რუსთავში დღეს "რუსთავქალაქობას" აღინიშნავენ | Allnews.Ge

რუსთავში დღეს "რუსთავქალაქობას" აღინიშნავენ

16 სექტემბერს რუსთავში, "რუსთავქალაქობის" დღესასწაულს აღინიშნავენ. როგორც რუსთავის მერიაში განაცხადეს, საზეიმო ღონისძიებები 10:30 საათზე, რუსთავის მერიის სხდომათა დარბაზში, დამეგობრებული ქალაქების დელეგაციების ოფიციალური მიღებით დაიწყება, სადაც ქალაქ რუსთავსა და აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაითს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

სახალხო დღესასწაული 11:30 საათზე სპორტული მარათონით გაიხსნება. მარათონი სასტუმრო "რუსთავის" მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და კოსტავას გამზირზე დასრულდება. 12:00 საათზე კოსტავას გამზირზე, შადრევანთან, საზეიმო ტორტი გაიჭრება, რითაც სიმბოლურად გაიხსნება ახლად გარემონტებული კოსტავას გამზირი. კოსტავას გამზირზევე პანტომიმის თეატრის მსახიობების მონაწილეობით მოეწყობა "ვეფხისტყაოსნის" სცენების ამსახველი თეატრალიზებული პერფორმანსი. მოგვიანებით, საზეიმო ღონისძიებები ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკში გადაინაცვლებს, სადაც სახალხო ზეიმს, საბავშვო გასართობი შოუ-პროგრამები და კონცერტი გახსნის.

16:00 საათზე, კულტურისა და დასვენების პარკის ცენტრში განთავსებულ სცენაზე, საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, 17:00 საათზე კი რუსთავის საჯარო სკოლების კურსდამთავრებულებს ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, რუსთავის მერი დავით ჯიქია და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე დააჯილდოებენ.

20:00 საათზე ,"რუსთავქალაქობის" დღესასწაულის ფარგლებში, ჯგუფი "ფრანის" კონცერტი დაიწყება და 22:00 საათზე, საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.

ღონისძიებებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრებიან.

"რუსთავქალაქობის" დღესასწაული რუსთავში წელს მეჩვიდემეტედ აღინიშნება.

myquiz