რა იწვევს 1 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობას საქართველოში? | Allnews.Ge

რა იწვევს 1 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობას საქართველოში?

2016 წელს საქართველოში 507 ერთ წლამდე ბავშვი დაიღუპა, იგივე მაჩვენებელი იყო 2015 წელსაც. ასეთია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემები.

რა იწვევს ერთ წლამდე ბავშვების გარდაცვალებას საქართველოში და რამდენად შესაძლებელია, მსგავსი შემთხვევების პრევენცია?

ჯანდაცვის ექსპერტის, ირაკლი სასანიას თქმით, თუ საქართველოში არსებულ მონაცემებს მეზობელ ქვეყნებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ ბავშვთა სიკვდილობის მაჩვენებელი ჩვენთან შედარებით დაბალია, – "მაგალითად, აზერბაიჯანში ყოველ 1 000 ბავშვზე სიკვდილობის მაჩვენებელი 24–ია, როცა ჩვენთან ეს მონაცემი 15,6–ია. მიუხედავად ასეთი სხვაობისა, ჩვენ სწორება არა რეგიონზე, არამედ განვითარებულ ქვეყნებზე უნდა გავაკეთოთ. მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებზე, იაპონიაზე, სინგაპურზე, სადაც სიკვდილობა 1 000 ახალშობილზე ძალიან მცირე - 2,6 და 2,1–ია," – განმარტავს ირაკლი სასანია.

მისივე თქმით, სამწუხარო ფაქტია, რომ დაავადებების უმეტესობა, რომლებიც მცირეწლოვნებში ლეტალურ შედეგს იწვევს, დროულად აღმოჩენისა და მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელია აღმოიფხვრას.

ბავშვთა სიკვდილიანობა საქართველოში

სახიფათოა თუ არა ორსულობის დროს სპორტული აქტივობა

"შესაძლებელია, მათი პრევენციაც მოხდეს, მაგალითად, ორსულების მიერ ჰიგიენის სწორად დაცვით, შესაბამისი კვებით, სამედიცინო შემოწმებით. დაავადებები, შესაძლოა, როგორც შეძენილი, ისე გენეტიკური იყოს. გენეტიკურის შემთხვევაშიც საჭიროა, მათი გართულების თავიდან აცილების მიზნით მკურნალობა. დაავადებების პრევენციისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნიზაცია, რომელიც ახლა თითქმის ყველასთვის ხელმისაწვდომია. ასევე მნიშვნელოვანია მშობლებისა და სამედიცინო პერსონალის განათლება და მაღალი კვალიფიკაცია, რაც განაპირობებს სწორ მიდგომასა და შესაბამისად, ბავშვთა სიკვდილობის შემცირებასაც. მიმაჩნია, რომ ჩვენ ამ მხრივ პოზიტიური შედეგები გვაქვს, ამჟამად, სტატისტიკა საგანგაშო არ არის, თუმცა სამუშაო არამხოლოდ სახელმწიფოს, არამედ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ჯერ კიდევ ძალიან ბევრია," – აღნიშნავს ირაკლი სასანია.

საქსტატის ინფორმაციით, 1 წლამდე ბავშვებში 2016 წელს ყველაზე გავრცელებული საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობები (58,6 ათასი შემთხვევა) და ყურისა და დვრილისებრი მორჩის დაავადებები იყო. ირაკლი სასანიას თქმით, ეს დაავადებები, უმეტეს შემთხვევაში, შესაძლოა, ლეტალური შედეგის გამომწვევი არ გახდეს, თუ რეაგირებას დროულად მოვახდენთ.

პედიატრის, ინგა მამუჩიშვილის თქმით, კი ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში განსაკუთრებით გახშირდა ალერგიული, კუჭ-ნაწლავის და ნერვული სისტემის პრობლემები, რომლებიც ძირითადად, კანზე გამონაყარით ვლინდება.

"ეს შეიძლება იყოს ლოყებზე, კორპუსზე, თავის თმიან ნაწილში ქერქის სახით, ბავშვი წუხს, რადგან ვერ იქავებს და ეს სერიოზული დისკომფორტია. ამ ასაკში ხშირია რაქიტული გამოვლინებებიც, რომლის მიზეზსაც ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტი წარმოადგენს. ხშირად ვხვდები შემთხვევებს, როდესაც კალციუმს პირველი 3 თვის განმავლობაში აძლევენ ბავშვს და შემდეგ წყვეტენ, რაც დაუშვებელია. რაქიტის საწყისი პერიოდის დროს ბავშვს აღენიშნებს ოფლიანობა, მჟავე სუნით, კეფაზე თმის გაცვენა (ალოპეცია) ძვლების გარბილება, აგზნება და უძილობა ყველა ამ კონკრეტულ შეთხვევაში მიმართეთ თქვენს მკურალ ექიმს.

რაც შეეხება კუჭ–ნაწლავის პრობლემებს, 10 დან 7 შემთხვევაში ძირითადი ჩივილია ყაბზობა, რაც ძირითადად, ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვების პრობლემაა. მსოფლიო მედიცინა ამის ძირითად მიზეზად მიიჩნევს ავშვთა კვებაში პალმის ზეთის შემცველობას, რომელიც ძალიან დაბალი ხარისხის იაფი ზეთია და საკვების წარმოებაში აქტიურად იყენებენ. ეს ზეთი კალციუმის გამოდევნას და ნაწლავის დაბინძურებას უწყობს ხელს, რაც ადუნებს პერესტალტიკას, ამიტომ როდესაც ბავშვის ხელოვნურ საკვებს ირჩევთ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რომ ის არ შეიცავდეს პალმისა და რაფისის ზეთს. ასევე, შვიდ თვემდე ასაკის ბავშვებს ნუ მისცემთ გლუტენის ფაფებს, სამაგიეროდ, მიეცით ხილი და ბოსტნეული," – განმარტავს ექიმი.

იმისათვის, რომ ბავშვი გავაჯანსაღოთ, პედიატრი მისთვის მსუბუქი ვარჯიშების გაკეთებასაც გვირჩევს.

"ავარჯიშეთ, თქვენ თვითონ გაუკეთეთ მუცლის არეში მსუბუქი მასაჟი, საათის ისრის მიმართულებით. თუ საჭმლის მომნელებელი სისტემა ასე არ მოწესრიგდა, მიმართეთ ექიმს. დღეს მიიჩნევა, რომ თუ ბავშვს ნაწლავთა მოქმედება არ აქვს 5 დღემდე, თუმცა მას ეს არ აწუხებს, ჩარევა საჭირო არ არის. მიუხედავად ამისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ 3 თვემდე ბავშვებს ახასიათებთ კოლიკა და მუცლის ჭვალი, რისთვისაც უნდა მისცეთ გაზმდენი, ჩასვათ თბილ წყალში, შეუცვალოთ ხელში ჭერის პოზა," – განმარტავს ინგა მამუჩიშვილი.

მისივე თქმით, ძალიან გახშირდა უძილობა ბავშვებში, – "21–ე საუკუნის ბავშვები უკვე მუცლადყოფნის პერიოდიდან განიცდიან ფსიქო-ემოციური სტრესების ზემოქმედებას, ამიტომ მას თბილი გარემო უნდა შეუქმნათ და თავად მოიწესრიგოთ ძილ–ღვიძილის ფაზები.

ინგა მამუჩიშვილის განმარტებით, გართულება ნებისმიერ დაავადებას შეიძლება მოჰყვეს, ამიტომ ნებისმიერ მათგანს განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება.

რომელი დაავადებების გამოვლენაა შესაძლებელი სისხლის საერთო ანალიზით

დაავადებები, რომლებსაც საქართველოში მწერები ავრცელებენ

"მაგალითად, ცრუ კრუპის შემთხვევაში, გვაქვს ჩასუნთქვის გაძნელება, რაც შეიძლება როგორც ვირუსული, ისე ალერგიული იყოს. ამ დროს ბავშვი სასწრაფოდ საჭიროებს დახმარების აღმოჩენას. თუ ბავშვს დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქცია განუვითარდა, შეშუპება დაიწყო, რომელმაც შეიძლება ლორწოვანებზეც გადაინაცვლოს, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რადაგან შემთხვევა შეიძლება საშიში გახდეს," – დასძენს ექიმი.

პედიატრის თქმით, ასევე აუცილებელია, შემოდგომა–ზამთრის პერიოდში ერთ წლამდე ბავშვი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს მოვარიდოთ. გარდა ამისა, მას გაკაჟებაში უნდა შევუწყოთ ხელი, გავასეირნოთ სუფთა ჰაერზე და ზედმეტად ბევრი თბილის ტანსაცმელი არ ჩავაცვათ.

myquiz