გენგეგმის მიხედვით, თბილისში 8 ახალი ხიდის მშენებლობა იგეგმება | Allnews.Ge

გენგეგმის მიხედვით, თბილისში 8 ახალი ხიდის მშენებლობა იგეგმება

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, ქალაქის ცენტრისა და გარეუბნების დამაკავშირებელი 8 ახალი ხიდის მშენებლობა იგეგმება.

გენგეგმის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, მერაბ ბოლქვაძის განმარტებით, ხიდები მთელი ქალაქის მასშტაბით გადანაწილდება.

"ჩვენი ქალაქი განვითარებით გრძივია და მას აუცილებლად სჭირდება განივი კავშირები. კავშირები გარეუბნებს ქალაქის ცენტრთან ხიდებით დააკავშირებს, გარდა ამისა, ხელს შეუწყობს გზებზე მოძრაობის განმუხტვასა და გამონაბოლქვის შემცირებას. ხიდების მშენებლობისთვის ადგილმდებარეობები უკვე მონიშნული გვაქვს.

კერძოდ, დიღმის ჭალების არეალში რეკრეაციული საქალაქო პარკი ორივე ნაპირზე უნდა მოეწყოს და ხიდის პროექტი განხორციელდეს; ქსნის ქუჩაზე სანზონის არეალიდან მეორე გადმოსასვლელი უნდა გაკეთდეს; მესამეა სამტრედიის ქუჩა, შემდეგი გახლავთ "დირსი" ჭალის არეალი და რუსთავის გადმოსასვლელში თბილისთან ორი ხიდით დაკავშირება. ჯამში ეს არის 8 განივი კავშირი, რომლიდანაც პირველი ორი 5 წლის განმავლობაში განხორციელდება, დანარჩენები კი 5-10 და უფრო მეტი დროის ვადებში," - განუცხადა Allnews.ge-ს გენგეგმის ხემძღვანელმა.

აღსანიშნავია, რომ გენგეგმის განხილვა თბილისის მერიაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს, - "ასევე სამინისტროებიდან დარგობრივი მიმართულებებით წინადადებები მოგვდის. ამ პროექტთან დაკავშირებით, რამდენიმე სამინისტრომ მოგვწერა, რომ ძალიან დიდი მასალაა და პასუხს გარკვეული პერიოდის შემდეგ დაგვიბრუნებენ," - დასძენს პროექტის ერთ-ერთი ავტორი.

მერაბ ბოლქვაძე ასევე განმარტავს, რომ ქალაქის განვითარების პირობებში გათვალისწინებულია საფეხმავლო გზების მოწყობაც.

myquiz