ბორჯომში ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ | Allnews.Ge

ბორჯომში ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში ამჟამად 4 ვერტმფრენია ჩართული. როგორც ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განუცხადა, ერთმა ქართულმა ვერტმფრენმა მუშაობა შეწყვიტა, ვინაიდან მისი მუშაობის საჭიროება აღარ იყო.

მინისტრის თქმით, ერთი ქართულის, ერთი - აზერბაიჯანულისა და ორი თურქული ვერტმფრების მუშაობა საკმარისია იმისთვის, რომ ხეობაში ხანძრის ლოკალიზება მოხდეს.

რაც შეეხება ცოცხალ ძალას, ზურაბ ალავიძის თქმით, ხეობაში დაახლოებით 700-მდე ადამიანია მობილიზებული.

"ჯამში 700-მდე ადამიანი მუშაობს. აქედან დაახლოებით 600 შსს-ს სტრუქტურების წარმომადგენელია, დანარჩენი სხვადასხვა უწყებების თანამშრომელია, მათ შორის სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლები", - განაცხადა ალავიძემ.

რაც შეეხება გამოძიებას, რომელიც ბორჯომის ხეობაში ამ და ერთი თვის წინ გაჩენილ ხანძარზე დაიწყო, მინისტრის თქმით, ამაზე კომენტარს შსს გააკეთებს, ვინაიდან გამოძიება მიმდინარეობს და ჯერ არ დასრულებულა.

ზურაბ ალავიძე ასევე არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, აღმოჩენილია თუ არა ბორჯომის ხეობაში ნახანძრალ ტერიტორიაზე მოჭრილი ხეები.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით, კრიზისების მართვის საბჭო პროცესებს კოორდინაციას თბილისიდან უწევს. როგორც ზურაბ ალავიძემ აღნიშნა, ბორჯომის ხეობაში ძირითად სამუშაოებს შსს-ს აწარმოებს, თუმცა კრიზისების მართვის საბჭო ყველა პროცესში, მათ შორის ვერტმფრენებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში აქტიურად მონაწილეობდა.

"კრიზისების მართვის საბჭო ჩართულია პროცესში. ვერტმფრენების მოძიებასა და სხვადასხვა კომუნიკაციებში ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ. აქ ადგილზე, ასე ვთქვათ, ლიდერის როლი შსს-ს აქვს აღებული და ინფრასტრუქტურის კუთხით ჩვენ ყველაფერს კოორდინაციას ვუწევთ. კრიზისების მართვის საბჭო ამ საკითხებს კოორდინაციას თბილისიდან უწევს", - განაცხადა ალავიძემ.

myquiz