ძლიერი წვიმის შედეგები საქართველოს რეგიონებში | Allnews.Ge

ძლიერი წვიმის შედეგები საქართველოს რეგიონებში

ძლიერმა წვიმამ, მესტიის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულებში შიდა სასოფლო გზები, ხიდები და საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა.

აჭარაში, შავი ზღვის სანაპიროზე 5-ბალიანი შტორმია

"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, უხვმა ნალექმა მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში, ღელეს ადიდება გამოიწვია, რამაც სოფელ ჭოლასა და მუჟალის ადმინისტრაციულ ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზა დააზიანა. ადიდებულმა ღელემ ასევე დროებით შეაფერხა საგზაო მოძრაობა, მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის ტერიტორიულ ერთეულში.

მესტიის გამგებლის, კახა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში კი უხვი ნალექის გამო, მეწყერი ჩამოწვა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

აღნიშნულის გამო სოფელში საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდულია. როგორც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, უამინდობასთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

რაც შეეხება ღვარცოფულ მოვლენებს, ძლიერი წვიმების შედეგად, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონემ მოიმატა, თუმცა ღვარცოფული მოვლენები არ დაფიქსირებულა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდროპროგნოზების განყოფილების უფროსის ქეთევან წიკლაურის განცხადებით, გუშინდელთან შედარებით პატარა მდინარეებზე წყლის დონე მომატებულია, თუმცა ეს დაბალი წყლიანობის ფონზე ხდება და დღეს ღვარცოფული შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

"ზაფხულში საქართველოს ყველა მდინარეზე წყლის დონე დაბალი იყო. წვიმის გამო დასავლეთ საქართველოს მდინარეებში გუშინდელთან შედარებით წყლის დონემ მოიმატა, მაგრამ ეს ყველაფერი დაბალი წყლიანობის ფონზე მოხდა. საგანგაშო არსად არაფერი არ დაფიქსირებულა. ხვალიდან კი ამინდი შეიცვლება და გამოიდარებს", - განაცხადა ქეთევან წიკლაურმა.

სინოპტიკოსები დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ძლიერ ნალექს პროგნოზირებდნენ, რის შედეგადაც ცალკეულ რაიონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები იყო მოსალოდნელი.