ბაგა-ბაღის შენობიდან ბავშვის გადმოვარდნის ფაქტის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი | Allnews.Ge

ბაგა-ბაღის შენობიდან ბავშვის გადმოვარდნის ფაქტის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

ზემო ფონიჭალის 206-ე საჯარო ბაღის დირექტორის, მარინა გოგოლაძის ინფორმაციით, მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვი ინკლუზიური განათლების საჭიროების მქონე აღსაზრდელია.

როგორც გოგოლაძემ "ინტეპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, ბავშვთან შემთხვევის დროს მასწავლებელი იმყოფებოდა. ბაღის დირექტორი დეტალებზე ვერ საუბრობს, რადგან მასწავლებელთან ამ დრომდე არ ჰქონია კონტაქტი.

"მასწავლებელთან ერთად იყო ბავშვი და რაღაც მოხდა. გასარკვევია, მეც არ ვიცი. მე თვითონ პირველ სართულზე ვიყავი. ჯგუფში დღეს იყო 32 ბავშვი, ერთი აღმზრდელი, ერთი აღმზრდელის თანაშემწე, მრეცხავი და დამლაგებელი", - განაცხადა გოგოლაძემ.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა.

"მონიტორინგის სამსახური მივიდა ბაღში და დავადგენთ, უყურადღებობა იყო მიზეზი თუ რაიმე კონკრეტული ფაქტი მოხდა", - განაცხადა თორდინავამ. მისივე თქმით, მომხდარი ფაქტი არის მძიმე.

"რა თქმა უნდა, ეს ფაქტი არ უნდა მომხდარიყო. ჩემი აზრით, ალბათ, გაეპარათ ბავშვი და საძინებლიდან, მეორე სართულიდან გადახტა. აქედან გამომდინარე, მონიტორინგის სამსახური მაშინვე მივიდა ბაღში. მიმდინარეობს მოკვლევა. დავადგენთ უყურადღებობა იყო მიზეზი, თუ რაიმე კონკრეტული ფაქტი მოხდა. დამატებით ინფორმაციას აუცილებლად მივაწვდით მედიასაშუალებებს. მეც ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას, როგორც ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვისაც უშუალოდ ევალებოდა ბავშვზე ყურადღება, ალბათ, მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. მოვლენებს არ მინდა გავუსწრო, მონიტორინგის შედეგები გვეცოდინება, ალბათ, 2 საათში და შესაბამისად, მივიღებთ უმკაცრეს ზომებს. მომხდარი ფაქტი საკმაოდ დასაფიქრებელი და მძიმე", - განაცხადა თემურ თორდინავამ.

ფონიჭალაში საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც "ინგოროყვას კლინიკის" ექიმმა განაცხადა, ბავშვს ამ ეტაპზე მოტეხილობები არ აღენიშნება, მას ფილტვი აქვს დაზიანებული.

 

myquiz