უნდა დათანხმდეთ თუ არა სადარბაზოს დეზინფექციას თანხის სანაცვლოდ? - აფიორა თუ კერძო ბიზნესი
კობა ნადირაძე თბილისის ერთ-ერთი მკვიდრია, რომელსაც საცხოვრებელ კორპუსში სადეზინფექციო სამუშაოების სანაცვლოდ, უცნობმა პირებმა თანხის გადახდა მოსთხოვეს. ასეთი შემთხვევა ბოლო ორი წლის განმავლობაში ორჯერ იყო. პირველ შემთხვევაში, კობა ნადირაძემ უცნობ პირებს, რომლებიც შპს "სადეზინფექციო სამსახური სუფთა სამყაროს" სახელით გაეცნენ, მომსახურებისთვის ორი ლარი გადაუხადა, ჩეკის მსგავსი დოკუმენტის ნახვის შემდეგ კი დაეჭვდა, რამდენად ლეგიტიმური იყო აღნიშნული პირების საქმიანობა.
მისივე თქმით, ჩეკზე კომპანიის დირექტორის, ვინმე თ. ხუნდაძის ხელმოწერა იყო.
"რამდენიმე დღის წინ კი სავარაუდოდ, სხვა პირები იყვნენ მოსულები, რომელთაც შემოთავაზებაზე უარი ვუთხარი. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ასეთი სამსახურების მიერ მოწოდებული სერვისის შეფასება არის შეუძლებელი. ეს პირები თავიანთი მომსახურების არა ამხანაგობებს ან მერიისთვის შეთავაზებას, არამედ ინდივიდუალურ პირებზე გაყიდვას ცდილობენ. რთულია გარკვევა, ვინ ან რა მექანიზმით უნდა გადაამოწმოს, რომელ შხამქიმიკატებს იყენებენ და ხომ არ არის იგი ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი. ამ შეთავაზებას ბევრი მეზობელი დათანხმდა, იღებს მსგავს მომსახურებას, რაც წლებია გრძელდება. მე სხვა უბნებში მცხოვრებლებსაც ვკითხე და როგორც ჩანს, სადარბაზოების დეზინფექციას ასეთი კომპანიები მათაც სთავაზობენ", - განმარტავს კობა ნადირაძე.
მსგავსი შეთავაზება რამდენიმე დღის წინ "სადეზინფექციო სამსახური სუფთა სამყაროს" სახელით კანდელაკის ქუჩაზე ერთ-ერთ კომერციულ ობიექტშიც განხორციელდა, რომლის მეპატრონეც იხსენებს, რომ ორმა პირმა 60 ლარის სანაცვლოდ მას სადეზინფექციო მომსახურება შესთავაზა, - "მითხრეს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აკრედიტაცია გვაქვს და თუ ჩვენს მომსახურებას არ მიიღებთ, შეგამოწმებენ და დაჯარიმდებითო. მე მომსახურებაზე არ დავთანხმდი და ვუთხარი, რომ მოვიფიქრებდი. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ იგივე შეთავაზებით მიმდებარე ობიექტებსაც მიმართეს, რომელთა მეპატრონეებსაც ეს პირები საეჭვოდ მოეჩვენათ", - განმარტავს ობიექტის მფლობელი.
Allnews.ge-მ შპს "სადეზინფექციო სამსახური სუფთა სამყაროს" შესახებ ინფორმაციის მოძიება სცადა. როგორც აღმოჩნდა, "სუფთა სამყაროს" სახელით საჯარო რეესტრში 24 კომპანიაა დარეგისტრირებული, თუმცა შპს "სადეზინფექციო სამსახური სუფთა სამყაროს" სახელით მხოლოდ ერთია, რომელსაც თამარ ხუნდაძე ხელმძღვანელობს. ჩვენ თავად თამარ ხუნდაძეს დავუკავშირდით, თუმცა, მან ჩვენს შეკითხვებს თავი აარიდა.
"არ ვიცი, ჩემი თანამშრომლები სად დადიოდნენ, ვერაფერს ვერ გეტყვით, თქვენთვის არ მცალია. უკვე დიდი ხანია, საქმიანობა შეწყვეტილი მაქვს, თუ ვინმე გამომიძახებს, თორემ ისე აღარ ვმუშაობ",- აღნიშნა ხუნდაძემ.
საგულისხმოა, რომ თამარ ხუნდაძე საჯარო რეესტრში კომპანიებს წლების განმავლობაში სხვადასხვა საიდენტიფიკაციო კოდით არეგისტრირებდა. მაგალითად, 2014 წელს დაარეგისტრირა შპს "სადეზინფექციო სამსახური სუფთა სამყარო", რომლის დირექტორიც თავად გახდა, ამავე წელს დარეგისტრირებული კომპანია შპს "ა91"-ს მეწილე იყო. ორი წლის შემდეგ კი თითქმის იგივე სახელწოდების კომპანიები ხუნდაძემ ხელახლა დაარეგისტრირა, "სადეზინფექციო სამსახური სუფთა სამყაროს" დირექტორი თავად გახდა, ხოლო "ბ91"-ს პარტნიორებთან ერთად მართავდა.
კიდევ ერთი კომპანია, რომელიც თბილისის მაცხოვრებლებს სადეზინფექციო სამუშაოებს სთავაზობს, შპს "გოგიშაა", რომლის მიერ გამოწერილი ქვითრის მსგავსი დოკუმენტი Allnews.ge-ს მიაწოდეს. საჯარო რეესტრის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, შპს "გოგიშა" 2016 წელს გიორგი გოგიაშვილმა დაარეგისტრირა. ამავე წყაროზე დაყრდნობით, "გოგიშა" მოქმედი შპს-ა. მასთან დაკავშირების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, რადგან შპს-ს მფლობელის ნომერი მიუწვდომელია.
სავარაუდოდ, მსგავსი საქმიანობით დედაქალაქში მხოლოდ ორი კომპანია არ არის დაკავებული, რადგან მოქალაქეები სოციალურ ქსელში პერიოდულად, შპს "სადეზინფექციო სერვისი+"-ის მიერ მიწოდებულ ჩეკებსაც აქვეყნებდნენ ხოლმე.
ასეთი მომსახურების შესახებ თბილისის მერიამ მოქალაქეებს წლებია აფრთხილებს.
ამასთანავე, მერიაში განმარტავენ, რომ ადამიანთა ეს ჯგუფები მათი თანამშრომლეიბი არ არიან, - "თბილისში პერმანენტულად აქტიურდებიან მოქალაქეთა ცალკეული ჯგუფები, რომლებიც, ვითომდა სადარბაზოების დეზინფექციის მიზნით, დედაქალაქის მცხოვრებლებს გარკვეული თანხის გადახდას სთხოვენ. გვინდა კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ეს ადამიანები არ არიან თბილისის მერიის თანამშრომლები და მოვუწოდებთ მოსახლეობას, არ გადაუხადონ თანხა უცხო პირებს გაურკვეველი მომსახურებისთვის",- ნათქვამია თბილისის მერიის 2017 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" განმარტავენ, რომ რთულია, ასეთ საქმიანობას სამართლებრივად, დანაშაულის კვალიფიკაცია მიენიჭოს, რადგან ჩამოთვლილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები მოქალაქეებზე პირდაპირ ზეწოლას ან თაღლითობას არ მიმართავენ, - "თუკი ეს ჯგუფები სამუშაოებს მართლა სადეზინფექციო საშუალებებით აკეთებენ და ამაში გარკვეულ თანხას იღებენ, მიუხდავად იმისა, რომ შესაძლოა, მერიის სახელს იყენებდნენ, აქ დანაშაულის ნიშნები სახეზე არ არის. თაღლითობას ადგილი იმ შემთხვევაში ექნება, თუ დეზინფექცია არ ჩატარდება ან ექსპერტიზა დაადგენს, რომ გამოყენებული ნივთიერებები, არა შესაბამისი ქიმიური საშუალებები, არამედ, მაგალითად, წყალია", - განმარტავს იურისტი რევაზ აჭარაძე.
საია-ს იურისტის თქმით, საქმეს სამართლებრივი კვალიფიკაცია იმ შემთხვევაში მიეცემა, თუ თბილისის მერია, აღნიშნული ჯგუფების წინააღმდეგ სარჩელს სასამართლოში სახელის გატეხისთვის შეიტანს, - "დავის დასრულების შემდეგ კი, შესაძლებელია, კომპანიას ზარალის ანაზღაურება ან ბოდიშის მოხდა დაეკისროს", - აღნიშნავს რევაზ აჭარაძე.
სადეზინფექციო სამუშაოების შეთავაზების ფაქტებზე Allnews.ge საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსაც დაუკავშირდა, რათა გაგვერკვია, მოწმდება თუ არა იმ ხსნარების უსაფრთხოება, რომლებსაც აღნიშნული შპს-ები სადეზინფექციო სამუშაოებისთვის იყენებენ. უწყებაში განმარტეს, რომ ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით, ინფორმაციას არ ფლობენ.
მოქალაქეებისთვის სახელმწიფო უწყებების სახელით სადეზინფექციო სერვისების შეთავაზების ფაქტებს არც შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს, - "ჩვენთან მსგავსი შეტყობინება შემოსული არ არის, ხოლო თუ დაფიქსირდება, რეაგირებას აუცილებლად მოვახდენთ,", - აღნიშნავენ სამინისტროში.
სავარაუდოა, რომ ჯგუფები, რომლებიც სადეზინფექციო სამუშაოების სანაცვლოდ, მოქალაქეებს თანხას სძალავენ, ქალაქში ახლაც მოქმედებენ, მათი შეჩერების ან გამოყენებული ნივთიერებების შემოწმების მექანიზმი კი სახელმწიფოს მხრიდან ჯერჯერობით არ არსებობს.
მარიამ მენაბდიშვილი