რატომ მიიღო მდინარე ლოჭინმა წითელი ფერი? | Allnews.Ge

რატომ მიიღო მდინარე ლოჭინმა წითელი ფერი?

გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარე მდინარე ლოჭინმა რამდენიმე დღის წინ წითელი შეფერილობა მიიღო, რის მიზეზადაც სპეციალისტები დაბინძურებას ასახელებენ.

ამაჟამად, მდინარე ჩვეულ ფერს დაუბრუნდა, თუმცა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარის, გულიკო ზუმბაძის თქმით, ეს ლოჭინის წყლის გაწმენდას არ უკავშირდება.

რამ გამოიწვია მდინარის გაწითლება? როგორც გულიკო ზუმბაძე ამბობს, ამის მიზეზი შესაძლოა ლილოს ნაგავსაყრელი იყოს.

მისივე თქმით, წინუბნის მოსახლეობა მდინარის დაბინძურებას განსაკუთრებულად განიცდის, რადგან ლოჭინის წყალს ისინი ხილისა და ბოსტნეულის მოსარწყავად იყენებენ.

"მდინარის გაწითლების მიზეზი, სავარაუდოდ, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ლილოს ნაგავსაყრელია, რომლის კონსერვაციაც და მონაკვეთზე გაზშემკრების დამონტაჟება ჯერ კიდევ არ მომხდარა. საფრთხე ძალიან დიდია, ამიტომ გარემოს დაცვის სამინისტრო ვალდებულია, მოსახლეობას შეატყობინოს, რომ სანამ ექსპერტიზის პასუხი ცნობილი არ გახდება, წყლით არ ისარგებლონ.

მდინარეში ბავშვებიც კი ცურავენ და თუ წყალი ნაგავსაყრელის დაბინძურებულია, აქ სპეციალური ნიშნები უნდა იყოს, რომლებიც მოქალაქეებს წყალში ჩასვლას აუკრძალავს. ჩვენ აქცენტს ნაგავსაყრელზე ვაკეთებთ, მართალია, ამაზე საუბარი არავის სიამოვნებს და ყველა თავს არიდებს, მაგრამ ფაქტია, რომ ის ეკოლოგიურ საფრთხეებს ქმნის და დროული რეაგირებაა საჭირო. მომხდარზე განგაშის ზარი ძალიან გვიან შემოვიდა, ახლა საფრთხეების პრევენცია უნდა მოხდეს," - განმარტავს გულიკო ზუმბაძე.

გარემოს ინტეგრირებული კონტროლისა და ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დიმიტრი ღლონტიც, ლოჭინის გაწითლებას ლილოს ნაგავსაყრელს უკავშირებს, - " სავარაუდოდ, დაბინძურებული წყალი ნაგავსაყრელიდან წამოვიდა. სინჯები აღებულია და დანარჩენზე ალბათ შესწავლა მიმდინარეობს. ამაზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ნაგავსაყრელის მფლობელს ეკისრება," - განმარტავს დიმიტრი ღლონტი.

ლილოს ნაგავსაყრელზე პასუხისმგებელი კომპანია "თბილსერვის ჯგუფია," რომელიც თბილისის მერიის დაკვეთით ქალაქში დასუფთავების სამუშაოებს ასრულებს. მდინარე ლოჭინის დაბინძურებასთან დაკავშირებით, "თბილსერვის ჯგუფში" კომენტარი არ გააკეთეს.

დაბინძურების მიზეზების შესახებ დასკვნას კი სამხარაული ექსპერტიზის ბიურო უახლოეს მომავალში დადებს.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz