რას ყვებიან მეზობლები ბიჭზე, რომელმაც "საქართველოს ბანკში" თავი მოიკლა | Allnews.Ge

რას ყვებიან მეზობლები ბიჭზე, რომელმაც "საქართველოს ბანკში" თავი მოიკლა

12 სექტემბერს, თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში იარაღის მუქარით 30 წლამდე ასაკის მამაკაცი შეიჭრა, რომელიც როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, არ დაემორჩილა პოლიციის მოწოდებას დანებებულიყო და ცეცხლსასროლი იარაღით თვითმხილველების თვალწინ მოიკლა თავი.

AMBEBI.GE-სთვის ცნობილი გახდა გარდაცვლილის ვინაობა და ახალი დეტალები მის შესახებ. მამაკაცი 1987 წელს დაბადებული ა.ბ-ა, რომელიც წარმოშობით ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან იყო და თბილისში ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ცხოვრობდა. სავარაუდოდ, ის სწორედ წერეთლის გამზირზე ცხოვრობდა ქირით.

როგორც გარდაცვლილის თანასოფლელები ამბობენ, სოფელში მხოლოდ ბიჭის დედა ცხოვრობს, მას მამა წლების წინ გარდაეცვალა, დაღუპულის ძმა კი სამუშაოდ საზღვარგარეთაა წასული.

AMBEBI.GE-სთან საუბარში თანასოფლელი აცხადებს, რომ ბანკის შენობაში მყოფმა ახალგაზრდამ, თვითმკვლელობამდე ბოლო ზარი დედასთან განახორციელა.

"დაურეკა დედას და უთხრა, ჩემ ძმას მიხედე, მე ასეთი ცხოვრება ავირჩიე, კარგად იყავითო. გაუთიშა ტელეფონი, მერე აქედან ურეკავდნენ და არავის აღარ აუღია იმის შემდეგ" , - ამბობს გარდაცვლილის მეზობელი.

მეზობლებს, გარდაცვლილის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, და ვერც იმის შესახებ საუბრობენ, საიდან შეიძლებოდა ჰქონოდა მას იარაღი, რომლითაც თავი მოიკლა. ახალგაზრდა მამაკაცს მეზობლები და ოჯახის ახლობლები დადებითად ახასიათებენ და იმასაც ამბობენ, რომ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

"ცოტა ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა... იქაც ტყუილად შევიდა, მე ეგრე მგონია. ბავშვობაში ვერ ჰქონდა ფსიქიკა კარგად, მკურნალობდა, მერე რა მოხდა არ ვიცი. სამუშაოდ წავიდა უცხოეთში, ვერ იმუშავა. მერე ჩამოვიდა და თბილისში წავიდა, და იქ რას აკეთებდა არც ის ვიცით", - ამბობს კიდევ ერთი მეზობელი.

ბანკზე თავდასხმისა და თვითმკვლელობის შესაძლო მოტივებზე მეზობლები ვერ საუბრობენ, თუმცა, გამორიცხავენ, რომ ახალგაზრდას ვალი ჰქონდა, ან აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული: "რა მოუვიდა არ ვიცი, არაფერი დაუშავებია. ავადმყოფი იყო ისედაც. ჩაკეტილი იყო, არ გამოდიოდა ხალხში, ბავშვობიდან გჰქონდა ეს პრობლემები. ეტყობა ავადმყოფობის ბრალი იყო. არავისთან ცუდი ურთიერთობა არ ჰქონია" - ამბობენ გარდაცვლილის თანასოფლელები.

"ჩვენ ბევრი არაფერი არ ვიცით, ძალიან წყნარი ოჯახი ჰქონდა, ძალიან კარგი ადამიანი იყო ეს ბიჭი. წარმოუდგენელი რამ მოხდა. ყაჩაღობა მაგ ოჯახისგან ძალიან შორსაა. ყველას გვაქვს ფინანსური პრობლემა, მაგრამ ამათ ეგრეც არ უჭირდათ. ძალიან მშრომელი ოჯახია, სულ მუშაობენ" - ყვებიან AMBEBI.GE-სთან საუბარში.

რაც შეეხება საქმის გამოძიებას, შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალებზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

წყარო: AMBEBI.GE

myquiz