ლიბიაში დაკავებულ თურქულ გემზე 3 ქართველი იმყოფება | Allnews.Ge

ლიბიაში დაკავებულ თურქულ გემზე 3 ქართველი იმყოფება

იბიაში, ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი თურქული გემის დაკავებული მეზღვაურებიდან სამი ქართველია. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა მამუკა ახალაძემ დაუდასტურა.

ახალაძის ინფორმაციით, გემზე ეკიპაჟის 11 წევრი იმყოფებოდა, საიდანაც სამი ქართველია, მათ შორის გემის კაპიტანიც.

"გემი 30 აგვისტოს დააკავეს ლიბიაში. ჩვენთვის ცნობილი ამ ინფორმაციის შესახებ გუშინ საღამოს გახდა ერთ-ერთი მეზღვაურის ოჯახის წევრისგან. ეკიპაჟის წევრები დაკავებულები არიან და წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მიმდინარეობს წინასასამართლო მოკვლევა. დაკავება, სავარაუდოდ, გემის ტვირთს უკავშირდება - არალეგალური ტვირთით არალეგალურ ნაოსნობას. თუმცა, დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს. ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტროც და მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება", - განაცხადა ახალაძემ.

მისივე ინფორმაციით, რაიმე სახის უარყოფითი ინფორმაცია დაკავებული მეზღვაურების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არ აქვთ.

"ახლა მიმდინარეობს პროცესი, ძალიან რთულია ლიბიაში რაიმეს გარკვევა და დაზუსტება, მაგრამ ყველა უწყება ჩართულია და საერთშაორისო დონეზე ვცდილობთ ინფორმაციის დაზუსტებას", _ განაცხადა ახალაძემ.

myquiz