რა ჯდება და რამდენად შესაძლებელია საქართველოში ავტომობილის დაკარგული გასაღების დამზადება? | Allnews.Ge

რა ჯდება და რამდენად შესაძლებელია საქართველოში ავტომობილის დაკარგული გასაღების დამზადება?

თამთას და მის მეუღლეს ქობულეთში შვებულება მას შემდეგ ჩაეშალათ, რაც აღმოაჩინეს, რომ ავტომობილის გასაღები დაკარგეს. მის მეუღლეს დაავიწყდა, რომ შორტის ჯიბეში გასაღები ედო და ზღვაში შევიდა, შესაბამისად, მისი პოვნა ვეღარ მოახერხეს. პრობლემები სწორედ აქედან დაიწყო, – " ავტომობილი დაკეტილი იყო, შიგნით კი საჭირო ნივთები და ფული გვქონდა დატოვებული. გასაღების გარეშე კარსაც ვერ ვაღებდით. ბევრი ძებნის შემდეგ გაირკვა, რომ ქობულეთში არ არსებობს ხელოსანი, რომელიც ადგილზე მოვიდიდა და ავტომობილის კარს გააღებდა, მით უმეტეს შეუძლებელია ისეთი სპეციალისტის პოვნა, რომელიც გასაღებს გამოჩარხავს და მანქანას თავიდან დააპროგრამებს. სწორედ ამიტომ, ავტომობილი ევაკუატორით ბათუმში გადავიყვანეთ, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. გასაღების ხელოსანი კი ვერც იქ ვიშოვეთ", – ამბობს თამთა.

როგორც აღმოვაჩინეთ თამთა პირველი და ერთდაერთი არ ყოფილა, ვისაც მსგავსი რამ შეემთხვევა. თუ ავტომობილის გასაღებს დაკარგავთ, საეჭვოა, რეგიონებში გასაღების გამომჩარხველი სპეციალისტი იპოვნოთ, თბილისში კი ამაში რამდენიმე კომპანია და ხელოსანი დაგეხმარებათ. თუმცა, ეს საკმაოდ ძვირი ჯდება.

ყველაზე იაფი 2006 წლამდე გამოსული ავტომობილების უჩიპო გასაღების დუბლირებაა, რასაც მაგალითად, ხელოსანი დათო კოპალეიშვილი 10 ლარიდან უზრუნველყოფს. ჩიპიანის კი დაახლოებით 150 ლარიდან. ფასები ავტომობილის გამოშვების წლისა და მოდელის მიხედვით იზრდება.

"არსებობს ავტომობილის მოდელები, რომელთა გასაღებსაც კონკრეტული ბრენდის ცენტრის გარდა, ვერსად გააკეთებენ. გასაღების დაკარგვის შემთხვევაში უნდა მოიხსნას საკეტი, გაიღოს ავტომობილი და გასაღები შემდეგ უნდა გაიჭრას. ეს მომსახურება დაახლოებით 80 ლარიდან იწყება. გარდა ამისა, ავტომობილის გაღება–დაკეტვის ფუნქციის დაყენებისთვის თანხა 30 ლარიდან ზემოთ ემატება," – განმარტავს დათო კოპალეიშვილი.

გასაღების დუბლირებასა და აღდგენას კომპანიებში უფრო ძვირად აკეთებენ. მაგალითად, უჩიპო გასაღების დამზადება 50 ლარიდან იწყება, ჩიპიანის კი დაახლოებით 100 ლარიდან, – "მაგალითად, 2007 წელს გამოშვებული Toyota Camry-ს გასაღების აღდგენა 100 ლარი ღირს, ხოლო თუ უფრო ძვირად ღირებული ავტომობილის გასაღების დამზადება გსურთ, მაგალითად, 2012 წლის Chevrolet-ის, მაშინ 300–400 უნდა გადაიხადოთ. თანხაში როგორც ავტომობილის ძრავის ამუშავების ფუნქცია, ისე დაკეტვა–გაღების ღილაკის დამატებაც შედის,"– განმარტავენ ერთ-ერთ კომპანიაში.

მათი თქმით, ზოგიერთი ავტომობილის გასაღების დამზადების ღირებულება 500 ლარსაც აღწევს, – "მაგალითად, 2014 წლის BMW X5-ის გასაღების დამზადება დაახლოებით 500 ლარამდეც ჯდება. გარდა ამისა, არის გასაღების ტიპები, რომელთა ერთეულებიც მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს, რასაც ის ცხადია, ძვირად გაყიდის, შესაბამისად, ახალი გასაღების გაკეთება ძვირი დაგიჯდებათ," – აღნიშნავს კომპანიის სპეციალისტი.

გასაღების ხელოსნები ასევე აღნიშნავენ, რომ პრობლემით ბევრი მოქალაქე მიმართავთ, რისი მიზეზიც, შესაძლოა, ცოტა სპეციალისტის არსებობა იყოს. მათივე თქმით, დაახლოებით 50 პროცენტით იაფი ჯდება გასაღების დუბლირება მის დამზადებასთან შედარებით, ამიტომაც სპეციალისტები გვირჩევენ, რომ გასაღების ასლი დავამზადოთ, თუ არ გვაქვს და თავი დავიზღვიოთ, რათა დაკარგვის შემთხვევაში პრობლემები ავიცილოთ თავიდან.

myquiz