ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქუჩები თბილისში | Allnews.Ge

ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქუჩები თბილისში

თბილისში განაშენიანება წლიდან წლამდე იმატებს, შედეგად, მცირდება მწვანე საფარი და ჯანსაღი ჰაერი, რაც სასიცოცოხლოდ მნიშვნელოვანია. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფარგლებში, ქალაქის ამგვარი დაგეგმარება შესაძლებელი აღარ იქნება, თუმცა, არასწორი ურბანული განვითარების შედეგად დედაქალაქის არაერთი უბანი, ექსპერტების შეფასებით, ეკოლოგიური და უსაფრთხოების პრობლემების წინაშეც დგას.

გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, არქიტექტორ მერაბ ბოლქვაძის განმარტებით, ინდივიდუალურ განაშენიანებაში მოქალაქეების რაოდენობა ჰექტარზე 50-70 უნდა იყოს, საშუალო ინტენსივობის 4-5 სართულიან განაშენიანებაში 120-150 ადამიანი, ხოლო მაღალი ინტენსივობის განაშენიანებაში ჰექტარზე 240-280 მცხოვრები, რაც თბილისის ზოგიერთ უბანში დარღვეულია.

ურბანისტ ლადო ვარდოსანიძისა და არქიტექტორ მერაბ ბოლქვაძის თქმით, ასეთი მდგომარეობაა სპორტის სასახლის უკან, ალექსიძის ქუჩაზე, ყიფშიძის ქუჩის ფრაგმენტზე, დოლიძე-ბალანჩივაძის ქუჩის ცალკეული მონაკვეთებში, სვანიძის ქუჩაზე, ზემო ვაკესა და ვერაზე, ხორავასა და ბარნოვის ქუჩებზე, სადაც გამწვანების კოეფიციენტები უკვე მინიმალურზეა დაყვანილი და ცხოვრებისთვის შეუსაბამო პირობებია.

"ასეთი განაშენიანება მოიცავს ეკოლოგიის, უსაფრთხოებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევას. საერთოდ, ჩვენთან ერთ ჰექტარზე 300 ადამიანზე მეტის ცხოვრება არ შეიძლება, სამწუხაროდ, ეს ზღვარი თბილისის ზოგიერთ უბანში დარღვეულია. გარდა ამისა, ამ დროს მოსახლეობის რაოდენობაზე საჭირო ბაღების, სკოლების, სპორტული მოედნების, გამწვანების და სხვა პრობლემებს იწვევს", - განმარტავს მერაბ ბოლქვაძე.

განაშენიანების ინტენსივობის ზრდასთან ერთად, ერთმანეთთან შენობების სიახლოვეც იზრდება, რაც სახლების განიავებასა და განათებას პრობლემებს უქმნის, - "რაღაც დროის განმავლობაში ბინაში მზე აუცილებლად უნდა აღწევდეს, რაც ამ შემთხვევაში დარღვეულია. როცა მოსახლეობის რაოდენობა გადაჭარბებულია და შენობები ერთმანეთთან ნორმატიულზე ახლოს 10-12 მეტრში დგას, ბუნერივია, იქ განათების კოეფიციენტები დარღვეულია. ასევე არ შეიძლება, რომ სამ, ოთხ და ხუთოთახიანი ბინა ცალმხირივი ორიენტაციით იყოს და არასრულფასოვნად ნიავდებოდეს", - დასძენს მერაბ ბოლქვაძე.

ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე მიიჩნევს, რომ გადაჭარბებული მშენებლობები უსაფრთხოების ისეთი ნორმების დარღვევასაც იწვევს, როგორიცაა ძლიერი ხანძრის დროს სასწრაფო და სახანძრო ჯგუფისთვის ტერიტორიის მიუდგომლობა.

"ასევე საფრთხის წინაშე ვდგებით მიწისძვრის დროსაც. როდესაც თბილისში ტერიტორიები ასე განაშენიანდა, არც შესაბამისი გეგმა მომზადდა და არც იმის შემოწმება მოხდა, რამდენად გამძლეა მასალა, რომელიც სამუშაოებისთვის გამოიყენეს", - აღნიშნავს ურბანისტი.

მიზეზი, თუ რატომ მოხდა ჩამოთვლილი ტერიტორიების მსგავსად განაშენიანება, მერაბ ბოლქვაძის თქმით, საცხოვრებელი ზონის შესაბამისი კოეფიციენტის "გაყიდვაა", რაშიც სახელმწიფო უწყებები იყვნენ ჩართულებით.

"მაგალითად, საცხოვრებელი ზონის კოეფიციენტად თუ დადგენილია 2,5, კონკრეტული ინვესტორი ამზდებდა ე.წ დასაბუთების პროექტს, რომლის მიხედვითაც ამ კოეფიციენტს 5,6 და 7-მდე ზრდიდა, რის შედეგადაც ცალკეულ მონაკვეთებზე არასწორი განაშენიანება ხდებოდა. ჩვენ გენგეგმაში გავითვალისწინეთ, რომ კოეფიციენტების გაყიდვა უნდა აიკრძალოს, რაც ძალაში აუცილებლად შევა. ასევე, იმ უბნებში, სადაც გადაჭარბებული მშენებლობები განხორციელდა, გენგეგმის ფარგლებში ღონისძიებები დავგეგმეთ, რომლებიც კონკრეტულ კვარტლებში ბაღების, მწვანე და სპორტული მოედნების მოწყობას გულისხმობს. ქალაქს უნდა ჰქონდეს იმის ბიუჯეტი, რომ ასეთი ტერიტორიები გამოისყიდოს", - აღნიშნავს მერაბ ბოლქვაძე.

დეველოპერული კომპანიები თუ ფიზიკური პირები სამშენებლო სამუშაოებს ქალაქში ახლაც აქტიურად ახორციელებენ. კერძოდ, 2017 წელს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა 131 მრავალბინიანი და 97 მრავალფუნქციური შენობის სამუშაოების დაწყების ნებართვა გასცა, ხოლო 2016 წელს უწყებამ 233 მრავალბინიანი და 129 მრავალფუნქციური ნაგებობის მშენებლობის ნებართვა, მათ შორის ვაკეში და საბურთალოზე.

რაც შეეხება მოსახლეობის სიმრავლეს, ამ მხრივ სამგორი ლიდერობს, რადგან აქ 168 801 მოქალაქე ცხოვრობს, მეორე პოზიციას გლდანი იკავებს, რომელსაც 164 229 მკვიდრი ჰყავს, მომდევნო კი ნაძალადევია, სადაც 161 088 მოქალაქე ცხოვრობს.

საბურთალოზე, სადაც სპეციალისტები არასწორ ურბანულ დაგეგმარებას განსაკუთრებით აკრიტიკებენ, 151 060 მოქალაქეა თავმოყრილი, ხოლო ვაკეში 113 215.

myquiz