მეუფე დიმიტრი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე, მეუფე პეტრესა და შორენა თეთრუაშვილზე
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი ე.წ. ციანიდის საქმეში მსჯავრდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულებას აპირებს. ამის შესახებ მეუფემ გუშინდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. თუ როდის აპირებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლას, მეუფე დიმიტრის არ დაუკონკრეტებია.
"ვაპირებ შევხვდე, რადგან წლებია ჩვენ ურთიერთობა გვაქვს. მისმა ამ ქმედებებმა გარკვეულწილად დააზიანა ეს ურთიერთობები, თუმცა ჩვენი უმთავრესი მოწოდებაა, რომ ადამიანი უნდა შეიწყნარო და იყოს სინანულში. მამა გიორგის ჯერჯერობით ამის განცდა არ აქვს, მაგრამ ალბათ გაუჩნდება", - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.
მისივე თქმით, დეკანოზმა ციხიდან მას ორი წერილი მისწერა:
"მამა გიორგისგან ციხიდან მივიღე ორი წერილი. ორივე წერილში ის განიცდის ერთ გარემოებას და მწერს, რომ ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რადგან ხშირად საქმის კურსში არ გაყენებდით იმ რაღაც საკითხებში, რომელსაც მე ვთვლიდი, რომ მე უნდა გადამეწყვიტა, ან ვფიქრობდი, რომ ამით გაწუხებდითო და სხვა. სასამართლოზეც მითხრა, რომ ჩემთან შეუთანხმებლად არაფერს არ აკეთებდა.
ამ წერილში მწერს, რომ თქვენ ხართ ადამიანობისა და ღირსების ეტალონიო. მე ვუთხარი, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეტალონებს ასე არ ექცევიან. როდესაც ის აცხადებს, რომ მას შორენა თეთრუაშვილი უკვეთავდა გველის შხამს თუ ციანიდს, და თუ ის ჩემთან ყველაფერს ათანხმებდა, რატომ არ მითხარით, რომ შორენა თეთრუაშვილი ასეთ რაღაცას უკვეთავდა?", - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.
ბათუმისა და ლაზეთის მიტრიპოლიტი სასამართლოს მიერ დეკანოზის საქმეზე გამოტანილ განაჩენს ეხმაურება. მეუფე დიმიტრი ე.წ. ციანიდის საქმეში მსჯავრდებული დეკანოზის დაცვის მხარეს არასათანადო მომზადებაში ადანაშაულებს. როგორც მეუფე დიმიტრიმ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არასათანადო მომზადება დაცვის მხარეს სასამართლო პროცესზე, მისი დაკითხვისას შეამჩნია.
"მე მოვინახულე სასამართლოზე. ვიყავი მოწმე, აქედან გამომდინარე თავს ვიკავებდი შეფასებებისგან, რადგან ამის უფლება არ მქონდა. სასამართლოს წინაშე როდესაც წარვსდექი და დამკითხეს მოწმის სახით, ცოტა გაკვირვება გამოიწვია დაცვის მხარის არასათანადოდ მომზადებამ", - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.
მისივე თქმით, დეკანოზის დაცვის მხარესთან შეხვედრას თავი ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებებიდან გამომდინარე აარიდა.
"ისინი დიდი ხნის მანძილზე ლამობდნენ ჩემთან შეხვედრას, რასაც შეგნებულად თავს ვარიდებდი, რადგან მოვისმინე მიხეილ რამიშვილის უცნაური განცხადება. მას ეკითხებიან, რომ მეუფე პეტრემ ურჩია დეკანოზ მამალაძეს, რომ შორენაზე დაედო ხელი? უცნაური პასუხი გასცა ბატონმა რამიშვილმა: მე ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებო", - აღნიშნა მეუფე დიმიტრიმ.
ბათუმისა და ლაზეთის მიტრიპოლიტმა მეუფე პეტრეზეც ისაუბრა. მისი თქმით, მეუფე პეტრეს ძალიან საინტერესო როლი აქვს, რადგან მისი "დამსახურებაა" უამრავი წინააღმდეგობაა ამ საქმეში.
მეუფე დიმიტრის თქმით, სწორედ მეუფე პეტრე ამბობდა, რომ ციანიდი დეკანოზს ხან ხატისთვის სჭირდებოდა, ხან რისთვის და ხან რისთვის. მისივე თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის უკრაინაში მსახურების დროს მეუფე პეტრე დიასპორის წარმომადგენლებს აფრთხილებდა, რომ თავი შეეკავებინათ დეკანოზთან ურთიერთობისგან და ამ ფონზე გასაკვირია, დღეს ასე თავგამოდებით რატომ იცავს.
"მეუფე პეტრე მამა გიორგის ისე თავგამოდებით იცავდა და იცავს და არაფერი არ არის გასაკვირი ამაში, მან ალბათ უფრო დეტალურად იცის და მის დანაშაულში ალბათ ეჭვი არ ეპარება, მაგრამ ჩემთვის არის მეტად საინტერესო და საკვირველი ერთი რამ - 5, 6 წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მამა გიორგი მსახურობდა უკრაინაში, მეუფე პეტრე შეხვდა უკრაინაში, დონეცკის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს და კატეგორიულად გააფრთხილა, რომ თავი შეეკავებინათ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ურთიერთობისგან.
მე და მეუფე პეტრე ვმეგობრობდით და ჩემთვის იყო გასაკვირი, რომ ის ჩამოვიდა უკრაინიდან და არაფერი მითხრა ამის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ხნის შემდეგ მამა გიორგი დაბრუნდა ჩვენს ეპარქიაში.
თუ უკრაინის დიასპორა გააფრთხილა, მეუფე პეტრეს ჩემთვისაც ხომ შეეძლო ეთქვა რაიმე. თუ მაშინ იყო მამა გიორგი საზოგადოებისთვის საშიში, როგორც ამას მეუფე პეტრე ამბობდა, დღეს რატომ შეიქმნა გმირი, ვერაფრით ვხვდები, ეს წინაუკმობა ჩემთვის გაუგებარია", - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.
მისივე თქმით, მეუფე პეტრეს განცხადებებმა შორენა თეთრუაშვილის მძლეთამძლეობაზე, პროკურატურის წისქვილზე დაასხა წყალი.
როგორც მეუფე დიმიტრიმ გუშინ გამართულ პრესკონფერენიაზე განაცხადა, სასამართლოზე დაკითხვის დროს იყო ერთგვარი ზეწოლა, რომ შორენა თეთრუაშვილის მიმართ შექმნილიყო "ეკლესიაში მისი მძლეთამძლეობის შთაბეჭდილება".
"სასამართლოზე დაკითხვის პერიოდში არაპირდაპირი მნიშვნელობით, იყო ერთგვარი მოთხოვნა, რბილად რომ ვთქვათ ზეწოლა იმისა, რომ შექმნილიყო ერთგვარი მოტივაცია ქალბატონ შორენა თეთრუაშვილის მძლეთამძლეობაზე, რომ ის გარკვეულწილად წყვეტს ეკლესიაში საკითხებს, მას შეუძლია შეაჩეროს ადამიანის წინსვლა ან საერთოდ დააბრკოლოს და სხვა, რაზეც მე მათ განვუცხადე, რომ ეს შეურაცხყოფაა ეკლესიის, ეს შეურაცხყოფაა პატრიარქის, იმიტომ, რომ ეკლესიას მართავს სინოდი საეკლესიო დებულებით "პატრიარქისა თანაი". ასეა წესდებაში და იყო შემთხვევები წმინდა სინოდის სხდომების დროს, როცა მის უწმინდესობას ჰქონდა სურვილი, რომ ვინმეს კანდიდატს ასახელებდა მღვდელმთავრად, თუმცა ეს ვერ განხორციელებულა სინოდის წინააღმდეგობის გამო",- აღნიშნა მეუფე დიმიტრიმ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო და თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯა.