60-ზე მეტი ბავშვი ერთ ჯგუფში - გადატვირთულობა საჯარო ბაგა-ბაღებში | Allnews.Ge

60-ზე მეტი ბავშვი ერთ ჯგუფში - გადატვირთულობა საჯარო ბაგა-ბაღებში

თბილისის საჯარო ბაგა ბაღებში გადატვირთულობის პრობლემაა. მშობლების ნაწილი ჩივის, რომ მათ ბავშვს 60-ზე მეტ აღსაზრდელთან ერთად უწევს ჯგუფში ყოფნა, რაც მათი მოსაზრებით, განათლების ხარისხზე აისახება. გარდა ამისა, მშობლები შიშობენ, რომ მათ შვილს სათანადო ყურადღება ვერ მიექცევა.

"დღეს მივიყვანე პირველად ჩემი შვილი საჯარო ბაღში. სამი წლისაა და მის ჯგუფში 60-ზე მეტი ბავშვია. არ ვიცი როგორ გაართმევს თავს მასწავლებელი და ძიძა ამდენი აღსაზრდელისთვის ყურადღების მიქცევას. იმედია ეს განათლების ხარისხზე არ აისახება, ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი საჯარო ბაღი უნდა გაიხსნას ამ პრობლემის გადასაჭრელად", - ამბობს 3 წლის ლუკას მშობელი Allnews.ge-სთან საუბრისას. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა თემურ თორდინავამ განუცხადა, წელს თბილისის საჯარო ბაგა–ბაღებში 60 ათას 500 ბავშვი მივიდა, რაც წინა წელთან შედარებით 1 500-ით მეტია.

თორდინავას თქმით, წინა წელთან შედარებით საჯარო ბაღებში ბავშვების რაოდენობა მომატებულია. სააგენტოს უფროსმა ჯგუფებში ბავშვების გადატვირთულობის პრობლემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იქ, სადაც გადატვირთულობის პრობლემა არსებობს, პერსონალს დაამატებენ.

"რა თქმა უნდა, რიგ ბაღებში ჩვენ ჯგუფების გადატვირთულობის პრობლემა გვაქვს. ზოგადად, ბაღებში აღსაზრდელების დასწრებადობის საშუალო მაჩვენებელი 65–70%–ია. ანუ, შეიძლება ჯგუფში რეგისტრირებული 40 ბავშვი იყოს, მაგრამ 65–70% დადიოდეს. მესმის, რომ ეს საკითხი პრობლემაა, მაგრამ აღნიშნულს ჩვენ ვპასუხობთ ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობით. ბოლო სამი წლის განმავლობაში თბილისში 12 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა და 100-ზე მეტი ჯგუფი გაიხსნა, რამაც 7 500 ბავშვის დამატებით მიღების შესაძლებლობა მოგვცა. ასევე, პარალელურ რეჟიმში 13 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მომავალი წლის სექტემბრამდე ეტაპობრივად ყველა ექსპლუატაციაში შევა", – განაცხადა თორდინავამ.

მისივე თქმით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად მათ 420 სპეცპედაგოგი, ფსიქოლოგი და ლოგოპედი გადაამზადეს, რომლებიც ერთიანი სტრატეგიითა და მეთოდოლოგიით იმუშვებენ. ასეთი პედაგოგები კი აუცილებელია, რათა განსაკუთრებული საჭიროების ბავშვებს მაქსიმალურად ადაპტირებული გარემო ჰქონდეთ.

კითხვაზე, თუ რამდენმა აღსაზრდელმა ვერ შეძლო წელს ბაღებში დარეგისტრირება, თორდინავამ განმარტა, რომ ეს ინფორმაცია საბავშვო ბაღებიდან სექტემბრის ბოლოს ოქტომბრის დასაწყისში ექნებათ.

"ინტერპრესნიუსს" რამდენიმე მშობელმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთ საბავშვო ბაღში ცალკეულ ჯგუფში აღსაზრდელების რაოდენობა 50-60-ს აჭარბებს.

myquiz