ხანძრები საქართველოში - რა ვითარებაა კახეთში, აჭარასა და თუშეთში? | Allnews.Ge

ხანძრები საქართველოში - რა ვითარებაა კახეთში, აჭარასა და თუშეთში?

კახეთში, ართანას ტყეში ავიაციამ მუშაობა შეაჩერა. ერთი ქართული და ორი ირანული ვერტმფრენი რეგლამენტით გათვალისწინებულ ტექნიკურ შემოწმებას გადის.

კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, დაკვამლიანება გაიზარდა, თუმცა ახალი კერები არ წარმოქმნილა. როდის გაანახლებს ავიაცია მუშაობას ჯერჯერობით უცნობია. სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 500-მდე მეხანძრე-მაშველი აგრძელებს მუშაობას.

რაც შეეხება თუშეთს, ხახაბოს ტყეში გაჩენილი ხანძრის საბოლოო ლოკალიზება შესაძლოა დღეს მოხდეს, რის შემდეგაც სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყება.

ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა განაცხადა. ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

სტიქიის ეპიცენტრში ისევ რჩება 200-მდე მეხანძრე-მაშველი. ამასთან, თუშეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის, ლადო კახოიძის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, ხახაბოს ტყეში 25-მდე ჰა ფართობია დამწვარი.

ხულოში, შავნაბადას მთაზე კი სახანძრო-სამაშველო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო შტაბმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მერაბ მალანიას ხელმძღვანელობით მუშაობა დილის 8-ის ნახევრიდან განაახლა. დღის ბოლომდე იგეგმება ხანძრის კერების სრული ლიკვიდაცია.

დილის 6 საათიდან ცოცხალი ძალა რამდენიმე მიმართულებით გაიშალა. სრულად ლოკალიზებულია ცეცხლის ყველა კერა და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. სამუშაოებში ჩართულია 500-მდე მეხანძრე-მაშველი. ასევე, სამუშაოებს აწარმოებს მძიმე ტექნიკა. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზების დაქსელვა და მიწის ნიადაგის დამუშავება. დილიდან მუშაობს 2 ვერტმფრენი.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, 3-4 დღის განმავლობაში მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდება ხანძრის სრული პერიმეტრის დამუშავება.