14.09.2017 / 11:35
შრიფტის ზომა:

დარღვევა, რომელზეც ერთ თვეში 11 757 ჯარიმა დაიწერა

დარღვევა, რომლის გამოც მძღოლები ერთი თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 11 757-ჯერ დაჯარიმდნენ, არასწორ პარკირებას და დგომა-გაჩერების წესების დაუცველობას უკავშირდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1 ივლისიდან 1 აგვისტომდე საპატრულო პოლიციამ მძღოლები ყველაზე ხშირად ამკრძალავი ნიშნების "გაჩერება აკრძალულია" და "დგომა აკრძალულია" მოთხოვნების დაუცველობის, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების დაუცველობის გამო დააჯარიმა.

"ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ხელმძღვანელის, ეკა ლალიაშვილის თქმით, აღნიშნული წესების ყველაზე ხშირად დარღვევა მოსალოდნელი იყო, ვინაიდან პარკირების პრობლემა ხელისუფლებისთვის ისევ გამოწვევად რჩება:

"მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემის ამოქმედებამდე მიმდინარეობდა განხილვა, მიენიჭებინათ თუ არა პარკირების წესის დარღვევისთვის 5 ქულა, თუმცა საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ არ მიენიჭებინათ, რადგან მოლოდინი დიდი იყო, რომ ბევრი მძღოლი დაჯარიმდებოდა და შესაძლოა, ქულების ჩამოკლების შედეგად, ქულებიც ჩამორთმეოდათ. ჩვენმა ხელისუფლებამ იცის, რომ პარკირება პრობლემაა, ბუნებრივია, გამოსასწორებელია ინფრასტრუქტურის საკითხი და აქ მხოლოდ მძღოლს ვერ დავადანაშაულებთ.

ქალაქებს პარკირების ადგილებად ვერ გავხდით, უბრალოდ ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, როგორი ალტერნატივა შეიძლება შესთავაზოს მოსახლეობას, რომ ქალაქში პარკირებისთვის ამდენი ადგილი აღარ გახდეს საჭირო. ვფიქრობ, ეს გრძელვადიანი საკითხია და ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება. ეს არის სიგნალი, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს,” - განმარტა ეკა ლალიაშვილმა.

ტროტუარზე პარკირება ნაწილობრივ გაუქმდა

10 ყველაზე ხშირი დარღვევა, რომელთა გამოც მძღოლებს მართვის მოწმობაზე ქულები აკლდებათ

თბილისში ერთ საპარკინგე ადგილზე 15 ავტომობილი მოდის, სწორედ ამიტომ ტრანსპორტის დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ყველაზე მეტი დარღვევა არასწორ პარკირებას და დგომა-გაჩერებას ეხება.

"ეკო ტრანსპორტ ცენტრის" ხელმძღვანელის, ვასო ურუშაძის თქმით, ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ არამხოლოდ თბილისში, არამედ ბათუმში და ქუთაისშიც.

"ეს პრობლემა არის იმ ურბანულ ცენტრებში, სადაც ავტომობილების მოძრაობა არის გაზრდილი. მაგალითად, თბილისში გვაქვს ძალიან საგანგაშო სტატისტიკა, რადგან ერთ საპარკინგე ადგილზე მოდის 15 ავტომობილი, ანუ როცა ერთი მოქალაქე საკუთარ ავტომობილს წარმატებით გააჩერებს, დანარჩენი 14 ეძებს ალტერნატიულ ადგილს, ეს ადგილი კი სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში შეიძლება იყოს სადარბაზოს შესასვლელი, ტროტუარი, ზებრა გადასასვლელი, გზის სავალი ნაწილი. სწორედ აქედან გამომდინარეობს პრობლემაც.

ასე დაპარკინგებული ავტომობილები იწვევს მოძრაობის შეფერხებას, საცობების წარმოქმნას, საავარიო მდგომარეობის შექმნას, რასაც შემდეგ საპატრულო პოლიცია ებრძვის. ეს სტატისტიკაც მიუთითებს იმაზე, რომ პარკირება ქვეყანაში ძალიან დიდი პრობლემაა",- განმარტავს ვასო ურუშაძე.

შეგახსენებთ, აღნიშნული დარღვევის გამო მძღოლებს მართვის მოწმობაზე ქულები არ აკლდებათ.

 

მარიამ მენაბდიშვილი