საჯარო უწყებებში სტაჟირების პროგრამა იწყება - რას სთავაზობს სახელმწიფო ახალგაზრდებს? | Allnews.Ge

საჯარო უწყებებში სტაჟირების პროგრამა იწყება - რას სთავაზობს სახელმწიფო ახალგაზრდებს?

თუ საჯარო სექტორში დასაქმების პერსპექტივას ეძებთ, სტაჟირების პროგრამებს უნდა გაეცნოთ. სახელმწიფო ამის საშუალებას გაძლევთ, თუმცა, მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება.

კერძოდ, 30 ოქტომბრიდან სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის განხორციელება იწყება, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელიც სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი ან სწავლობს სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%); აგრეთვე სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა და საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი.

სტაჟირება საქართველოში - იცავს თუ არა კანონი სტაჟიორის უფლებას

სწავლისა და დასაქმების განსაკუთრებული შესაძლებლობა სტუდენტებისთვის

რისი უფლება არ აქვს საჯარო სექტორში დასაქმებულს?

საჯარო სამსახურის ბიუროს ინფორმაციით, თუ ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ, 30 სექტემბრის ჩათვლით, უნდა მიმართოთ უნივერსიტეტს და განაცხადოთ წერილობითი თანხმობა სტაჟირებაში მონაწილეობის მისაღებად, – " ვებგვერდზე რეგისტრაცია დაიწყება 2017 წლის 30 ოქტომბერს. ამის შემდეგ კონკრეტულ უწყებაში გაივლიან გასაუბრებას და დაიწყებენ სტაჟირებას," – აღნიშნავენ ბიუროში.

მათივე ინფორმაციით, სტაჟირება აუცილებლად დასაქმებას არ ითვალისწინებს, თუმცა ასეთი შემთხვევები არის ხოლმე ორგანიზაციის საჭიროებიდან გამომდინარე, – "თუ ორგანიზაცია სტაჟიორით დაინტერესდა, შესაძლებელია დასაქმებაც," – განმარტავენ ბიუროში.

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობს თითქმის ყველა საჯარო დაწესებულება, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. ეს გამონაკლისებია საქართველოს საერთო სასამართლოები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, საქართველოს პროკურატურა, აღსრულების ეროვნული ბიურო, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური, დაზვერვის სამსახური, დაცვის სპეციალური სამსახური, სამხედრო, დიპლომატიური და ფინანსური მონიტორინგის სამსახური, ასევე პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის სისტემის ორგანოები, ასევე არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო და თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბი და სახმელეთო ჯარები.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უწყებებში ახალგაზრდების სტაჟირების პროგრამა 6 თვეს გასტანს. იურისტ ლია მუხაშავრიას თქმით, სტაჟირების შეთანხმება, კომპანიაში მუშაობის მსურველ პირსა და თავად ორგანიზაციას შორის ხდება, შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობასთან 6-თვიანი ვადაც შესაბამისობაში მოდის.

"სტაჟირებასთან დაკავშირებით კანონით მკაცრად განსაზღვრული ვადები არ გვაქვს, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში. ამ შემთხვევაში, სტაჟირების ვადებთან დაკავშირებით ხელშეკრულებას თვითონ უნივერსიტეტები დებენ, რომელიც შემდეგ სრულდება. კანონში, ერთადერთი ადვოკატთა შესახებ გვაქვს რეგულაცია, რომლის მიხედვითაც პირს ერთწლიანი სტაჟირება უნდა ჰქონდეს გავლილი, რომ გამოცდაჩაბარებული ადვოკატი ასოციაციის წევრი გახდეს," – განმარტავს ის.

იურისტის თქმით, სტაჟირების პროგრამა სამართლებრივად გამართულია, – "სტაჟირების ბოლოს უწყებები სტუდენტებს უწერენ დასკვნას, თუ როგორ მუშაობდნენ ისინი და რა უნარები შეიძინეს. ეს სტუდენტებისთვის კარგია ასეთი სტაჟირების პროგრამა, რადგან ბევრ რამეს, რასაც სტუდენტი უნივერსიტეტში ვერ სწავლობს, მისი ათვისება შეუძლია სტაჟირების პერიოდში," – დასძენს ლია მუხაშავრია.

შეგახსენებთ, რომ სტაჟირება ანაზღაურებადი არ არის.

 

 

myquiz