეზიის უკუჩვენება, არსებობს უკუჩვენება ანესთეზიის კონკრეტული მეთოდის მიმართ. ანესთეზიოლოგის კვალიფიკაციის მაჩვენებელია ის, რომ ანესთეზიის მრავალი მეთოდიდან ავადმყოფ სინდივიდუალურად შეურჩიო სადეკვატური და შედარები თუსაფრთხომეთოდი.

თამარ გოგიჩაიშვილის თქმით, ანესთეზიოლოგი კარგად უნდა იცნობდეს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მან წინასწარ უნდა დაადგინოს, როგორი რეზერვი აქვს ორგანიზმს. ამიტომაც არის აუცილებელი, ანესთეზიოლოგის მიერ საოპერაციო პაციენტის გასინჯვა, რასაც წინ უნდა უძღოდეს სრულყოფილი ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევა, - "ზოგჯერ მათი მონაცემების ცვლილებას პეციალური, გაფართოებული კვლევის ჩვენებას წარმოადგენს. ამის შემდეგ, პაციენტის გასინჯვისას და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევისას მიღებული მონაცემების გათვალისწინებით, შეფასდება ანესთეზიის რისკი, რომლის შესახებაც აუცილებლად აცნობებენ პაციენტს. ამ კვლევების დროს მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ანესთეზიოლოგი შეარჩევს გაუტკივარების მეთოდსა და რეცეპტს, რომელიც ყველაზე მეტად არის მისაღები კონკრეტული ორგანიზმისთვის," - განმარტავს მედიკოსი.

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის თქმით, ერთ-ერთი  გართულება ალერგიული რეაქციაა, სწორედ ამიტომ პაციენტის მდგომარეობის წინასწარ კვლევა აუცილებლად უნდა მოხდეს, - "ამ გართულების თავიდან ასაცილებლად, ანესთეზიოლოგი კარგად უნდა იცნობდეს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, შესაბამისად, წინასაოპერაციო გასინჯვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ პაციენტს ალერგოლოგიური ანამნეზი აქვს, აუცილებელია, სპეციალური მომზადება.

ენდოტრაქეული ნარკოზის დროს ფილტვების ანთების ალბათობაც არსებობს, მაგრამ  ნორმალური სტერილიზაცია, სასუნთქი კონტურის ბაქტერიული ფილტრები, ერთჯერადი სამედიცინო აღჭურვილობით უზრუნველყოფა და სხვა ღონისძიებები რისკს საგრძნობლად ამცირებს. სწორედ ამიტომ თანამედროვე კლინიკებში სტაციონარული პნევმონიის ანუ ფილტვების ანთების სიხშირე დაბალია. რაც შეეხება ასპირაციას (პირნაღები მასები სმოხვედრას სასუნთქ გზებში), მისი განსაზღვრული რისკი ყოველთვის არის, მაგრამ ასეთი შემთხვევები ძალზე იშვიათია"- განმარტავსმედიკოსი.

თამარ გოგიჩაიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ რისკები თანმხლები დაავადების დროსაც იზრდება, კერძოდ, თუ პაციენტს კარდიოლოგისგან სისხლის გამათხლელებლები აქვს დანიშნული, ასეთი პაციენტისთვის რეგიონული ანესთეზიის გაკეთება არ შეიძლება.

ასევე, ანესთეზიოლოგების რეკომენდაციაა, პროცედურამდე 8 საათის განმავლობაში არ მივირთვათ, 4 საათის განმავლობაში კი სითხე არ მივიღოთ, - "ამ რეკომენდაციების დარღვევამ შეიძლება, სერიოზულ გართულებამდე მიგვიყვანოს", - აღნიშნავს თამარ გოგიჩაიშვილი.

თამარ გოგიჩაიშვილის თქმით, პაციენტმა არც ერთ ექიმს და, მით უმეტეს, ანესთეზიოლოგს არავითარი ინფორმაცია არ უნდა დაუმალოს. მან უნდა იცოდეს, რომ ექიმი მკაცრად იცავს პაციენტის მიერ მიწოდებული მონაცემების კონფიდენციალურობის პრინციპს.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz